ძველი სტილით 15 იანვარს სერაფიმ საროველის ხსენების დღე აღინიშნება. 

რუსულ საიტ „inosmi.ru“-ზე  გამოქვეყნდა წერილი სერაფიმე საროველზე, სადაც გამოთქმული იყო დასაბუთებული ვარაუდი,  რომ ამ წმინდანს მიეწერებოდა სიტყვები: „არასოდეს არ იომოთ საქართველოსთან, ამით თქვენ შეებრძოლებით დედას ღვთისას… ეს დაღუპავს რუსეთს“.  

ღირსი სერაფიმე საროველი 1754 წლის 1 ივლისს დაიბადა კურსკში. საროვის უდაბნოში მოღვაწე წმიდა მამის ნათელი უხვად ეფინებოდა მთელ რუსეთს. ანგელოზებრივ სიწმიდეს მიახლებული, განჭვრეტისა და სასწაულთქმედების ნიჭით შემკული მამა 1833 წლის 2 იანვარს მიიცვალა. იგი პატივით მიაბარეს მიწას ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის საკურთხევლის მარჯვენა მხარეს.

1903 წლის 19 ივლისს, ნეტარი სერაფიმეს დაბადების დღეს, საროვში რუსეთის იმპერატორის, ნიკოლოზ II-ის, სამეფო ოჯახის სხვა წევრებისა და სამასი ათასამდე მლოცველის თანდასწრებით აღესრულა მისი წმიდა ნაწილების საზეიმო აღმოყვანება. ისინი მათთვის წინასწარ გამზადებულ ლუსკუმაში გადააბრძანეს ხალხის თაყვანსაცემად. ამ მოვლენას მრავალი ნიშ-სასწაული და კურნება ახლდა თან.

წმიდა სერაფიმე საროველი, რომლის ხსენებაც აღესრულება 15 იანვარს, უფალმა არაერთხელ გახადა  საღვთო ხილვების ღირსი: სერაფიმე წირვა-ლოცვის დროს ცხადად ხედავდა ანგელოზებს. განსაკუთრებული მადლით აავსო წმიდა მამა თავად მაცხოვრის გამოცხადებამ, დიდ ხუთშაბათს, საღვთო ლიტურღიაზე. ამ ხილვის შემდეგ მან გაამკაცრა ღვაწლი: დილით სავანეში შრომობდა, ღამით კი – უდაბურ ტყეში,  კელიაში ლოცულობდა. მთელი კვირების განმავლობაში აქ ლოცულობდა და მხოლოდ შაბათობით, მწუხრის ლოცვის წინ მოდიოდა სავანეში, ლიტურგიის შემდეგ კი უკანვე ბრუნდებოდა, მაცხოვრის სისხლთან და ხორცთან ზიარებით განმტკიცებული.

მოგვიანებით მან ახალი ღვაწლი იტვირთა – ყოველ ღამით ის ერთ უზარმაზარ ქვაზე ადიოდა და ხელაპყრობით ლოცულობდა: „უფალო, შემიწყალე მე ცოდვილი.” დღისით კელიაში აგრძელებდა ლოცვას. აქაც ტყიდან მოტანილ ქვაზე იდგა, საიდანაც იშვიათად ჩამოდიოდა. ასე ლოცულობდა წმიდანი 1000 დღე-ღამის განმავლობაში. უფალმა მოშურნე ბერს ხანგრძლივი და გულმოდგინე მოღვაწეობისათვის განჭვრეტისა და სასწაულთმოქმედების ნიჭი მიმადლა. 1825 წლის 25 ნოემბერს ღვთისმშობელმა მას გამოცხადებით მოუწოდა ხალხის სამსახურისაკენ და ამ დღიდან წმიდანის კელიის კარები ღია იყო ყველა მსურველისათვის. მოძღვარი ჭვრეტდა აღმსარებლის გულებს და ღვთისადმი აღვლენილი ლოცვებით კურნავდა მათ სულიერ და ხორციელ სნეულებათაგან. წმიდანი განსაკუთრებულად ზრუნავდა თავის საყვარელ დივეევოს დედათა სავანეზე. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში იგი ლოცვის დროს ჰაერში ამაღლებულიც უხილავთ.

ცნობილია, რომ სერაფიმე საროველს გამოცხადებით ემცნო: „დედამიწაზე ღვთისმშობლის პირველი წილხვედრია საქართველო – ივერია, მეორე – ათონი, მესამე – კიევო-პეჩორის ლავრა და მეოთხე იქნება დივეევო“.

Leave a Reply