სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თავდაცვის სამინისტროს ყოფილი სამხედრო მოსამსახურის, მიხეილ ქამხაძის პირადი საქმის მასალების, უკრაინის ქალაქ ლისიჩანსკის ტერიტორიაზე, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლების ხელში აღმოჩენის შესახებ, საზოგადოების მაღალი დაინტერესებიდან გამომდინარე, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შუალედურ შედეგებს ასაჯაროებს.

როგორც სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გამოძიებით დადგინდა, რომ საქმე ხელუხლებელია და გატანის ან ასლების გადაღების ფაქტი არ იკვეთება.

„2016 წლის 14 აგვისტოს მიხეილ ქამხაძე თავდაცვის ძალებიდან ზღვრული ასაკით დაითხოვეს, მისი პირადი საქმე კი, კანონის დაცვით, საცხოვრებელი ადგილის შესაბამისად, ქ.თბილისის გლდანის რაიონული გამგეობის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურში გადაიგზავნა.

გამოძიებით დადგინდა, რომ საქმე ხელუხლებელია და გატანის ან ასლების გადაღების ფაქტი არ იკვეთება. ამასთან, მიხეილ ქამხაძის შესახებ რაიმე სახის დოკუმენტი თავდაცვის სამინისტროში არ ინახება. ასევე დგინდება, რომ რუსული მედიასაშუალებებით გავრცელებულ ქალაქ ლისიჩანსკში აღმოჩენილ სამხედრო მოსამსახურის პირად საქმეს, გლდანის რაიონის სამხედრო განყოფილებაში დაცულ მიხეილ ქამხაძის პირად საქმესთან კავშირი არ გააჩნია და აღნიშნული შესაძლოა წარმოადგენდეს მიხეილ ქამხაძის მიერ 2016 წელს პირადად შეგროვებული დოკუმენტების კრებულს, რაც მან გამოკითხვის დროს არ უარყო. საქმის ფარგლებში მედიასაშუალებებით გავრცელებულ მასალებზე ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა, რომ გავრცელებული დოკუმენტების უმრავლესობა სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურში დაცული სამხედრო მოსამსახურის პირადი საქმის შემადგენელ დოკუმენტებთან იდენტური არ არის, გარდა დიპლომებისა და სერტიფიკატისა, რომელიც არასაიდუმლოა და მიხეილ ქამხაძის განცხადებით მათი დედნები ინახება მასთან სახლში“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Leave a Reply