რუბრიკა

თქვენი სათქმელი

არჩილ გამზარდია

ორიენტაციის გამოხატვის უფლებაზე თუ უუფლებობაზე:
კონტრაქციონისტები ამბობენ, ლგბტ თემი პროპაგანდირებს, ჩვენ არაო. ასე არაა, მაგალითად, მეც და სხვაც ბევრი მუდმივად ვპროპაგანდირებთ, რა ბედნიერებაა ოჯახი, მეუღლე, შვილები. პირადად, მე, სულ ამის პროპაგანდაში ვარ და კიდეც “ვახვევ” ჩემს აზრებს სხვებს, მოვუწოდებ კიდეც ერთგვარად.
რაც შეეხება, ლგბტ ორგანიზაციების თვითგამოხატვას, რატომ ჩვენ არ ვატარებთ მსვლელობას, ისინიც არ უნდა აკეთებდნენო. არც ესაა მართალი. არსებობს ე.წ. ოჯახის სიწმინდის დაცვის დღე, ტარდება მსვლელობები. ჩატარებულა ოჯახის კონგრესი (ზუსტი სახელი არ მახსოვს) და ა.შ.
კიდევ ერთი არგუმენტი, ეს არის “გარყვნილების”, “ცოდვის” “ლეგალიზაცია”. გარდა იმისა, რომ მორწმუნეობა იძულება არ არის და თავისუფალი ნებაა, შესაბამისად, ცხოვრების წესის განსაზღვრაც და ცხადია, დემოკრატიულ სახელმწიფოში შეუძლებელია კონსტიტუციად აქციო სარწმუნოებრივი ფასეულობები, რადგან, ვიმეორებ რომ ეს ნება და არჩევანია, რწმენით ცხოვრება, ამასაც რომ თავი დავანებოთ, მომაკვდინებელი ცოდვების რიგში დგას არაერთი სხვაც (ე.წ. მამათმავლობის გარდა), მაშინ რას ვაკეთებთ? ვდევნით ყველას? ინკვიზიციას ვუწყობთ? – ცხადია, არა.
კიდევ ერთი, არგუმენტად დასმული კითხვაა – მოგწონს ეს? – ნებისმიერი რამის (პოლიტიკური პოზიციების, ეკონომიკური პლატფორმის, ცხოვრების წესის, ორიენტაციის) არ მოწონების უფლება აქვს ადამიანს და ბუნებრივია ეს. ყველაფერს თუ დევნას დავუწყებთ, რაც არ მოგვწონს, ცხადია, მძიმე მდგომარეობაში ჩავვარდებით. წარმოიდგინეთ, ლიბერტალიანელი როგორ ვერ იტანს მემარცხენეს ან თეოკრატი რესპუბლიკელს, თითოეულ მათგანს მეორე ამორალურადაც ეჩვენება, უზნეოდაც. თუმცა, ყველა მათგანს აქვს უფლება არსებობდეს და საკუთარ შეხედულებას გამოხატავდეს.
სახელმწიფოს ვალდებულებაა, ერთი მხრივ, თავისუფლება მისცეს თითოეულ მათგანს და მეორე მხრივ, ერთგვარად შეზღუდოს თითოეული იმ ნაწილში, რომ სხვა არ დევნოს.
ამიტომ ვცნობთ ჩვენ რელიგიების მრავალგვარობასაც, პოლიტიკური პლატფორმების მრავალფეროვნებასაც, ცხოვრების წესის ლეგალური უფლების მრავალმხრივობასაც. სახელმწიფო რომელიც ამ ყველაფერს არ ცნობდა, იყო საბჭოთა კავშირი. მას ჰქონდა ერთი პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემა, რელიგიას დევნიდა და რელიგიად საკუთარ იდეოლოგიას ქადაგებდა და ეს იყო სულ.
პირადად, მე, თავი მიმაჩნია კონსერვატორად, ჰეტეროსექსუალ, ოჯახზე, რწმენაზე, მიწის სიყვარულზე დამოკიდებულ პირად, რომელიც ვარ ერთგული მეუღლე, ვცდილობ ვიყო მზრუნველი მამა, ვზრდი შვილებს რეალურ, მოაზროვნე, ცნობიერ მართლმადიდებლებად, მიყვარს ჩემი მიწა. ეს არის ის რაც ჩემი მოცემულობაცაა, არჩევანიც და სწრაფვაც. ამის პარალელურად კი ვცდილობ თანაბარ პატივს ვცემდე და თანაბრად ვცნობდე მათაც, ვისაც სხვა ან მოცემულობა, ან არჩევანი ან სწრაფვა აქვს.
სულ ეს მინდოდა მეთქვა იმ ყველაფერზე, რაზეც ლამის სამოქალაქო ომი და ინკვიზიცია მოვუწყოთ ერთმანეთს.

Leave a Reply