პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალუდა ღუდუშაური საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორებს, პროფესორ-მასწავლებლებს და სტუდენტების ჯგუფს შეხვდა.

შეხვედრაზე იმყოფებოდა ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორი კახა ძაგანია, რომელსაც ტელეკომპანია ახალი დაუკავშირდა.

-ბატონო კახა, რატომ შეხვდით ალუდა ღუდუშაურს და რა საკითხები იყო განხილული?

-დეპუტატმა სტუმრებს კანონშემოქმედებითი საქმიანობის ის მიმართულებები გააცნო, რომლებიც ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის და მართლწესრიგის უზრუნველყოფის კუთხით ტარდება. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ქვეყანაში ადამიანი, მისი უფლებების და იმ ღირებულებების დაცვა წარმოადგენს, რომელიც ადამიანის ღირსებას და მისი უფლებების განხორციელებას უკავშირდება.

მაინც, კონკრეტულად რას ემსახურებოდა ეს შეხვედრა?

-როგორც იცით, საკანონმდებლო პროცესში მნიშვნელოვანია აკადემიური წრეების და უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენელთა მოსაზრებების, შეხედულებების და წინადადებების გაცნობა და აღნიშნული შეხვედრაც სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა. ჩვენ გავცვალეთ მოსაზრებები თუ როგორ წარმოგვიდგენია საქართველოს ხვალინდელი დღე და ქვეყნის განვითარების მომავალი. ჩვენ ვისაუბრეთ უკვე განხორციელებულ რეფორმებზე და იმ მიმართულებებზე, რომლებიც საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი.

-როგორი იყო ალუდა ღუდუშაურის რეაქცია?

-დეპუტატმა შეხვედრის ბოლოს აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის შესახებ რაც უფრო მეტი ინფორმაცია ეცოდინება აკადემიური წრის წარმომადგენლებს, სტუდენტებს და ზოგადად საზოგადოებას, მით მეტი ჩართულობა იქნება და ურთიერთთანამშრომლობა უფრო დინამიური გახდება.

-თქვენ, თქვენს სტუდენტებთან და კოლეგებთან ერთად არაერთი მნიშვნელოვანი საქმე წამოიწყეთ და ძალიან საჭირო წინადადებებიც გააჟღერეთ, იმედია კიდევ ბევრ საინტერესო ინიციატივას გააჟღერებთ, წარმატებას გისურვებთ და ბოლოს, რომ შეაჯამოთ ეს შეხვედრა.

-შეხვედრის მონაწილეები შემდგომი თანამშრომლობის ფორმატზე შევთანხმდით და სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, პარლამენტში საკანონმდებლო წინადადებების წარდგენის მნიშვნელობაზე ვისაუბრეთ, ასე რომ, შემიძლია ვთქვა, რომ შეხვედრა ნამდვილად პროდუქტიული იყო.

Leave a Reply