“ჩვენ მოვუწოდებთ ოცნებას პატივი სცეს მოქალაქეების გადაწყვეტილებას და არ გაბედოს მუნიციპალური ბიუჯეტების დამტკიცება ახალი საკრებულოების შეკრებამდე და ახალი საკრებულოების მუშაობის დაწყებამდე” – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს წევრმა და დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.

მიხეილ დაუშვილის თქმით, “ქართულმა ოცნებამ” მუნიციპალიტეტების საკრებულოებში უკვე დაიწყო ბიუჯეტის განხილვის და დამტკიცების პროცედურები და ცდილობს გადაწყვეტილება ერთპიროვნულად ახალი საკრებულოების დამტკიცებამდე, არსებული საკრებულოების მეშვეობით დაამტკიცოს მუნიციპალური ბიუჯეტები.

“ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ თვითმმართველობის არჩევნები არ იყო არც სამართლიანი და არც თავისუფალი. როგორც წინასაარჩევნო პერიოდი, ასევე უშუალოდ არჩევნების დღე ჩატარდა სისტემური დარღვევების პირობებში. ხელისუფლებამ მოქალაქეებს წაართვა უფლება დემოკრატიულ გარემოში დაეფიქსირებინათ თავიანთი გადაწყვეტილება. მიუხედავად ამისა, მოქალაქეების გადაწყვეტილებით ჩვენ ვართ წარმოდგენილი როგორც თბილისში, ასევე საქართველოს ყველა რეგიონში თვითმმართველობის დონეზე. არაერთი რეგიონული ცენტრი, არაერთ წარმომადგენლობით ორგანოში, საკრებულოში ჩვენი ხმა იქნება გადამწყვეტი ნებისმიერი, მათ შორის მუნიციპალური ბიუჯეტების დამტკიცების პროცესში. მუნიციპალიტეტებში ოცნებამ უკვე დაიწყო ბიუჯეტების განხილვის და დამტკიცების პროცედურები. რეალურად ხელისუფლება ცდილობს ჩვეულ სტილში, ერთპიროვნულად, ახალი საკრებულოების დამტკიცებამდე, არსებული საკრებულოების მეშვეობით დაამტკიცოს მუნიციპალური ბიუჯეტები. მუნიციპალური ბიუჯეტი მოგეხსენებათ რომ არის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, რომელიც ორიენტირებული უნდა იყოს მოსახლეობის, ადამიანების პრიორიტეტებსა და გამოწვევებზე და ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვა, რომელიც ითვალისწინებს სწორედ ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი მოქალაქეების პრიორიტეტებისა და საჭიროებების ასახვას მუნიციპალურ ბიუჯეტებში, სხვადასხვა მიმართულებებით. როდესაც თვითმმართველობის არჩევნებზე ჩვენმა მოქალაქეებმა გადაწყვიტეს ხმა მიეცათ ჩვენი პარტიისთვის, ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ მათი ინტერესი იყო ოცნების ერთპარტიული მმართველობის დასრულება, რაც ასევე ცალსახად ნიშნავს იმას, რომ მათთვის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, ჩვენი მოქალაქეებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი, მუნიციპალური ბიუჯეტი უნდა დამტკიცდეს სწორედ ახალი საკრებულოების მიერ და არა ერთპიროვნულად ოცნების საკრებულოების მიერ, ვინაიდან უკვე განხორციელდა თვითმმართველობის არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამება, ჩვენ მოვუწოდებთ ოცნებას პატივი სცეს მოქალაქეების გადაწყვეტილებას და არ გაბედოს მუნიციპალური ბიუჯეტების დამტკიცება ახალი საკრებულოების შეკრებამდე და ახალი საკრებულოების მუშაობის დაწყებამდე. ამასთანავე, მოვუწოდებთ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დაუყოვნებლივ მოიწვიოს ახალარჩეული მუნიციპალიტეტების საკრებულოების პირველი სხდომები, რათა აღნიშნული საკრებულოები შეუდგნენ მუშაობას, მათ შორის ბიუჯეტის განხილვას და მათ დამტკიცების პროცედურებს” – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

დაუშვილმა აღნიშნა, რომ ბიუჯეტების განხილვის და დამტკიცების პროცედურები დაჩქარებული წესით დაწყებული არის არაერთ მუნიციპალიტეტში, მაგალითად  სამეგრელოს არაერთ მუნიციპალიტეტში, ზუგდიდში, ჩხოროწყუში და ა.შ.

„პირველი სხდომის მოწვევის ვადა არის 30 დღე საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან, თუმცა, ჩვენ ხომ ახალ რეალობაში ვართ, არაერთ მუნიციპალიტეტში და არაერთ საკრებულოში  ოცნება ერთპიროვნულად გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, იმიტომ რომ, შეიძლება ითქვას, რომ მოქალაქეების გადაწყვეტილებით ეს ბიუჯეტების დამტკიცება და სხვა გადაწყვეტილებები შესაძლებელი იქნება მხოლოდ და მხოლოდ მრავალპარტიული კონსესუსის საფუძველზე. შესაბამისად, რასაც დღეს ოცნება აკეთებს, არის ის, რომ ახალი საკრებულოების შეკრებამდე, დაჩქარებული წესით მოასწროს ბიუჯეტების დამტკიცება, იმისათვის, რომ ისე გააკეთოს როგორც თვითონ უნდა, ამით კიდევ ერთხელ აიგნორებს, იგნორირებას უკეთებს ჩვენი მოქალაქეების გადაწყვეტილებას, რომლებმაც თქვეს, რომ მინიმუმ 7 საკრებულო გადაწყვეტილებას მიიღებს კონსესუსის საფუძველზე და არა ერთპიროვნულად ოცნების მიერ.ჩვენი ინფორმაციით ბიუჯეტების განხილვის და დამტკიცების პროცედურები დაჩქარებული წესით დაწყებული არის არაერთ მუნიციპალიტეტში. მაგალითად სამეგრელოს არაერთ მუნიციპალიტეტში, მაგალითად ზუგდიდში, მაგალითად ჩხოროწყუში და ა.შ.” – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

Leave a Reply