გიორგი გახარია: როდესაც საპარლამენტო არჩევნები დამთავრდა,  პარლამენტის წინაშე ტრიბუნაზე ვიდექი და ვამბობდი რომ 2024 წელს ჩვენ ჩავატარებთ ამ რეფორმებს და გავაკეთებთ განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე. ეს ახლა წარმოგიდგენიათ? 8 თვეზე მეტი არ გასულა. ჩვენი ინსტიტუციონალური სისუსტის პირობებში 3 თვეა საკმარისია იმისთვის, რომ ქვეყანა შემოატრიალო 180 გრადუსით. სამწუხაროდ, დღეს ეს ხდება
პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ და თბილისის მერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ დღევანდელი ბრიფინგის შემდგომ პალიტრანიუსის ეთერშიც ისაუბრა.
,,სუს-ს აქვს გარკვეული დავალებები, რომლებიც მან კანონიერად უნდა შეასრულოს. პირველი მსგავსი პრობლემები და სკანდალები რომ აგორდა, ამის გამო შეიქმნა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და იქ სერიოზული რეფორმები გატარდა. ამის შემდგომ ცალკეული შემთხვევები რა თქმა უნდა იყო, არჩევნების დროსაც ხდებოდა ცალკეული შემთხვევები, ასეთი მიყურადების შემთხვევებიც – მაგრამ თუ მსგავსი რამე ხდებოდა ეს ხდებოდა ნათელი და ჩვენ ამაზე რეაგირებები ყოველთვის გვქონდა“- ამბობს გახარია.
გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ თუ ადრე საარჩევნო პროცესში მოქალაქეზე ზეწოლას ერთეული ხასიათი ჰქონდა და ამას რეაგირება მოჰყვებოდა – დღეს სახელმწიფო აპარატი გაცხადებულად და მიზანმიმართულად არის მომართული მოქალაქეებზე ზეწოლაზე, რომ სხვებისთვის სამაგალითო გახადოს მოქალაქეების დაშინება.
„შეგიძლიათ აიღოთ ბოლო 2 – 3 არჩევნები, რომელზეც ვიყავი პასუხისმგებელი ან როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, ან როგორც პრემიერ-მინისტრი და აიღოთ მსგავს შემთხვევებზე – ზეწოლებზე, ძალადობაზე, მიყურადებაზე აღძრული სისხლის სამართლის საქმეების რაოდენობა. ნახავთ, რომ ყველა კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც მომართვა იყო, ჩვენ  გამოძიებას ვიწყებდით. დღეს, სხვაობა იცით რაშია? – დღეს სახელმწიფო ამას – პოლიტიკური მიზნით ზეწოლას, ძალადობას ღიად და სამაგალითოდ აკეთებს იმისთვის, რომ სხვა მოქალაქეებს შეეშინდეთ, რომ სხვამ ვერ გაბედოს – ეს არის პრობლემა. ამაში არის პრინციპული და სისტემური სხვაობა. დღევანდელი ნარატივი, რომ რიგგარეშე არჩევნები მაინც არ იქნება, კიდევ 3 წელი ჩვენ ვიქნებით ხელისუფლებაში, სად მიდიხართ არ გეშინიათ? – აი ეს ნარატივი ფარავს ნებისმიერ დონეს:  სოფლის დონეს, მასწავლებლების დონეს, ბიზნესის დონეს, საჯარო მოხელეების დონეს, მუნიციპალურ დონეს. ასეთი არასოდეს არ ყოფილა. რა თქმა უნდა, სახელმწიფო ინსტიტუტების პოლიტიკური მიზნით გამოყენება სამწუხაროდ, 2012 წლამდეც და მერეც იყო  ჩვენი სამართალდამცავი სისტემის და საჯარო სექტორის სენი, მაგრამ მთელი არსი იმაში მდგომარეობს –  2012 წლის შემდგომ ჩვენი დაპირება იყო, რომ ეს უნდა დასრულებულიყო და პროცესი აქეთ მიდიოდა, მაგრამ საბოლოო ჯამში დღეს ეს ყველაფერი შემობრუნდა.“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.
პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა იმ განსხვავებას, რაც ქვეყნის მდგომარეობაში გაჩნდა დღევანდელ და 8 თვის წინ წინანდელ რეალობას შორის.
„ჩვენ გარდამავალი ქვეყანა ვართ, გარდამავალი დემოკრატიით, გარდამავალი ეკონომიკით, რომელსაც მუდმივად, ყოველდღიურად სჭირდება სტრუქტურული რეფორმები. საქართველოში თუ სტრუქტურულ რეფორმებს არ გაატარებ – 3 თვის განმავლობაში, უკუსვლა დაგეწყება. მარტივ მაგალითს გეტყვით –  სულ ახლახანს, როდესაც  საპარლამენტო არჩევნები დამთავრდა,  პარლამენტის წინაშე ტრიბუნაზე ვიდექი და ვამბობდი, რომ 2024 წელს ჩვენ ჩავატარებთ ამ რეფორმებს და გავაკეთებთ განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე. ეს ახლა წარმოგიდგენიათ? –  8 თვე გავიდა – მეტი არ გასულა. პრიორიტეტებში, რაც მაშინ ჩამოვთვალე პირველი იყო ანტიკორუფციული სააგენტო, დეოკუპაციის სტრატეგია, ევროინტეგრაციის ცალკე სამსახურის შექმნა და კიდევ ბევრი სტრუქტურული რეფორმა. დღეს ეს აქტუალურია? ჩვენი ინსტიტუციონალური სისუსტის პირობებში 3 თვეა საკმარისია იმისთვის, რომ ქვეყანა შემოატრიალო 180 გრადუსით. სამწუხაროდ, დღეს ეს ხდება.“- განაცხადა გიორგი გახარიამ

Leave a Reply