პარლამენტის დეპუტატები: თეონა აქუბარდიახათუნა სამნიძე, თამარ კორძაია, ანა ნაცვლიშვილი და ანა ბუჩუკური ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ეხმაურებიან „ორგანიზებულ შეტევას აშშ-ს ელჩის კელი დეგნანის მისამართით და დეზინფორმაციულ ნარატივს, თითქოს ამერიკას სურს საქართველოს რუსეთთან ომში ჩართვა“.

როგორც დეპუტატები აღნიშნავენ, ეს საფრთხის შემცველია ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებისათვის და აძლიერებს რუსეთს.

დეპუტატები მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას დროულად და ადეკვატურად მოახდინოს რეაგირება დეზინფორმაციულ კამპანიაზე.

„ამ ერთობლივი წერილით გვსურს გამოვეხმაუროთ “ქართული ოცნების” რიგი წევრების, თუ მისგან „გადგომილების“ ორგანიზებულ შეტევას აშშ-ს ელჩის ქალბატონ კელი დეგნანის მისამართით და მათ ღიად დეზინფორმაციულ ნარატივს, თითქოს ამერიკას სურს საქართველოს რუსეთთან ომში ჩართვა, რაც აძლიერებს საქართველოში ანტიდასავლურ კამპანიას და ეწინააღმდეგება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს.

მიგვაჩნია, რომ მიმდინარე დეზინფორმაციული კამპანია, რომელშიც ჩვენი კოლეგები ჩართნენ, საფრთხის შემცველია ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებისათვის. სწორედ ამიტომ, გვსურს მათ და საზოგადოებას კიდევ ერთხელ ავუხსნათ, რომ ომი არა დასავლეთის, არამედ რუსეთის პოლიტიკის გაგრძელებაა სხვა ხერხებით.

თუ რატომ არის კრემლისთვის სასარგებლო დეზინფორმაციული განცხადებები აშშ-ს საქართველოს ომში ჩართვასთან დაკავშირებით, ამის მარტივად ახსნა შემდეგია: ომი დაიწყო რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ, რისი შედეგიცაა განგრძობითი ოკუპაცია, ასიათასობით დევნილი საკუთარ სამშობლოში, რუსეთის მიერ ჩვენი რეგიონების მილიტარიზაცია და ანექსიური პროცესები.

რუსეთის მიერ დაწყებული ომი საქართველოს წინააღმდეგ დღემდე მიმდინარეობს რუსული ჰიბრიდული ომის ტაქტიკის გამოყენებით, რამდენადაც რუსეთის ინტერესია საქართველოს საკუთარი გავლენის სფეროში დაბრუნება და საგარეო და საშინაო პოლიტიკის დღის წესრიგის რუსეთის ინტერესების შესაბამისად გატარება. რუსეთი ჰიბრიდული ომის ტაქტიკის გამოყენებით უპირისპირდება საქართველოს საერთო ღირებულებას დასავლეთთან, რაც მდგომარეობს ქვეყნის სუვერენიტეტის პრინციპის პატივისცემაში, დემოკრატიზაციაში, კეთილდღეობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, ისევე როგორც ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებაში, რაც შექმნის უსაფრთხოების და კეთილდღეობის ქოლგას საქართველოს ინტერესების დასაცავად“ – აღნიშნულია განცხადებაში.

Leave a Reply