სულხან მესხიძე

ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი

 

“ჩემი აზრით, 29 წლიანი ისტორიის მქონე ტელევიზიას არ უნდა სჭირდებოდეს მისი არსებობის მნიშვნელობის ახსნა, თუმცა მაინც ვიტყვი მოკლედ.

ამ დროის განმავლობაში მაუწყებელი ანგარიშვალდებული იყო მხოლოდ ხალხთან. ჩვენ ვხედავდით მათ საჭიროებებს. არხი არასდროს მოქცეულა ვინმეს გავლენის ქვეშ. რომ არა TV25, ბევრი რამ უბრალოდ არ გეცოდინებოდათ.

ინფორმაციის გახმოვანების შემდეგ სოციალურ ქსელში რამდენიმე კომენტარი შემხვდა დამცინავი: „მარტო ნეკროლოგებს ვუყურებდით თქვენს არხზეო“ – სიმართლე გითხრათ ძალიან მეწყინა ასეთი დამოკიდებულება. ქილიკის თემა კი არის, მაგრამ ამ წყაროთი შემოსული ფინანსები უზრუნველყოფს სრულ, დამოუკიდებელ სარედაქციო პოლიტიკას.

თუ ფიქრობთ, რომ TV25-ის გარეშე თქვენი ცხოვრება უფრო უკეთესი იქნება – კარგი. უბრალოდ გახსოვდეთ, სისტემა ყველას კართან მივა, შემდეგ კი საშველად ვეღარ დარეკავთ ახლობელ მედიაში – აი იმ მედიაში, როცა სახლს ცეცხლი ეკიდებოდა, წყლით ოთახები იტბორებოდა და 112 ნაცვლად 0422 27 69 25-ზე, რომ რეკავდით…

მიუხედავად არსებული გამოწვევებისა ჩემი გუნდი მაინც დაუღალავად შრომობს თქვენი ინფორმირებისთვის. ჩვენთვის TV25 მხოლოდ სამსახური არ არის, თითოეულ ჩვენგანს შეუძლია უკეთესი პირობებითა და ანაზღაურებით სხვაგან დასაქმება, მაგრამ…

არხი მძიმე ფინანსურ მდგომარეობამდე მიიყვანა ხელისუფლების დაუსაბუთებელმა და მიზანმიმართულმა გადაწყვეტილებებმა. რეკლამის შესახებ კანონის გამკაცრებამ, გაზრდილმა გადასახადებმა, ონლაინ თამაშების რეკლამირების აკრძალვამ, სრულმა იგნორმა – აქ იგულისხმება კომენტარებსა და გადაცემაში მონაწილეობაზე უარის თქმა. საერთო ჯამში არაკონკურენტულ და არათანაბარ პირობებში ჩაყენებამ მცირე მედიები ჩამოშლის პირას მიიყვანა.

იმისთვის, რომ მუდმივად ისმოდეს ხალხის ხმა. იმისთვის, რომ დაისვას ობიექტური კითხვები აჭარაში არსებულ პრობლემებზე, მოვიპოვოთ პასუხები იმ საკითხებზე, რაც ხალხს აწუხებს, TV25-ის არსებობა მნიშვნელოვანია.

29 წელი ყოველ დღე მუდმივად ვმუშაობთ იმისთვის, რომ შელამაზების გარეშე, მოგიყვეთ, რეგიონსა და ქვეყანაში არსებული პოლიტიკურ-სოციალური მდგომარეობა, ამისთვის კი აუცილებელია, ხელისუფლების, ოპოზიციის, მესამე სექტორის, ბიზნესისა და ერთგული მაყურებლის გვერდში დგომა. გახსოვდეთ, ჩვენ ვმუშაობთ თქვენთვის და გვსურს ასე გავაგრძელოთ.

…და ბოლოს, წარმოიდგინეთ თქვენი ყოველდღიურობა TV25-ის გარეშე…”

Leave a Reply