საქართველოს მთავრობამ კონსტიტუციური სარჩელით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 10 ივნისს მიმართა.

სარჩელის თანახმად, მთავრობა მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტის უმოქმედობიდან და მისი წერილობითი უარიდან თვალნათლივ ჩანს, რომ პრეზიდენტი მოქმედებდა არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური მოტივით, რაც სცდება მისი უფლებამოსილების ფარგლებს, იჭრება მთავრობის უფლებამოსილებაში, შესაბამისად, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.

დღეს კი ცნობილი ხდება, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სხდომაზე სარჩელი უკვე მიიღეს.

საქმე ეხება დავას, რომლის საგანიც „საქართველოს ელჩებისა და დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელების დანიშვნისა და გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის უმოქმედობის კონსტიტუციურობაა.“

როგორც სხდომის საოქმო ჩანაწერშია აღნიშნული, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი იზიარებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოსაზრებას, რომლის თანახმადაც, იმ საკითხის გამორკვევა, კონსტიტუციურია თუ არა პრეზიდენტის მიერ ელჩებისა და დიპლომატიური წარმომადგენლების მთავრობის მიერ წარდგენილი კანდიდატების დანიშვნაზე უარის თქმა, მოითხოვს საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული პრეზიდენტისა და მთავრობის უფლებამოსილებების ფარგლების განმარტებას.

Leave a Reply