სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში, მრევლს ქადაგებით მიმართა.

„ჩვენთან არს ღმერთი! გილოცავთ გიორგობას. წმინდა გიორგი იყოს მფარველი ჩვენი ქვეყნისა და მსოფლიოსი. ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, როცა მრავალი განსაცდელია ჩვენ გარშემო, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანი არასდროს არ არის მიტოვებული ღვთისგან. ადამიანი არის მფარველობის ქვეშ. თქვენ გახსოვთ სიტყვები უფლისა: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რატომ მიმატოვე მე? წმინდა გიორგი იყო ამ განსაცდელში, წმინდა გიორგი იყო მხედართმთავარი და იმპერატორის საყვარელი ადამიანი. იმპერატორი დიოკლეტიანე პატივისცემით ეპყრობოდა მას, მაგრამ განსხვავებულმა სარწმუნოებამ, ქრისტიანობამ შეაცვლევინა თავისი დამოკიდებულება.

ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ განსაცდელი არის საშუალება, რომელიც ასწორებს ადამიანს. განსაცდელი არის საშუალება, რომელსაც ღმერთი მოავლენს ჩვენთან. არ შეიძლება, ადამიანი იყოს დედამიწაზე და ცოდვა არ ჩაიდინოს, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს ის, რომ სინანული ასწორებს ადამიანს. ვისაც არ შეუძლია სინანული, მას არ შეუძლია გამოსწორება. ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროს, როცა მრავალი განსაცდელია ჩვენ გარშემო, მაგრამ ღმერთი მოწყალეა, ღმერთი ხედავს, როცა კაცი ნანობს და იმედს არ ვკარგავთ, რომ უფალი შეგვიწყალებს ჩვენ. მე მინდა, კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ მრავალი განსაცდელია ჩვენ წინაშე, მაგრამ ერთადერთი საშუალება ეს არის მონანიება ცოდვისა. „ჰე, უფალო, მომანიჭე მე განცდაი თვისთა ცოდვათა და არა განკითხვა ძმისა ჩემისა“. ჩვენ უნდა შევეკითხოთ ჩვენს გონებას, ტვინს, ჩვენ მოვინანიეთ ჩვენი ცოდვები? ღმერთი არის სიყვარული. სიყვარული ანიჭებს ადამიანს სიცოცხლეს. სიყვარულმა დაგლოცოთ, ღვთის სიყვარულმა გაგათავისუფლოთ თქვენ, ჩვენ და მთელი მსოფლიო განსაცდელისგან.

გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულს! საქართველო მუდამ იყო განსაცდელში. გიორგობა არის უდიდესი დღესასწაული ჩვენთვის. ყველას გილოცავთ გიორგობას. ვთქვათ ტროპარი: ტყვეთა განმათავისუფლებელო და გლახაკთა ხელის აღმპყრობელო, სნეულთა მკურნალო და მეფეთა უძლეველო წინამბრძოლო, ღვაწლით შემოსილო წმინდაო მოწყალეო გიორგი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, შეწყალებად სულთა ჩვენთათვის, ამინ! წმინდა გიორგი იყოს ჩვენი მფარველი. წმინდა გიორგიმ დაიცვას თქვენი ოჯახები, თქვენი შვილები. ჩვენთან არს ღმერთი!“, – ბრძანა ილია მეორემ.

Leave a Reply