სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სახელმწიფო ხელისუფების დამხობის მიზნით შეთქმულების ფაქტზე აწარმოებს გამოძიებას, ამის შესახებ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე რამდენიმე წუთის წინ განაცხადეს.

“გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულების თანახმად, დგინდება, რომ საქმის ფიგურანტები გეგმავენ გარკვეულ დესტრუქციულ ქმედებებს. კერძოდ, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში მის გლდანის ნომერ მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ეტაპირებისთვის ხელის შეშლის მიზნით, აღნიშნული სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მისასვლელი საავტომობილო გზების სხვადასხვა საშუალებით ბლოკირებას ითვალისწინებს. მათ განზრახული აქვთ, აღნიშნული დესტრუქციული ხასიათის მოქმედებების განხორციელებით, გამოიწვიონ უკონტროლო სიტუაცია, ქაოსი და შექმნილი ვითარებით, ხელი შეუშალონ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ეტაპირების პროცესს.

მსგავს ქმედებებს, ადგილი შესაძლოა ჰქონდეს  მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის სხვა დაწესებულებებში ეტაპირების დროსაც. ფაქტთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაუყოვნებლივ, წერილობით აცნობა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ საქმის ფიგურანტმა პირებმა, რომლებიც მოწმის სახით იყვნენ დაბარებული  გამოკითხვაზე, უარი განაცხადეს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებაზე, რის გამოც, ისინი გამოიკითხებიან კანონმდებლობის შესაბამისად, სასამართლოში.

კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებით მანიპულირება, პროცესების პროვოცირება და აღნიშნულით პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა წარმოადგენს უკიდურესად სახიფათო აქტივობას. რამაც შესაძლოა მოიტანოს მძიმე შედეგები და გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ქვეყნის უსაფრთხოებას.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი,“ – განაცხადეს სუს-ში.

Leave a Reply