გიორგი გახარია აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე გიორგი გახარიამ პარტიის პროგრამული ხედვით გათვალისწინებულ მიმართულებებზე ისაუბრა. განსაკუთრებული ყურადღება მან დეოკუპაციის სტრატეგიის შემუშავების საკითხზე გაამახვილა.
შევედრას ესწრებოდა ოთარ ფანცულაიაც, რომელმაც მისი აზრი გაგვიზიარა.

-გ.გახარიას მიერ ორგანიზებულ დევნილ საზოგადოებასთან შეხვედრაზე მეც გახლდით მოწვეული. კითხვის დასმის შესაძლებლობაც მომეცა. ჩემი კითხვის შინაარსი წმინდად მსოფლმხედველობითი იყო და ეხებოდა მეცნიერი ახალგაზრდების ინტელექტისა და შემოქმედებითი თავისუფლების შიდაპარტიულ მოწყობას.
დისკუსიის მთავარი თემა გახლდათ დეოკუპაცია და რუსული დილემა.
ბატონი გ.გახარიას პოზიცია პროაქტიულ და სამშვიდობო პოლიტიკას გულისხმობს. “თუ თავად არ ვიაქტიურებთ, სხვა როგორ დავარწმუნოთ, რომ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება გვინდა?” – ამბობს ის და დიალოგის აუცილებლობას უსვამს ხაზს. “რუსეთის მიერ წართმეულს სხვა ვერ დაგვიბრუნებს, ამიტომ მას უნდა ველაპარაკოთ”.
ზოგადად, როგორც კონფლიქტოლოგი, კონფლიქტების მოგვარების მხოლოდ ორ გზას ვიცნობ: 1.მოლაპარაკება, 2.ომი. ომით რუსეთს ვერ ვერევით, ამიტომ ინტელექტუალური რესურსით უნდა გავიდეთ ფონს, მაგრამ რეალურად ჩრდილოეთ დათვთან თანასწორის რანგში მომლაპარაკებელი პოლიტიკოსი (თუ დიპლომატი) ჯერჯერობით არ გვყავს. ან გვყავს, მაგრამ ჩრდილშია. ამასთან არც გეოპოლიტიკური და არც ეკონომიკური ზურგი არ გვიწყობს ხელს. უფრო მეტიც – არ გვაქვს კონფლუქტის მართვის კონცეპტუალური და პრაგმატული სტრატეგია.
ძლიერ სახელმწიფოდ რომ ვიქცეთ, ამისათვის არაერთი ფუნდამენტური რეფორმის გატარება მოგვიწევს, რასაც თავის მხრივ სისტემურ, ინსტიტუციონალურ და სხვა კომპლექსურ პრობლემებთან მივყავართ.
შეხვედრაზე ქალბატონმა ქეთევან ბაკარაძემ მომიწვია. საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში ის პატიოსნების და პროფესიონალიზმის მაგალითი გახლდათ. მან დატოვა თანამდებობა და დაიწყო ბრძოლა სისტემის წინააღმდეგ.
როგორ შევაფასებ გ.გახარიას, როგორც პოლიტიკურ პერსონაჟს? ინტელექტუალია, პოზიტიურია, ზომიერია, მეტყველი მიმიკით და ჟესტიკულაციით უფრო მეტს ამბობს, ვიდრე სიტყვით, მაგრამ აშკარად იგრძნობა, რომ მართლა ძალიან გაუბრაზებიათ. მისი ახალგაზრდული გუნდის და პრემიერის მის მიმართ უსასრულო ისტერიკის გათვალისწინებით, მმართველი პარტიისთვის საკმაოდ ანგარიშგასაწევ და სახიფათო ალტერნატივას წარმოადგენს.
—-
დაბოლოს: საგანგებოდ მინდა აღვნიშნო დევნილი საზოგადოების მხრიდან გამოვლენილი მაღალი პოლიტიკური კულტურა, განსხვავებული მოსაზრებების თავისუფლად გაცვლის უნარი და შეხვედრის ხარისხიანად ორგანიზება.
აქვე შეგახსენებთ: 

„ჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნების შემდგომ მთავრობის დამტკიცებისას უმთავრეს პრიორიტეტად მკაფიოდ გვქონდა გამოყოფილი ქვეყნის დეოკუპაციის სტრატეგიის შექმნა. სტრატეგია არის ხედვა, რომელზეც პირველ რიგში, საზოგადოება უნდა შეთანხმდეს. დეოკუპაცია ზეპარტიული საკითხია. უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რა არის ჩვენთვის დეოკუპაცია. შემდეგ უკვე, ამ დეოკუპაციის სტრატეგიაზე უნდა ველაპარაკოთ პროცესში ჩართულ ძირითად მხარეებს. ეს უნდა იყვნენ, რა თქმა უნდა, აფხაზებიც, ოსებიც, ეს უნდა იყოს რუსეთიც, რა თქმა უნდა, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები და რეგიონალურ ჭრილში ეს უნდა იყვნენ ჩვენი მეზობლებიც. მაგრამ ეს პროცესი რომ დაიწყო, პირველ რიგში, შენ უნდა იცოდე, რა გინდა და რა არის შენთვის დეოკუპაცია. საქართველო ოკუპირებული ქვეყანაა, ტერიტორიების 20% ოკუპირებულია და ეს არის ჩვენი შესაძლებლობების, მათ შორის, ეკონომიკური შეზღუდვა.“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა დეოკუპაციის პროცესში სახალხო დიპლომატიის მნიშვნელობაზე.
„ადამიანებს შორის ურთიერთობებზე უნდა დავიწყოთ აქცენტების კეთება, უნდა იყოს უფრო მეტი კონტაქტები და მიმოსვლა.  რა თქმა უნდა, ამ პროცესში, პირველ რიგში, დევნილებიც უნდა იყვნენ ჩართული. ამას ბევრი სხვადასხვა განზომილება აქვს, მაგრამ აქვს ასევე სოციალური და სახალხო დიპლომატიის განზომილება, სადაც თქვენი როლი არის უაღრესად მნიშვნელოვანი“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ პრობლემას, რომელიც დევნილებს აწუხებთ. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სტატუსის მინიჭების და სოციალურ, მათ შორის, ფინანსური დახმარებებისა  და საცხოვრებლის მოგვარების საკითხებზე.
„ეს არის საკითხები, რომლებზე სამუშაოდ ჩვენ აბსოლუტურად ღია ვართ და რომლებზეც თქვენთან ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა ამ საკითხებზე სრულად მომზადებულები ვიყოთ და სწრაფი გადაწყვეტილებების შესაძლებლობა გვქონდეს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ დევნილებთან შეხვედრაზე.

Leave a Reply