კანონის პროექტი, რომელიც რუსეთის ფედერაციის, როგორც სამხედრო ოკუპაციის განმახორციელებელი სახელმწიფოს მოქალაქეებისთვის, სავიზო რეჟიმის დაწესებას ითვალისწინებს, პარლამენტში ინიცირებულია.

პროექტის ინიციატორები პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატები – ანა ნაცვლიშვილი, შალვა შავგულიძე, სალომე სამადაშვილი და დავით უსუფაშვილი  არიან.

პროექტის გათვალისწინებით, ზოგადი წესისგან განსხვავებით, ტურისტული ვიზის (C1 და C2 კატეგორიის) აღება შესაძლებელი იქნება მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე არსებულ საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილ სასაზღვრო გამტარ პუნქტში, ინსპექტირების შედეგად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ.

საკანონმდებლო შეზღუდვებისგან თავისუფლდებიან პირები, რომლებიც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობას ფლობენ, მაგრამ საქართველოს მოქალაქეობა ჰქონდათ და გავიდნენ მოქალაქეობიდან ან დაკარგეს იგი.

პროექტით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქემ საქართველოში შემოსვლამდე წერილობით უნდა დაადასტუროს, რომ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და რომ “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ.

საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქმება პირს, რომლის კუთვნილ ნივთებზე ან სატრანსპორტო საშუალებაზე გამოსახულია არასამშვიდობო სიმბოლიკა. თავის მხრივ არასამშვიდობო სიმბოლიკა ისეთ სიმბოლიკას გულისხმობს, რომელიც დაკავშირებულია კომუნისტურ და ფაშისტურ ტოტალიტარულ იდეოლოგიასთან და გამოხატავს ამ ტოტალიტარულ რეჟიმს; აგრეთვე სიმბოლიკას, რომელიც დაკავშირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში განხორციელებულ სამხედრო აგრესიასთან და გამოხატავს ამ აგრესიას. ამ უკანასკნელში იგულისხმება რუსული აგრესიის სიმბოლოდ ქცეული ლათინური ასოების Z-ისა და V-ს გრაფიკული გამოსახვა.

Leave a Reply