საია-მ 2021 წლის 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შედეგები წარმოადგინა. საია-ს თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილის განცხადებით, 5 ივლისის საქმეზე მიმდინარე გამოძიებასთან არაეფექტურობასთან დაკავშირებით არაერთი პრობლემა იკვეთება. კერძოდ, საქმეზე 30 პირია გამოვლენილი, რომელთა მიმართ უმრავლეს შემთხვევაში სასჯელი პროპორციული არ ყოფილა, თუმცა უფრო მნიშვნელოვანია, რომ „ამ 30 ადამიანს მიღმა არის კიდევ ბევრი მოძალადე, რომელიც სახელმწიფოს არ გამოუვლენია და არ დაუსჯია“.

ორგანიზაციის თავმჯდომარე შესაბამის საგამოძიებო უწყებებს მოუწოდებს, რომ სისხლის სამართლებრივი დევნა აქციის ორგანიზატორების მიმართაც დაიწყოს.

„დღეს გავიდა 1 წელი 5 ივლისის ტრაგიკული მოვლენებიდან. გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია რა გააკეთა, ან რა არ გააკეთა სახელმწიფომ იმისათვის, რომ გამოძიებული ყოფილიყო საშინელი დანაშაულები, რომელიც ჩაიდინეს მოძალადე ჯგუფებმა. გვახსოვს სახელმწიფოს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების და პრემიერ-მინისტრის მხრიდან წახალისება, რომელმაც მწვანე შუქი აუნთო მოძალადე ჯგუფებს. ვხედავთ პრობლემებს გამოძიების არაეფექტურობასთან მიმართებით. საქმეზე 30 პირია გამოვლენილი, რომელთა მიმართ უმრავლეს შემთხვევაში სასჯელი პროპორციული არ ყოფილა. უფრო მნიშვნელოვანია, რომ ამ 30 ადამიანს მიღმა არის კიდევ ბევრი მოძალადე, რომელიც სახელმწიფოს არ გამოუვლენია და არ დაუსჯია. ასევე მნიშვნელოვანია აქციის ორგანიზატორების ნაწილიც, რადგან სახელმწიფოს და საგამოძიებო ორგანოებს არავითარი ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამთ. ვერ ვხედავთ ნაბიჯებს ორგანიზატორების მიმართებით, მიუხედავად იმისა, რომ არაერთი მტკიცებულება არსებობს.

ეს ადამიანები არიან: ზურა მახარაძე, ირაკლი მარტინენკო, შოთა მარტინენკო, გიორგი ქარდავა, კონსტანტინე მორგოშია, ალექსანდრე და გურამ ფალავანდიშვილები, ასევე სპირიდონ ცქიფურიშვილი. მოვუწოდოთ სამართლებრივ ორგანოებს, რომ მათ მიმართებით არსებობს სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველი“, – აღნიშნა ნიკა სიმონიშვილმა.

Leave a Reply