ნატოს სამხედრო კომიტეტის პლენარული სხდომა საქართველოსთან ბრიფინგით დასრულდა. ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ადმირალმა რობ ბაუერმა და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა სესიაზე განხილული საკითხები შეაჯამეს. როგორც ალიანსის უმაღლესმა სამხედრო პირმა განაცხადა, სამხედრო კომიტეტის მეოთხე ვიზიტი არის შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ნატოს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ.

„გუშინ პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან და თავდაცვის მინისტრ ბურჭულაძესთან შეხვედრებზე შესაძლებლობა მქონდა ხაზგასმით ამეღნიშნა, რომ ნატოსა და საქართველოს უნიკალური პარტნიორობა აკავშირებს, რომელიც დროთა განმავლობაში მხოლოდ ძლიერდება. ჩვენი პარტნიორობა ყოველთვის ორმხრივად სასარგებლოა“, – აღნიშნა ადმირალმა რობ ბაუერმა.

გენერლ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა საქართველოსა და ნატოს შორის განსაკუთრებულ პარტნიორულ ურთიერთობაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ თავდაცვის ძალებში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესის შედეგად, საქართველო ჩამოყალიბდა როგორც ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე თავსებადი და აქტიური პარტნიორი.

-„ჩვენ ვაგრძელებთ ნატოსთან თანამშრომლობის მექანიზმების ეფექტიანად განხორციელებას და ალიანსის წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებას, რომელიც ემსახურება ნატოსთან თავსებადობისა და ქვეყნის ნატოში ინტეგრაციის პროცესების გაძლიერებას. ამ მხრივ გამორჩეულია ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი, რომელიც წარმოადგენს ნატოსთან თანამშრომლობის ერთ-ერთ უმთავრეს პრაქტიკულ მექანიზმს და მოიცავს ნატოს სტანდარტების შესაბამისი კრიტიკული სამხედრო შესაძლებლობების განვითარებას“, – აღნიშნა საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა.

Leave a Reply