პარტია “საქართველოსთვის” იმ საკრებულოებში, სადაც  თავად აქვს გადამწყვეტი ხმა,  ოცნებას და ნაციონალურ მოძრაობას შეთავაზებას უკეთებს

ინიციატივა დღეს პარტია “საქართველოსთვის” პოლიტიკურმა მდივანმა, კახა ქემოკლიძემ წარადგინა.

“დღეს ქვეყანაში შექმნილია უკიდურესად პოლარიზებული პოლიტიკური გარემო, რომლის შედეგს საქართველოს მოქალაქეები საკუთარ თავზე ყოველდღიურად გრძნობენ; გრძნობენ უკიდურესი გაჭირვების, გაზრდილი ფასების, მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის სახით.
ის, რომ ჩვენი მოქალაქეები დაიღალნენ და უნდათ ამ ორპოლუსიანობას თავი დააღწიონ,  უპრეცედენტო ზეწოლის, დაშინების და მოსყიდვის მიუხედავად, ნათლად აჩვენეს თვითმმართველობის არჩევნებზე ჩვენი პარტიის მხარდაჭერით და პარტია „საქართველოსთვის“ დღეის მდგომარეობით არის წარმოდგენილი როგორც თბილისში, ასევე ყველა რეგიონში, წარმოდგენილია რიგ საკრებულოებში, სადაც ჩვენს პარტიას გააჩნია ე.წ. გადამწყვეტი ხმა.

მოგეხსენებათ, ჩვენ არჩევნების დასრულებიდან მალევე შევთავაზეთ ორივე პოლიტიკურ პარტიას, ღია და გამჭირვალე განხილვის გზით,  აგვერიდებინა ადგილობრივ დონეზე ნებისმიერი ტიპის კრიზისი. ჩვენ უარი ვთქვით საკრებულოებში თანამდებობებზე და შევთავაზეთ პირველ/მეორე ადგილზე გასულ პარტიებს შეთანხმების გზით, აერჩიათ საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები.  ეს იყო შესაძლებლობა თითოეული ამ პარტიისთვის დამდგარიყო ვიწრო პარტიულ ინტერესებზე მაღლა და ქვეყნის ინტერესები დაეყენებინა პირველ რიგში, რაც სამწუხაროდ ვერ მოახერხეს” – განაცხადა კახა ქემოკლიძემ.

მისი თქმით, საკრებულოებში, სადაც პარტიას “საქართველოსთვის” გადამწყვეტი ხმა აქვს საკრებულოების თავმჯდომარეებად საკუთარ წარმომადგენლებს, მოადგილეებად კი ოცნების და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს სთავაზობს.

“ჩვენ ვთქვით, რომ ასეთ შემთხვევაში ჩვენ ჩვენი გეგმის შესაბამისად ვიმოქმედებდით, რომლის მთავარი პრინციპი, რა თქმა უნდა, რომელიმე ერთი პარტიის ხელში ძალაუფლების კონცენტრაციის თავიდან აცილების მიზნით, მოქალაქეების არჩევანის შესაბამისად, საკრებულოებში ძალაუფლების დაბალანსება იყო ყოველთვის.

ამიტომ, იმ მუნიციპალიტეტებში სადაც პარტია „საქართველოსთვის“ წარმოდგენილია გადამწყვეტი ხმის მქონე მანდატებით, ჩვენ ვაყენებთ ჩვენს კანდიდატურებს საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციებზე. ჩვენ წარმოგვიდგენია, რომ ამ კონფიგურაციაში ორივე (როგორც ოცნება, ისე, ნაციონალური მოძრაობა), პირველ და მეორე ადგილზე გასული პარტიები დაუჭერენ ჩვენს კანდიდატებს მხარს და თავად ამ  პარტიის წარმომადგენლები კი, იქნებიან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები.

ეს არის ჩვენი მხრიდან კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯი, იმისთვის რათა ვიმოქმედოთ ქვეყნის, თითოეული მუნიციპალიტეტის და მოქალაქეების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე და თავიდან ავირიდოთ ნებისმიერი ტიპის კრიზისი მუნიციპალურ საკრებულოებში, რომლებმაც კონტროლი უნდა გაუწიონ ადგილობრივ აღმასრულებელ რგოლს.

მოვუწოდებთ ორივე პოლიტიკურ პარტიას გაიაზრონ ის პასუხისმგებლობა, რასაც მათ საზოგადოება ნდობისა და მანდატის სახით ანიჭებს.
აქვე, კიდევ ერთხელ უნდა გამოვეხმაუროთ იმ პროცესს, რომელიც „ოცნებამ“ უკვე დაიწყო თვითმმართველობებში – ეს არის ოცნების მცდელობა ერთპიროვნულად, ახალი საკრებულოების დამტკიცებამდე, არსებული საკრებულოების მეშვეობით დაამტკიცოს მუნიციპალური ბიუჯეტები.
როდესაც თვითმმართველობის არჩევნებზე ჩვენმა მოქალაქეებმა გადაწყვიტეს ხმა მიეცათ ჩვენი პარტიისთვის, ეს პირდაპირ მიანიშნებდა იმას, რომ მათთვის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი – ბიუჯეტი უნდა დამტკიცდეს სწორედაც ახალი საკრებულოების და არა ერთპიროვნულად „ოცნების“ მიერ.

კიდევ ერთხელ მივმართავთ ოცნებას, არ გააგრძელოს პოლიტიკური თაღლითობა და არ გაბედოს მუნიციპალური ბიუჯეტების დამტკიცება ახალი საკრებულოების შეკრებამდე.

ხოლო საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ – დაუყოვნებლივ მოიწვიოს ახალარჩეული მუნიციპალიტეტების საკრებულოების სხდომები” – განაცხადა კახა ქემოკლიძემ.

Leave a Reply