დღეს საკანონმდებლო ორგანოში შს მინისტრს მოუსმენენ, სწორედ ამიტომ 18 ივლისს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს. საქართველოს პარლამენტი განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ  აღნიშნული ღონისძიების მიზანია შესაძლო პროვოკაციების პრევენცია.

„18 ივლისს, „საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის N259/3 ბრძანებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი, გარდა მედიის წარმომადგენლებისა, რომელთა დაშვება ჩვეულ რეჟიმში განხორციელდება წინასწარ შეთანხმებული გადამღები ჯგუფების რაოდენობისა და საშვების საფუძველზე.

აღნიშნული ღონისძიების მიზანია შესაძლო პროვოკაციების პრევენცია და საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის სამუშაო პირობების უზრუნველყოფა“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

Leave a Reply