ლეიბორისტული პარტიის წალენჯიხის რაიონის სიის პირველმა ნომერმა, ბიზნესმენმა მანანა მიქავამ “ქართული ოცნების” თავმჯდომარის სახლთან აქცია გამართა.

ის ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას და ზუგდიდში, ნიკოლაძის ქუჩაზე მდებარე სადაო ნაკვეთის შესახებ განმარტებების მიღებას ითხოვდა. მიქავას მტკიცებით, მას სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორმა, ილია ჯალაღანიამ უთხრა, რომ აღნიშნული ტერიტორიით ივანიშვილია დაინტერესებული. მისივე თქმით, სწორედ ამიტომ სურდა მას მმართველი პარტიის თავმჯდომარესთან შეხვედრა და მისგან სიმართლის გაგება.

“არავინ შეგვხვედრია, ივანიშვილის სახლის წინ ვიყავით და გავაკეთეთ განცხადებები. პროკურორის, ილია ჯალაღანის ნათქვამის გარკვევა მინდოდა. მე მას მაშინაც დავპირდი, რომ ამას მოვიკითხავდი და კიდევაც იცით, რომ მოვდიოდი ფეხით, მაგრამ ვერ მოვახერხე ჯანმრთელობის გამო. ვითხოვ მოაშორონ კრიმინალები ზუგდიდს, ასევე თუ ეს ტყუილია, პასუხი მოეთხოვოს ილია ჯალაღანიას”, – ამბობს მიქავა.

მისივე ინფორმაციით, დღეს თავის იურისტთან ერთად საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მისვლას და გენერალური ინსპექციის წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავს.

“გენპროკურატურაში დიდი ხანია შესულია ჩვენი საჩივარი. მე ვიკითხებოდი 4 საათის განმავლობაში. მოგეხსენებათ, მივიღეთ შეტყობინება, რომ ის ორწლიანი გამოძიება, ილია ჯალაღანიამ, რომ ვითომ დახურა და გამოიძია, დასრულდა. ამიტომ გადავწყვიტეთ დამატებითი დეტალების შესახებ გენინსპექციას მივაწოდოთ ინფორმაცია. კიდევ ერთხელ მოვითხოვოთ სასწრაფო წესით გამოიძინონ დანაშაული”, – უთხრა რადიო “ათინათს” მიქავას ადვოკატმა ნანა ფირცხელევამ.

ბიზნესმენი ზუგდიდში დაბრუნების შემდეგ პერმანენტულ აქციებს აანონსებს. მიქავამ რამდენიმე კვირის წინ ზუგდიდის მერიის შენობაში საპროტესტო აქცია გამართა და იმ საბუთების წარდგენა მოითხოვა, რომლის მიხედვითაც მას სადაო მიწის ნაკვეთი ჩამოერთვა. ის ამბობს, რომ დოკუმენტაცია გაყალბებულია და მერიამ აღნიშნული ტერიტორია უსამართლოდ დაიკანონა. ის ამტკიცებს, რომ მიწის ნაკვეთის ნაწილი მერიას გარიგების საფუძველზე დაუთმო, მაგრამ ის მოატყუეს და ტერიტორია სრულად მიისაკუთრეს. მანანა მიქავა ზუგდიდის ცენტრში, მდინარე ჩხოუშის ნაპირთან მდებარე 9 ათას კვადრატულ მეტრამდე ფართობზე, წლებია დავობს. მას ტერიტორია წინა ხელისუფლების დროს იჯარით 150 000 დოლარად გადაეცა. მიქავას 4 მილიონიანი ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა და აკვაპარკი უნდა აეშენებინა, თუმცა ვალდებულებები გარკვეული მიზეზების გამო ვერ შეასრულა და ხელშეკრულება გაუუქმეს.

აღნიშნული გადაწყვეტილება მიქავამ გაასაჩივრა, რის შემდეგაც ორივე ინსტანციის სასამართლომ, ბიზნესმენის საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და საკრებულოს დაავალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემა. მოგვიანებით, მერიამ მას ორთვიანი ვადა მისცა, თუმცა ბიზნესმენმა ვალდებულებები ისევ ვერ შეასრულა.

საბოლოოდ, ტერიტორია ზუგდიდის მერიის ბალანსზე რჩება, რის გამოც მანანა მიქავა აქციებს პერიოდულად მართავს. აღნიშნულ ნაკვეთთან დაკავშირებით ედავება გამოძიება ქრთამის აღებას ზუგდიდის ყოფილ მერსა და მის მოადგილეს.

Leave a Reply