სარკინიგზო შემთხვევისას დაზარალებულმა პირებმა რკინიგზის, შსს-ს და აბაშის მერიის წინააღდეგ სასამართლო დავა მოიგეს – ინფორმაციას “საია” ავრცელებს.

საუბარია სარკინიგზო შემთხვევაზე, რომელიც 2015 წლის 2 იანვარს აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მარანთან მოხდა, რა დროსაც სამგზავრო მატარებელი რკინიგზის დაუცველ გადასასვლელზე მოძრავ მიკროავტობუსს დაეჯახა. შემთხვევას 3 ადამიანი ემსხვერპლა, დანარჩენებმა კი სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს.

ორგანიზაციის ცნობით, ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა, რომ მიკროავტობუსის მძღოლი შემთხვევისას არ იყო ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ, ავტოსატრანსპორტო საშუალება კი, გამართული იყო. ამის მიუხედავად, ავტოტექნიკური ექსპერტიზის საფუძველზე ბრალი მიკროავტობუსის მძღოლს წარედგინა.

საიას ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ძირითადად გაიზიარა მოსარჩელეთა არგუმენტები და  2021 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოპასუხეებს სს „საქართველოს რკინიგზას“, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და აბაშის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელეების სასარგებლოდ მატერიალური (სარჩოს გადახდა, მკურნალობის ხარჯები, დაკრძალვის ხარჯები) და მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა. გადაწყვეტილება ჯერჯერობით შესული არაა კანონიერ ძალაში.

“საქმეზე მუშაობისას, საიამ მოიპოვა კონკრეტული მტკიცებულებები, მათ შორის, შემთხვევის ადგილას გადაღებული ფოტომასალა, მოწმეთა ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნები და ა. შ. რომლებიც საეჭვოს ხდიდნენ სისხლის სამართლის განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სისწორეს და მიუთითებდნენ ცალკეული ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან კონკრეტულ გადასასვლელთან დაკავშირებით უსაფრთხოების წესების დაუცველობაზე. 

საბოლოოდ, სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში წარედგინა სს „საქართველოს რკინიგზის“, აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საავტომობილო გზების დეპარტამენტის წინააღმდეგ. 

4 წლიანი განხილვების შედეგად, თბილისის საქალაქო სასამართლოში დადასტურდა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანოებმა არასათანადო ორგანიზებულობისა და არაკოორდინირებული მოქმედებების გამო, სათანადოდ ვერ განახორციელეს მათზე კანონმდებლობით დაკისრებული ფუნქციები, რამაც გამოიწვია ადამიანთა გარდაცვალება და ჯანმრთელობის დაზიანება”,- ნათქვამია განცხადებაში. 

Leave a Reply