ეროვნული ბანკი არ ეთანხმება “ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით “ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის მიხედვით, ეროვნული ბანკის საბჭოს შემადგენლობას პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ემატება.

გარდა ამისა, ეროვნულ ბანკს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მიზანშეწონილად არ მიაჩნია და ცვლილებების დეტალური ანალიზისა და კონსულტაციების გამართვის საჭიროებას ხედავს.

“ეროვნული ბანკის საბჭოს შემადგენლობაში 9 წევრიდან 4 აღმასრულებელი წევრია – პრეზიდენტი და 3 ვიცე-პრეზიდენტი, ხოლო 5 წევრი არააღმასრულებელი უნდა იყოს. ამჟამად, ეროვნულ ბანკში ვაკანტურია ერთი არააღმასრულებელი წევრის პოზიცია. შემოთავაზებული კანონპროექტით, საბჭოს 5 წევრი აღმასრულებელი, ხოლო 4 არააღმასრულებელი იქნება, რითაც ცალსახად გაუქმდება ეროვნული ბანკის საბჭოს, როგორც დამოუკიდებელი ზედამხედველი ორგანოს როლი, ვინაიდან საბჭოს შემადგენლობის უმრავლესობა აღმასრულებელი წევრები იქნებიან – როგორც არააღმასრულებელი წევრის არსებული ვაკანტური პოზიციის შევსების შემთხვევაში, ისე არააღმასრულებელი წევრების კანონით დადგენილი რაოდენობის გაზრდისას, თუკი ვაკანსიები რეალურად არ შეივსება“, – აცხადებს ეროვნული ბანკი.

Leave a Reply