„ქართული ოცნების“ სოციალური მედიის მონიტორინგის ჯგუფი აწარმოებს 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში სოციალური მედიის მონიტორინგს. მონიტორინგის ობიექტს წარმოადგენენ სოციალურ მედიაში არსებული პარტია „ქართული ოცნების“ და ხელისუფლების მადისკრედიტირებელი არაავთენტური რესურსები. ანგარიშში ძირითადი ყურადღება ეთმობა იმ გვერდებს, რომლებიც თავისი ქცევიდან გამომდინარე, ზიზღის ენის გამოყენებით და დეზინფორმაციის გავრცელებით, ახდენენ „ქართული ოცნების“ და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესების დისკრედიტაციას, ცდილობენ ამომრჩეველთა განწყობებზე ზემოქმედებას და ხელს უწყობენ საზოგადოების პოლარიზებას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„პირველ რიგში, მინდა, გამოვეხმაურო გუშინ დმანისის რაიონის სოფელ განთიადში მომხდარ ინციდენტს. ძალადობას არანაირი გამართლება არ აქვს. ყველა დამნაშავე კანონის შესაბამისად დაისჯება. ამასთან, ჩვენ საზოგადოებას ვაფრთხილებდით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ნაცვლად სააარჩევნო კამპანიის წარმოებისა, ისევე როგორც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, ცდილობს არეულობის გამოწვევას. ამ მიზნით, ბოლო დღეებია, მიზანმიმართულად მიმდინარეობს ჩვენი მხაარდამჭერების პროვოცირება. ჩვენ შევძელით ხელვაჩაურში ორი ასეთი პროვოკაციის თავიდან აცილება, სადაც “ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატი მცირეწლოვან ბავშვთან ერთად მიიჭრა ჩვენი კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრაზე და ცდილობდა ამ შეხვედრის ჩაშლა. სამწუხაროდ, გუშინ დმანისში მომხდარი პროვოკაცია ვერ ავიცილეთ თავიდან.

ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს მხარდამჭერებს. არჩევნებამდე დარჩა 10 დღე. “ნაციონალური მოძრაობა”, ამ 10 დღის განმავლობაში, გავა ყველა ადამიანური და მორალური საზღვრის მიღმა. მოთმენა არის რთული, მაგრამ ეს არის ჩვენი ვალდებულება ჩვენი ხალხის და ქვეყნის წინაშე. 2 ოქტომბერს ეს ყველაფერი ჩვენი და ჩვენი ქვეყნის გამარჯვებით დასრულდება.

Leave a Reply