სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს მთავარი ბუღალტერი დააკავეს.

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირი, მითითებულ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, სააგენტოს კუთვნილ საბიუჯეტო სახსრებს სისტემატიურად ინტერნეტტოტალიზატორებში იყენებდა. დაკავებული პირის მიერ მითვისებულმა თანხამ 143 985,13 ლარი შეადგინა.

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს მთავარი ბუღალტერი დააკავეს.

ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნული პირი, მითითებულ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, სააგენტოს კუთვნილ საბიუჯეტო სახსრებს სისტემატიურად, სხვადასხვა დანიშნულებით რიცხავდა სს “თიბისი ბანკში” და სს “ლიბერთი ბანკში” გახსნილ მის პირად საბანკო ანგარიშზე, ხოლო შემდგომ იყენებდა ინტერნეტტოტალიზატორებში.

ზემოაღნიშნული ხერხით მის მიერ მითვისებულმა, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილმა თანხის ოდენობამ შეადგინა 143 985,13 ლარი, თუმცა ინტენსიურად გრძელდება საბუღალტრო და საბანკო დოკუმენტაციის შესწავლა, რომლის დასრულების შემდეგაც მოსალოდნელია, მითვისებული თანხის ოდენობა მკვეთრად გაიზარდოს.

გამოძიება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე მიმდინარეობს.

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო,” – აღნიშნულია სუსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Leave a Reply