„ქართული მკლავჭიდის მიმართ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს უკანონო ქმედებები კვლავ გრძელდება, რაც წარმატებულ და უდიდესი პერსპექტივის მქონე ქართველ სპორტსმენებსა და მთლიანად სპორტის ამ სახეობას გამოუსწორებელ ზიანს აყენებს“ – აღნიშნა „მკლავჭიდის ფედერაციის“ ინტერესების დამცველმა კახა კოჟორიძემ მედიაცენტრ მთავარში“ და  საქმის დეტალებზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მკლავჭიდის ერთიანმა ეროვნულმა ფედერაციამ დაიწყო სამართლებრივი დავა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს (შემდგომში ,,სამინისტრო“) წინააღმდეგ. დავა  მიზნად ისახავს მსოფლიო მკლავჭიდის ფედერაციის მიერ ქართული მკლავჭიდისთვის დაწესებული ფინანსური სანქციების გადახდას და დისკვალიფიკაციის მოხსნას.

„აღნიშნული მძიმე სანქციების დაწესების მიზეზი იყო ის გარემოება, რომ სამინისტროს ბრალით ჩაიშალა საქართველოში მკლავჭიდის 41-ე მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება. ზემოაღნიშნულის შედეგად მსოფლიო მკლავჭიდის ფედერაციამ საქართველოს მკლავჭიდის ეროვნულ ფედერაციას დააკისრა 900 000 აშშ დოლარისა და 20000 ევროს გადახდა. განსაკუთრებით მძიმეა სპორტული სანქცია – სამინისტროს ბრალით ქართველი მკლავჭიდელები დისკვალიფიცირებულ იქნენ მსოფლიო მკლავჭიდის ფედერაციის მიერ ჩატარებული ყველა ღონისძიებიდან ჯარიმის სრულად გადახდამდე“ – აღნიშნა კოჟორიძემ მედიაცენტრ მთავარში

მისი შეფასებით, სამინისტრო აღრმავებს არსებულ პრობლემას.

„სამინისტრომ ყოველგვარი ახსნა-განმარტების დაფინანსება სრულად შეუწყვიტა მკლავჭიდის ფედერაციას. როგორც ჩანს ეს არის ერთგვარი სასჯელი, რადგან მკლავჭიდის ფედერაცია არ დაემორჩილა სამინისტროს უკანონო მითითებებს და სამართლებრივ ბრძოლას აგრძელებს. უკანონოა სამინისტროს მიერ სასამართლოში წარდგინილი პოზიცია, რომ თითქოს სახელმწიფოს ვალდებულება არ იყო საქართველოში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების ფინანსური უზრუნველყოფა“ – განაცხადა კოჟორიძემ მედიაცენტრ მთავარში“.

Leave a Reply