3 ოქტომბერს “დავით ღვინიანიძის სახელობის ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრის“ კარები ფილადელფიაში მაყურებლისთვის პირველად და გრანდიოზულად გაიხსნა!

ხელოვნებითა და კულტურით დაინტერესებულმა მსოფლიო საზოგადოებამ კარგად იცის ცნობილი საოპერო მომღერალისა და პროდიუსერის დავით ღვინიანიძის სახელი. სულ ცოტა ხნის წინ მან ფილადელფიაში ამერიკის მხარდაჭერით თავისი სახელობის ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრი დაარსა. ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი ნიჭიერებისა და გავლენის უპირატესობა, რომლითაც მულტიკულტურულ იდეებს ახორციელებს.
იმის გამო, რომ ზემოთ ხსენებული ცენტრი უზარმაზარია და მისი გახსნა ეტაპობრივად იგეგმება, დავითმა მისი მხოლოდ ერთი დარბაზის საზეიმოდ გახსნა გადაწყვიტა 3 დეკემბერს, ანუ, სიმბოლურად თავის დაბადების დღეს.

იქამდე კი ამ შესანიშნავი კულტურის ცენტრის ულამაზესმა პარკმა 3 ოქტომბერს ებრაულ ფესტივალ “სუკოტს” უმასპინძლა.

ებრაული ფესტივალის ჩატარების იდეა და მისი დავით ღვინიანიძის სახელობის კულტურის ცენტრის ულამაზეს პარკში გამართვა თავად მომღერლის ინიციატივაა. მისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქართველ და ებრაელ ხალხთა მრავალსაუკუნოვან მეგობრობას. ეს ფესტივალი მომავალში რამდენიმედღიანი გახდება და მრავალი კულტურული დეტალით დაიტვირთება. ეს ფაქტი კიდევ ერთი დიდი დასტურია იმისა, რომ დავით ღვინიანიძე მუდმივად ცდილობს თავისი სახელობის ცენტრის პრიზმიდან მთელ მსოფლიოს გააცნოს საქართველო და მასთან დაკავშირებული ყველა ეროვნულ–კულტურული ურთიერთობა. შეიძლება ითქვას, დავით ღვინიანიძემ ჩაუყარა საფუძველი ფილადელფიაში ებრაული კულტურის გამოცოცხლებას. ეს პროექტი კი ნაწილია იმ მასშტაბური მულტი კულტურული გეგმისა, რომელსაც ცნობილი საოპერო მომღერალი გზადაგზა განახორციელებს.
როგორც მომღერალი დავით ღვინიანიძე განმარტავს, ებრაული ფეტივალი “სუკოტი”, რომელიც ფილადელფიაში ჩატარდა, ყოველწლიური გახდება და გაგრძელდება ნიუ–იორკსა და სხვა დიდ ქალაქებში, ჯაჭვურად გავრცელდება და გახდება საყოველთაო.

ფესტივალს ფილადელფიაში ადგილობრივი მაცხოვრებლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. ფესტივალის პროდიუსერი მარგარიტა კაგანი გახლდათ. საპატიო სტუმართა შორის გამოირჩეოდა ცნობილი ბარიტონის მუსლიმ მაგომაევის ქალიშვილი. მონაწილეები გახლდნენ მუსიკოსთა არტჯგუფი „ხავერიმი“ ( იდიშიდან ითარგმნება, როგოც „მეგობრები“), რომელიც ინტერნაციონალური სოლისტების ანსამბლია იცხაკ ჰაიმოვისა და კლეზმერ–ჯაზბენდი იაკობ მეიმანის ხელმძღვანელობით. მაყურებელს დახვდა უამრავი საჩუქარი და სიურპრიზი.

“იმედია ეს საშინელი პანდემია დასრულდება და მალე ყველა ერთმანეთს გადავეხვევით და უფრო ხალხმრავალ ღონისძიებებს გავმართავთ“ – აღნიშნა დავით ღვინიანიძემ.

ცნობილია, რომ ფესტივალმა დიდი გამოუხმაურება გამოიწვია და და მოწონება დაიმსახურა ებრაულ საზოგადოებაში, მათ შორის, საქართველოშიც.

“ქართველებისა და ებრაელების მეგობრობა იუნესკომ აღიარა როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა და ამიტომ ამ ფესტივალის ჩატარება ფილადელფიაში ქართველი მომღერლის დავით ღვინიანიძის ცენტრში ძალიან მნიშვნელივანია. მოვესალმები და წარმატებას ვუსურვებ!“ – აღნიშნა ერნა წიფურიამ, მუსიკალური აკადემია „გვირილას“ დამფუძნებელმა, მსოფლიოს ქართველ და ებრაელ ქალთა ასოციაციის საპატიო წევრმა.

Leave a Reply