დღეს ლეგენდარულ მსახიობს, საქართველოს სახალხო და დამსახურებულ არტისტს, ოთარ მეღვინეთუხუცესს 90 წელი შეუსრულდებოდა
ოთარ მეღვინეთუხუცესმა, ქართული თეატრისა და კინოს გამოჩენილმა მსახიობმა თავისი მოღვაწეობით არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც დიდი წარმატებები მოიპოვა და მის მიერ განსახიერებული დაუვიწყარი პერსონაჟები დღესაც მაყურებლის დიდი სიყვარულით სარგებლობენ. 1954-1967 წლებში ოთარ მეღვინეთუხუცესი კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი იყო, ხოლო 1967-1975 წლებში რუსთავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მოღვაწეობდა. 1975 წლიდან მან კვლავ განაახლა მარჯანიშვილის თეატრში სამსახიობო საქმიანობა, ხოლო 1995 წლიდან ამავე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გახდა.
მსახიობს შესრულებული აქვს არაერთი დასამახსოვრებელი და საინტერესო როლი როგორც თეატრის სცენაზე, ისე კინოში. კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში ოთარ მეღვინეთუხუცესის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ვეზირი (ნაზიმ ჰიქმეთი, “ლეგენდა სიყვარულზე”), გიჟი რევაზი (ილია ჭავჭავაძე “კაცია ადამიანი?!”), ქარიყლაპია (ვალერიან კანდელაკი, “მაია წყნეთელი”), ჩონთა (ვაჟა-ფშაველა “მოკვეთილი”), ლორდ ლეველი (უილიამ შექსპირი, “რიჩარდ მესამე”), ოიდიპოსი (სოფოკლე, “ოიდიპოს მეფე”), რომულუს ავგუსტუსი (ფრიდრიხ დიურენმატი, “რომულუს დიდი”) ოტელო (უილიამ შექსპირი “ოტელო”) და სხვა.
რუსთავის სახელმწიფო დრამატული თეატრში – სირანო (ედუარდ როსტანი, “სირანო დე ბერჟერაკი”), სატინი (მაქსიმ გორკი, “ფსკერზე”) და სხვა.
იგი ასევე გადაღებულია არაერთ ცნობილ ქართულ ფილმში და განსახიერებული აქვს ოცზე მეტი პერსონაჟი, მაგალითად: ჯამბულატი (“ფატიმა”), გიგა ბეთანელი (“კეთილი ადამიანები”), ჯოყოლა (“ვედრება”), მეფე გიორგი (“დიდოსტატის მარჯვენა”), არზაყანი (“მთვარის მოტაცება”), ელიოზი (“ნატვრის ხე”) , დათა (“დათა თუთაშხია”), ისიდორე (“თეთრი ბაირაღები”) და არაერთი სხვა.
ოთარ მეღვინეთუხუცესი არაერთი მნიშვნელოვანი სახელმწიფო პრემიისა და ჯილდოს მფლობელია. მსახიობს მიღებული აქვს რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, ღირსების ორდენი, საქართველოს სახელმწიფო პრემია, კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია, და სხვა.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო პატივს მიაგებს ოთარ მეღვინეთუხუცესს და მის მიერ გაწეულ ფასდაუდებელ ღვაწლს ქართული თეატრისა და კინოს განვითარებაში.

Leave a Reply