განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც განმარტებულია, რომ სასწავლო დაწესებულებებში, უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით შემუშავებული კოვიდრეგულაციები ძალაში რჩება, მათ შორის პირბადის ტარების ვალდებულება:

“სასწავლო დაწესებულებებში – სკოლებში, პროფესიულ სასწავლებლებსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში – უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, სკოლებისთვის შემუშავებული კოვიდრეგულაციები ძალაში რჩება, მათ შორის, თერმოსკრინინგისდეზობარიერებისა და სადეზინფექციო ხსნარების გამოყენება. ასევე, ძალაში რჩება პირბადეების ტარების წესი.

გარდა ამისა, უწყვეტად გაგრძელდება მასწავლებელთა და ადმინისტრაციის წარმომადგენელთა Covid-19-ზე სავალდებულო ტესტირება. როგორც ცნობილია, ორჯერადად აცრილი მასწავლებლები კორონავირუსზე ორ კვირაში ერთხელ PCR ტესტით მოწმდებიან, ერთჯერადად აცრილი ან აუცრელი მასწავლებლები კი – კვირაში ერთხელ სწრაფი ანტიგენ-ტესტით.

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სკოლები სრულად უზრუნველყოფილია სასწავლი წლის ბოლომდე სამყოფი სადეზინფექციო ხსნარებით, პირბადეებითთერმოსკრინინგის აპარატებითა და დეზობარიერებით.

პარალელურად, მასწავლებელთა და მოსწავლეთათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან თბილისსა და საქართველოს ყველა რეგიონში სკოლების მონიტორინგი უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.

როგორც ცნობილია, მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლებში სასწავლო პროცესი კვლავ შერეულ ფორმატში მიმდინარეობს. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, სურვილის შემთხვევაში, მოსწავლეთა მშობლებს აქვთ დისტანციური სწავლის ფორმატის არჩევის შესაძლებლობა,”- წერია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Leave a Reply