პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის ასარჩევად წარმოდგენილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 22 ივლისს ხელახლა ეყრებათ კენჭი.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარმოდგენილია გიორგი კალანდარიშვილის და გიორგი სანტურიანის კანდიდატურები.

კომისიის წევრობის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილნი არიან გია ცაცაშვილისა და ლელა ტალიურის, ხოლო მეორე ვაკანტურ თანამდებობაზე – თამარ სართანიასა და მაია ზარიძის კანდიდატურები.

მათი ხუთი წლის ვადით დასამტკიცებლად საჭიროა 100 ხმა, რომელთა მოგროვებაც პირველი მცდელობისას ვერ მოხერხდა. ამჯერად კი კანდიდატების ასარჩევად 90 დეპუტატის თანხმობაც საკმარისია.

პროცედურის მიხედვით, პარლამენტს უფლება აქვს, საკითხს კენჭი ოთხჯერ უყაროს. კიდევ ერთი ჩავარდნის შემთხვევაში, უკვე სიითი უმრავლესობით აირჩევენ, თუმცა არა ხუთი წლის, არამედ ექვსი თვის ვადით. შემდეგ კი შერჩევის პროცესი თავიდან დაიწყება.

Leave a Reply