საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს განცხადებით, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების დღის მიწურულს ბევრ საარჩევნო უბანზე სიტუაცია დაიძაბა და გახშირდა ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების ფაქტები, როგორც საარჩევნო უბანის ტერიტორიაზე ისე უბნის გარეთ.

ორგანიზაციამ დღის მანძილზე აღმოაჩინა 100-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა, დაიწერა 15 საჩივარი. გამოიკვეთა დარღვევების ძირითადი ტენდენციებიც.

ხშირი იყო ფიზიკური დაპირისპირების შემთხვევები. კონკრეტულად, თბილისში გლდანის მე-10 ოლქში, #84 უბანში, საბურთალოს საარჩევნო ოლქის #40 უბანზე, ასევე სამგორის მე-6 საარჩევნო ოლქის #62 უბანზე და ზუგდიდში #15 უბანზე.

ორგანიზაციის განცხადებით, ხშირი იყო ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლა და ფიზიკური ანგარიშსწორება, რის ფაქტებსაც საერთაშორისო გამჭვირვალობამ ზუგდიდში #5 და #81 უბანზე, ქარელის საარჩევნო ოლქის #2 და ასევე სენაკის #1 უბანზე მიაკვლია.

ორგანიზაციის ინფორმაციით, მნიშვნელოვანი დარღვევა იყო, საარჩევნო უბანზე მოსული ამომრჩევლის აღნუსხვა, რაც ამომრჩევლის ნების კონტროლს ემსახურება. ამომრჩევლების აღრიცხვის პროცესში ჩართულები იყვნენ, როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე ნაკადის მომწესრიგებლები, ზოგ შემტხვევაში რეგისტრატორები და კომისიის წევრებიც. მსგავსი შემთხვევები საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ გამოავლინა თიანეთში, ბათუმში, თელავისა და რუსთავში.

ორგანიზაციის განცხადებით, კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის რადიუსის წესის დარღვევა, მთელი დღის განმავლობაში ყველა იმ უბანზე შეინიშნეოდა სადაც საერთაშორისო გამჭვირველობა- საქართველოს დამკვირვებლები იმყოფებოდნენ.

ადგილი ჰქონდა დარღვევებს სადამკვირვებლო ორგანიზაციების დამკვირვებლების მხრიდანაც. ისინი ისეთ უკანონო ქმედებებში იყვნენ ჩართული, როგორიცაა ფიზიკური დაპირისპირება და სხვა დამკვირვებლებისთვის საარჩევნო პროცესის მონიტორინგში ხელის შეშლა.

ორგანიზაციამ დააფიქსირა საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის მარკირების გარეშე შეშვების ტენდენციაც. გამოვლინდა ერთი და იმავე პირის მიერ კენჭისყრაში მრავალჯერადი მონაწილეობის შემთხვევაც.

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო ხმების დათვლის პროცესის დაკვირვებას აგრძელებს.

Leave a Reply