საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი განცხადება

გვინდა გამოვეხმაუროთ პალიტრა მედიის ერთ-ერთ გადაცემაში პარტიული ექსპერტების მიერ თავდაცვის უწყების დისკრედიტაციის მცდელობას, სადაც პოლიტიკურად მოტივირებული ე.წ. ექსპერტების მხრიდან მიზანმიმართულად განხორციელდა ფაქტების დამახინჯება და ქართული ჯარის დისკრედიტაცია. კერძოდ, საქმე ეხება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ საავიაციო ნავთის შეძენას ღია ტენდერის საფუძველზე. სამწუხაროდ, პალიტრა მედიაც ჩაერთო ჯარის დისკრედიტაციის კამპანიაში.

გვინდა განვმარტოთ, რომ თავდაცვის უწყებამ კონტრაქტი გაუფორმა “პეტროკას ფიუელ სერვისის ჯორჯიას”, რომელიც არის ღია ტენდერში გამარჯვებული კომპანია, ხოლო ნავთობი წარმოებულია თურქმენეთში, რაც დასტურდება შესაბამისი წარმოშობის სერტიფიკატებით. შესაბამისად, ეს გახლდათ მორიგი მცდელობა ჯარის დისკრედიტაციის პარტიული ექსპერტების გამოყენებით. რუსულ ან რუსეთთან დაკავშირებულ კომპანიებთან თავდაცვის უწყების მიდგომის ნათელი მაგალითია, თუნდაც, ბოლო ორი წლის განმავლობაში 10-ზე მეტი გაუქმებული და შეწყვეტილი პროცედურები, სადაც ტენდერში, სწორედ, ასეთი კომპანიები იყვნენ გამარჯვებულნი.

Leave a Reply