ლეილა აბაშიძე დაიბადა 1929 წლის 1 აგვისტოს თბილისში. ობოლმა, ღარიბმა გოგონამ სრულიად უპატრონოდ, მხოლოდ ბუნებით დაჯილდოვებული მსახიობური ნიჭით გაიკვლია გზა კინემატოგრაფის დიდ სამყაროში და შექმნა განუმეორებელი როლები.

ლეილა აბაშიძე პირველად ეკრანზე გამოჩნდა 1941 წლის ფილმში “ქაჯანა”, სადაც ის კატოს როლს ასრულებდა და პარტნიორობას უწევდა ნატო ვაჩნაძეს. იმ დროისათვის მომავალი დიდი კინოვარსკვლავი მხოლოდ რვა წლის იყო.

ლეილა აბაშიძე:

“ვიყავი 8 წლის, ქართული არ ვიცოდი, რადგან დაწყებითი განათლება რუსეთში მქონდა მიღებული და ახალი ჩამოსული ვიყავი საქართველოში ციმბირიდან. ჩემი მამიდა სიხარულით მეუბნებოდა, რომ გაზეთში განცხადება ნახა – ფილმისათვის ჭირდებოდათ ცელქი, ანცი გოგონა და მაგ დროს მეც ძალიან ცელქი ბავშვი ვიყავი, ჩემთვის არც უკითხავთ თუ მსურდა გადაღება, მაგრამ აზრიც არ ჰქონდა, რადგან მე ფილმი ნანახი არ მქონდა, რა იყო კინო საერთოდ არ ვიცოდი. მიმიყვანეს სინჯებზე უშნოდ გაკრეჭილი, ჩაუცმელი, სასაცილო ბავშვი. შევედი ოთახში და როცა დავინახე ოციოდე გოგონა ერთმანეთზე უკეთესი კულულებით, ბაფთებით, ვიგრძენი, რომ ზედმეტი ვიყავი და სადღაც კედელთან გავჩერდი, ვიცოდი რომ არ გამოვდგებოდი ამ საქმეში. მოვიდა ასისტენტი და მითხრა: გოგონა თქვენ თავისუფალი ხართ, წაბრძანდითო. ძველ სტუდიაში ერთი რკინის რიკულებიანი კიბეა, იმას მოვაჯექი ბიჭურად და ბზრიალით დავეშვი ზემოდან, ვღიღინებ რაღაცას და დავეჯახე ვიღაც კაცს. მას გაუკვირდა და მკითხა:
–გოგონა საიდან მოდიხარო? მე ვუპასუხე ზემოდანთქო.
–იქ რა გინდოდაო? ვუთხარი, რომ კინოში გადაღება მინდოდა, მაგრამ არ მოვეწონე და წამოვედი,
–ძალიან გინდა კინოში თამაშიო? ვუპასუხე ძალიან,ძალიანთქო! და ეტყობა იმდენი სურვილი ჩავაყოლე ამ ორ სიტყვაში, რომ მას გაეცინა, მომკიდა ხელი, მითხრა ჩემთან წამოდიო და თურმე ეს გახლდათ თავად ფილმის დამდგმელი რეჟისორი კონსტანტინე პიპინაშვილი. შემეკითხა:
–და ან ძმა გყავსო? მე ვუთხარი, რომ ორი ძმა მყავდა
–ძალიან ცუდი ამბავი უნდა გითხრა, შენი ძმა დამუნჯდაო,
–რომელი? – ვიკითხე მე, თურმე ისეთი ტრაგიკული ხმით,
უფროსიო – მამიდამ უკარნახა და მე წავიშინე თავში ხელი, ვეღარ გამაჩერეს, ვტიროდი, ცრემლები ღაპა–ღუპით მომდიოდა, ბოლოს და ბოლოს დამაწყნარეს და თურმე ეს იყო სინჯები, ასე დამამტკიცეს როლზე”.

ლეილას გაბადრული ღიმილი, უსაზღვრო მომხიბვლელობა, სასიამოვნო გარეგნობა ეკრანიდან დარბაზში გადადიოდა და მომნუსხველად მოქმედებდა მაყურებლებზე. მისი მხოლოდ ერთი, უსიტყვო გამოხედვა, მზერა ყოფნიდა, რომ ეთქვა სათქმელი. ასეთი რამ კი მხოლოდ ნიჭიერ მსახიობებს სჩვევიათ.

2009 წლის 8 მარტს თბილისში, კინოთეატრ “რუსთაველის” წინ ლეილა აბაშიძის ვარსკვლავი გაიხსნა.

ქართული კინოს ლეგენდა 2018 წლის 8 აპრილს გარდაიცვალა.

Leave a Reply