გიორგი ჭინჭარაული

18 ივნისს გამოვაქვეყნე ჩამონგრეული ბანის ფოტოები და გულისტკივილით მივანიშნე, რომ სახელმწიფო არასათანადოდ და არაპროფესიონალურად ზრუნავს ეროვნული მნიშვნელობის ძეგლზე… დღეს კი დავწერე განცხადება სამსახურიდან წასვლაზე. გამოიცანით ხომ რაც მოხდა?
დიახ, ის რაც ხდება ზოგადად სახელმწიფოს დაქვემდებარებაში მყოფ სამსახურებში…. როგორ გაბედა სსიპ-ის რიგითმა დასაქმებულმა ხმის ამოღება!
როგორ შეიძლება საჯარო გახადო ის ფაქტი, რომ კულტურული მემკვიდრეობის უნიკალურ ძეგლის ავარიულ მონაკვეთებს უტარდება პრიმიტიული ,,რემონტი როგორც მოუხერხდებათ” და არა გრძელვადიანი, სრულფასოვანი რესტავრაცია – ამ სიტყვის ნამდვილი შინაარსით. როგორ შეიძლება ვინმემ გაიგოს რომ ტენდერში გამარჯვებულებს და უშუალოდ ,,რესტავრატორებს” ხშირად არ აქვთ საკმარისი კომპეტენცია, დაფინანსება, ხარისხიანი მასალები ან ბანალურად ,,ეკონომიას” აკეთებენ მეტი ფინანსური სარგებლისთვის. მიუღებელია მსგავსი ნელთბილი, გულგრილი დამოკიდებულება და ქართულ-ჯიგრულად დალაგებული ტენდერებიც და ქვა-მორებიც რაც ძეგლსაც უქმნის საფრთხეს და ვიზიტორებსაც(ბოლოს ჩამონგრეული ბანი ტურისტების ერთ-ერთი საყვარელი ადგილი იყო ფოტოების გადასაღებად).
მლიქვნელობით, ავადმყოფური ლოიალობით და ქლესა იერაქიით აწყობილი ბიუროკრატია ხელფასს და საჯარო სამსახურებს იყენებს როგორც აღვირს ადამიანების სამართავად და თემის წევრების ერთმანეთთან დასაპირისპირებლად. მაგრამ ამ აღვირის მორჩილად ტარების მსურველი მოხელეების გარეშე ეს მახინჯი მექანიზმი ვერ შეძლებდა არსებობას. ღირსების საქმეა იმის თქმა რასაც ფიქრობ, იმის გაკრიტიკება რაც არ მოგწონს.. მითუმეტეს ხევსურეთში არ უნდა გვიკვირდეს ეს!
პატივისცემით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი

 

Leave a Reply