სოციალურ ქსელში ორი ომის ვეტერანის, 49 წლის ვალერის წერილი ვრცელდება. მისი თქმით, პატარა ბიჭი იყო, როცა აფხაზეთში წავიდა, 2008 წელის ომის დროსაც ვერ გაჩერდა სახლში და მოხალისედ ჩაეწერა.

გამარჯობა საქართველო! მე ვალერი ვარ, 49 წლის. ერთი ჩვეულებრივი კაცი ვარ. არაფრით გამორჩეული. უცნაური ცხოვრება მაქვს გამოვლილი, რომელზეც ძალიან ცოტას ვლაპარაკობ ხოლმე. არაფერი ჰქონია ჩემს განვლილ წლებს განსაკუთრებული გარდა ერთისა: 2 ომის ვეტერანი ვარ. პატარა ბიჭი ვიყავი, როცა აფხაზეთში წავედი და 2008 წელსაც ვერ გავჩერდი სახლში და მოხალისედ ჩავეწერე. ვეტერანი ვარ! ხო 2 ომის ვეტერანი. მეცინება ზოგჯერ ამ სიტყვას რომ ვამბობ. სოფელში ვცხოვრობ და გლეხი კაცი ვარ. 2008ში მხარში მომხვდა სნაიპერის ტყვია. ბევრი იწვალეს ექიმებმა და მხარი კი შემინარჩუნეს, მაგრამ საშინელი ტკივილი მაქვს ხოლმე მას შემდეგ სულ. 3 დღის წინ ჩვენი რაიონის დეპუტატის მამა მოვიდა ჩემთან და მითხრა: ვალერი, ჩემი ბიჭი სტუმრებს ელოდება თბილისიდან. სუფრა მაქვს დიდი, არ უნდა შევრცხვე და მომეხმარე თუ ძმა ხარ ეს დღეებიო. მივედი მეც მისახმარებლად. დიდი სამზადისი იყო და რაც შემეძლო გავაკეთე. შეშა დავჩეხე, პრავიზია მოვატანინე და რავიცი. ჩამოვიდნენ სტუმრები. დიდი პურმარილი იყო გაშლილი. წამოსვლა დავაპირე სახლში. ირაკლი(ჩვენი დეპუტატი) მოვიდა და მითხრა: ვალერი, აუცილებლად დარჩი სუფრაზე და ჩემთან ერთად იყავიო. იმ დღეს ვეტერანის პენსია ჩამერიცხა, 22 ლარი. წავედი მე, გამოვიცვალე და ამ პენსიით სიგარეტი ვიყიდე, რომ სხვისთვის არ მეთხოვა მთელი დღე. დიდი ხალხი იყო ჩამოსული. პარლამენტარები, მინისტრის მოადგილეები, გუბერნატორი და ვიღაცეები კიდევ, რა ვიცი. სვამდნენ, ჭამდნენ, მღეროდნენ და ქეიფობდნენ. თამადაც პარლამენტარი იყო. ადგა და ომში დაღუპული გმირების სადღეგრძელო თქვა. ისეთი სიტყვები იყო, გულში გაატარებდა. -ომის ვეტერანი გვიზის აგერ გრიგორიჩ-თქვა ჩვენმა დეპუტატმა და ჩემკენ გამოიშვირა ხელი. -ვახ შენ გენაცვალე მაგარო კაცო!-გამომხედა თამადამ
-სად იბრძოდი?
-შენ რომ ევროპაში წახვედი ომის დღეებში, მაშინ ცხინვალში წავიდა ეს, მანამ კიდე აფხაზეთში იბრძოდა-სიცილით უთხრა ირაკლიმ.
-რა ვქნა ძმაო, მე არავინ წამიყვანდა საომრად! ყველა ხო არ წავიდოდა იქ?-ხარხარით უპასუხა თამადამ.
-ცოტა მეტი დაფასება კი ჭირდება ამ ხალხს-ჩაილაპარაკა ჩვენმა მეზობელმა როლანდიმ. -მართალი ხარ ბატონო. ვმუშაობთ, ვმუშაობთ. ჯერ ჩვენს ქვეყანას არ შეუძლია ომის ვეტერნებს მეტი ყურადღება დაუთმოს, მაგრამ აუცილებლად მივალთ იმ დონემდე, რომ ამ ხალხს ღირსეული პირობები ჰქონდეთ. -თქვა ერთ-ერთმა პარლამენტარმა. წამოვიდა ჩემკენ და ამოიღო ტელეფონი. სურათი მინდა შენთანო და გადაიღო. არ მიყვარს სხვისი ფულის და ნივთების თვლა, მაგრამ ერთს ვიტყვი. ჩემი 20 წლის პენსია რაც არის, ზუსტად იმდენი ღირდა ის ტელეფონი. არ მითქვამს არაფერი. მალე ავდექი და წამოვედი. არც ახლა ვამბობ არაფერს. ომში ჩემი სამშობლოს დასაცავად ვიყავი მე წასული და არა, პენსიისთვის. ჩემი მტკივანი ბეჭით ვიმუშავებ კიდე ფიზიკურად ბევრს და გავიტან თავს როგორმე. მაგრამ მომკალი და არ მჯერა, რომ ეს ჩინოვნიკები სადღეგრძელოს მერე წუთით მაინც ფიქრობენ იმაზე, 22 ლარი როგორ შეიძლება ეყოს ადამიანს ცხოვრებისთვის. ბოდიში საქართველო ამ სიტყვებისთვის. არ იფიქრო, რომ წამოგაძახე ჩემი ომის მონაწილეობა. თუ საჭირო გახდა და შევძელი, წუთი არ დავფიქრდები და ისევ ავიღებ იარაღს ხელში. იმ 22 ლარით ვიყიდი სიგარეტს და იმ სიგარეტით წავალ საომრად! ჩემთვის შენი თავისუფლებაა მთავარი და არა ის, თუ რამდენი მექნება მე პენსია, ან ხელფასს რამდენს აიღებენ ამ სადღეგრძელოებისთვის. გამაგრდი საქართველო! გამაგრდი და არასოდეს დათმო ის, რისთვისაც მე ბეჭი მომწყვიტა რუსის ტყვიამ! არასოდეს დათმო თავისუფლება საქართველო!

Leave a Reply