“სამოქალაქო განვითარების და მონიტორინგის ცენტრი“ აქტიურად აკვირდებოდა 2021 წლის 02 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და წინასაარჩევნო კამპანიას.

ორგანიზაციის მხრიდან არჩევნებს მონიტორინგი გაუწია 150-მა პირმა, თბილისსა და რეგიონებში. წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე არჩევნების დღეს განვითარებული მოვლენების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არ ჩატარებულა მაღალი დემოკრატიული სტანდარტებისა და თანაბარი კონკურენტუნარიანი პირობების შესაბამისად. აღსანიშნავია, რომ საზოგადოების გარკვეულ ფენებში, მეტნაკლებად შეზღუდული იყო ამომრჩევლის თავისუფალი ნება, რაც განპირობებული გახლდათ სახელისუფლებო ორგანოების მხრიდან, მათ დაქვემდებარებაში მყოფ სტრუქტურებში დასაქმებული პირების მიმართ არამართლზომიერი მოპყრობით და მითითებებით თუ ვისზე უნდა შეეჩერებინათ არჩევანი და როგორ უნდა ემოქმედათ, რაც თავის მხრივ ზღუდავს არჩევანის თავისუფლებას და ეწინააღმდეგება დემოკრატიულ პრინციპებს.

საყურადღებოა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში, ისევე როგორც არჩევნების დღეს დაფიქსირდა არაერთი სახის არაერთი დარღვევა, კერძოდ:

• მედიის წარმომადგენლების ხელისშეშლა და შეურაცხყოფა

• საარჩევნო უბნებზე არაუფლებამოსილი პირების ყოფნა

• დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლა

• ერთი და იმავე პირის მიერ რამოდენიმე უბანზე ხმის მიცემა

• საარჩევნო უბნებთან დასაშვებ დისტანციაზე უფრო ახლოს პარტიული აგიტატორების ყოფნა

• კენჭისყრის ფარულობის დარღვევა

• ნეიტრალური თუ ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა და სხვა.

არსებობს არაერთი ვიდეო მტკიცებულებაც, იმის თაობაზე თუ როგორ ცდილობდნენ ოპოზიციის კანდიდატებისთვის პროვოკაციის მოწყობას; როგორ აშინებდნენ მედიას „ელექტროშოკერებით“, ესროდნენ ბოთლებს, ხოლო ერთ-ერთ შემთხვევაში კამერაც კი დაუმტვრიეს. რაც შეეხება, წინასაარჩევნო პერიოდს, ყველას კარგად მოგვეხსენება, თუ რა სახის დაძაბულობით მიმდინარეობდა ყველაფერი; ამის ნათელი მაგალითია დმანისში მომხდარი დაპირისპირება, სადაც მოქალაქეთა ფიზიკურ დაზიანებებსაც კი ჰქონდა ადგილი. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის ის წევრები, რომლებიც დანიშნული არიან ოლქიდან და წესით და რიგით უნდა იყვნენ ნეიტრალური, უმეტესწილად იყვნენ მიკერძოებული მმართველ პარტიაზე, რაც საარჩევნო უბნებზე მათი მხრიდან გამოხატული ქცევითა და ქმედებებით ცხადყოფდა ხსენებულ ფაქტს. რაც შეეხება კოვიდ რეგულაციების გამო, თბილისის საარჩევნო უბნებზე მოწყობილ კენჭისყრის კაბინებს, რომელსაც წინა მხრიდან გააჩნდა ჭრილი, ზრდიდა კენჭისყრის ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებულ რისკებს და გარკვეულ უხერხულობას უქმნიდა ამომრჩეველს. შესაბამისად, აღნიშნული საკითხი საჭიროებს გადახედვას და გარკვეული სახის ცვლილებებს.

Leave a Reply