“სტუდენტები ევროპული მომავლისათვის” – განცხადება
სისტემური ცვლილება პირველ რიგში საორგანიზაციო ამოცანაა და საჭიროებს მეტი ადამიანის ჩართულობას.
20 ივნისის პროტესტზე “სირცხვილიამ” კი არ გამოიყვანა ხალხი, ხალხი თვითონ გამოვიდა. საჭიროა, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ამ ადამიანების ჩართვა!
“სტუდენტები ევროპული მომავლისათვის”, რომელიც აერთიანებს საქართველოა უნივერსიტეტების სტუდენტს, მიგვაჩნია, რომ ამა წლის 3 ივლისის აქციის ორგანიზატორი, სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილიას” ლიდერები, ისევე როგორც ბოლო 3 წლის მანძილზე გამართული რამდენიმე ხალხმრავალი დემონსტრაციისას, ნებსით თუ უნებლიედ, ახერხებს საპროტესტო დემონსტრაციების მასშტაბის, მუხტისა და სულისკვეთების გახლეჩასა და შესუსტებას.
ლეგიტიმურია ყველა ის კითხვა თუ პრეტენზია, რომელიც საზოგადოებას და განსაკუთრებით, სტუდენტებს აქვთ აღნიშნული ქმედებების მავნებლურ შედეგებზე, რაზეც სამწუხაროდ მორიგ ჯერზე პასუხისმგებლობას გაურბის “სირცხვილია”.
ქართული საზოგადოება იმსახურებს იცოდეს პროცესის გეგმა და სტრატეგია. “სირცხვილიას” ლიდერების მიერ წარმოებული საპროტესტო აქცია წყალს ასხამს “ქართული ოცნების” წისქვილზე. სწორედ “სირცხვილიას” ლიდერების ძალისხმევით, 150 000 კაციანი პროტესტი ორ კვირაში, 50 ადამიანამდე დაიყვანეს.
გვინდა აღვნიშნოთ, რომ მოძრაობა “სირცხვილია” აერთიანებს მრავალ ღირსეულ და ქვეყნისთვის თავდადებულ ადამიანს, რომლებიც ჩვენსავით მოტყუებულები აღმოჩნდნენ.
ჩვენი პრეტენზიები მიმართულია მხოლოდ და მხოლოდ გადაწყვეტილებების მიმღებ პირებზე, მათზე, ვინც ამ რეალობაში ჩაგვაყენა და ეს არ ხდება პირველად.
ამჯერად, გამომდინარე საერთო სახალხო პროტესტის არნახული სულისკვეთებისა და ჩვენი ქვეყნის ისტორიული შესაძლებლობის სწორად გააზრებისა, ქართული საზოგადოება და მისი ახალგაზრდობა არ დაუშვებს საპროტესტო ტალღის შესუსტებას და ოლიგარქისთვის სასათბურე პირობების შექმნას, რათა მან საბოლოოდ გადაჩეხოს ჩვენი სახელმწიფო რუსულ პერიფერიულ უფსკრულში !
ჩვენ, სტუდენტები, ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად ვმართავდით შეხვედრებს საქართველოს მოსახლეობასთან როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში, ვიცით ხალხის განწყობა და სურვილი და სწორედ ამიტომ, ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი ევროპული მომავლისთვის.
ჩვენი მოძრაობა ხსნის პროცესს, რათა საპროტესტო ტალღამ მიიღოს ნამდვილად საერთო სახალხო ხასიათი.
სწორედ ამიტომ, ჩვენი კარი ღიაა არა მარტო სტუდენტებისთვის, არამედ საზოგადოების ყველა ფენისა და თაობის წარმომადგენლებისთვის.
სტუდენტები დარჩებიან ამ მოძრაობის ფლაგმანად და ლოკომოტივად, თუმცა, ჩვენ შემოგვიერთდებიან ლექტორები, მასწავლებლები და უფროსი ასაკის სხვა ადამიანები.
რადგან კიდევ ერთხელ აღმოვჩნდით მოტყუებულები, ჩვენ ავიღებთ პროცესების მართვას ჩვენს თავზე და გავაგრძელებთ ჩვენი გეგმით სვლას.
შემოგვიერთდით ევროპული მომავლისთვის !

Leave a Reply