ჩვენი პოლიტიკური გუნდი მიიჩნევს, რომ არჩევნების ელექტრონული ფორმით ჩატარებას პოლიტიკური გამბედაობა სჭირდება და ხელისუფლებამ ეს გამბედაობა გამოიჩინა, – ამის შესახებ პარტია „მემარცხენე ალიანსის“ გენერალურმა მდივანმა, კახა ძაგანიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.

ძაგანიამ არჩევნების ელექტრონულად ჩატარების ინიციატივა შეაფასა. მისი თქმით, არჩევნების აღნიშნულ ფორმაზე გადასვლა ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

„საქართველოს უახლეს ისტორიაში, მას შემდეგ – რაც საქართველო დამოუკიდებელი გახდა, პოლიტიკური პარტიები ვცდილობთ, არჩევნები დამოუკიდებლად, დემოკრატიულად, გაყალბების გარეშე ჩატარდეს, მაგრამ შევარდნაძის ეპოქიდან დაწყებული დღემდე არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნებია. შევარდნაძის დროს არჩევნების გაყალბება ხელის გადაგრეხვით, პოლიციის საშუალებით ხდებოდა. იყო ბიულეტენების ურნაში უტიფრად ჩაყრა, ურნების გატაცება, სროლა. მეორე ეტაპი სააკაშვილის პერიოდში დაიწყო, უზარმაზარი თანხები იხარჯებოდა იმისათვის, რომ არჩევნები გაყალბებულიყო, კარუსელები ტრიალებდა, ეკონომიკურად გაჭირვებული მოქალაქეების მოსყიდვის საშუალებით არჩევნების გაყალბება ხდებოდა. არჩევნების სისწორესთან დაკავშირებით დღესაც კითხვის ნიშნებია. ამიტომ, ელექტრონული წესით არჩევნების ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი პოლიტიკური გუნდი მიიჩნევს, რომ არჩევნების ამ ფორმით ჩატარებას პოლიტიკური გამბედაობა სჭირდება და ხელისუფლებამ ეს გამბედაობა გამოიჩინა. ვფიქრობ, ისინი მიიჩნევენ, რომ მათ რეიტინგი აძლევთ იმის საშუალებას, შედეგი გაყალბების გარეშე მიიღონ და ხელისუფლებაში დარჩნენ. ყველა შემთხვევაში, ეს ძალიან წინგადადგმული, მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა.

ოპონენტები ფიქრობენ, რომ შესაძლოა, ჰაკერების საშუალებით არჩევნების გაყალბება მოხდეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ და იმედს ვიტოვებ, რომ ის კომპიუტერული პროგრამა, რომელსაც საქართველო ამ არჩევნების ჩასატარებლად შეიძენს, დაბალხარისხიანი არ იქნება, სხვა ქვეყნებში აპრობირებული პროგრამა იქნება, რომელიც ვინმეს საშუალებას არ მისცემს, არჩევნები გააყალბოს. ვესაუბრე IT სპეციალისტებს და მათი განცხადებით, ჩარევის შემთხვევაში კვალი მაინც რჩება. ანუ თუ ვინმე პროგრამის გამოყენებას სათავისოდ, არაკანონიერი გზით გადაწყვეტს, ის ჰაკერი რაღაც კვალს მაინც ტოვებს. ასევე დარწმუნებული ვარ, ამ პროგრამას დაცვის მექნიზმები ბევრი ექნება. რომ შევაჯამოთ: თუ ხელისუფლება ამას შეიძენს და არჩევნების ელექტრონულ ფორმაზე გადავალთ, ეს იქნება ძალიან კარგი, მნიშვნელოვანი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, ეს პროგრამა აბსოლუტურად დაცული უნდა იყოს, რათა ვინმემ ჩარევა და ხალხის ნების გაყალბება ვერ შეძლოს, ასევე ის სხვა ქვეყნებში გამოცდილი უნდა იყოს“, – განაცხადა ძაგანიამ.

Leave a Reply