თეონა აქუბარდია

-წერილი პარლამენტის თავმჯდომარის და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის სახელზე პარლამენტის მიერ დეპუტატებისთვის კონსტიტუციით და რეგლამენტით გათვალისწინებული უფლების კანონპროექტის წარდგენასთან დაკავშირებით წართმევის შესახებ. პარლამენტის ბიურომ არ დაარეგისტრირა ჩვენი ალტერნატიული კანონპროექტი, რითაც ოკუპანტი ქვეყნის გავლენების წინააღმდეგ ბრძოლა უნდა მიმდინარეობდეს ოკუპირებულ ქვეყანაში.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს,
ბატონ შალვა პაპუაშვილს
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა
კომიტეტის თავმჯდომარეს, ბატონ ანრი ოხანაშვილს
როგორც თქვენთვის ცნობილია, საკანონმდებლო ინიციატივის უფლება პარტამენტის წევრის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა და კონსტიტუციით განსაზღვრული ამ უფლების უზრუნველყოფის პროცედურები და მექანიზმები საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით წესრიგდება.
პარლამენტის რეგლამენტი უზრუნველყოფს, პარლამენტის წევრის საკანონმდებლო ინიციატივის 2 ფორმით განხორციელების გარანტიებს, კერძოდ: კანონპროექტის წარდგენა და ალტერნატიული კანონპროექტის წარდგენა. აღნიშნული კონსტიტუციური უფლების პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურა ითვალისწინებს ერთადერთი მკაფიო წინაპირობის ჩანაწერს, რომ ალტერნატიული კანონპროექტის წარდგენისთვის, პარლამენტის წევრმა, ეს პროექტი უნდა წარადგინოს ძირითადი კანონპროექტის წამყვან კომიტეტზე განხილვამდე (პარლამენტის რეგლამენტის 108-ე მუხლის პირველი პუნქტი).
ამასთან, პარლამენტის ბიუროს მთავარი ვალდებულება და ფუნქცია არის საკანონმდებლო პროცესის და პარლამენტის წევრის კონსტიტუციით გარანტირებული საკანონმდებლო ინიციატივის ორგანიზაციულ-პროცედურული უზრუნველყოფა (რეგლამენტის 24-ე მუხლი). პარლამენტის ბიურო საკანონმდებლო ინიციატივის გარანტიის და პროექტის განხილვის უფლების რეალიზების ტექნიკურ-პროცედურული დამხმარე რგოლია, იგი არ არის აღჭურვილი უფლებით, უარი თქვას საკანონმდებლი ინიციატივით წარდგენილი კანონპროექტის, ან ალტერნატიული კანონპროექტის რეგისტრაციასა და განხილვის დაწყებაზე.
აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტის წევრების: სოზარ სუბარის, მიხეილ ყაველაშვილის, დიმიტრი ხუნდაძის, გურამ მაჭარაშვილის, ვიქტორ ჯაფარიძის, ირაკლი (დაჩი) ბერაიას, ეკა სეფაშვილის, დავით კაჭარავას და ზაალ მიქელაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტების „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ (07-3/293; 14.02.2023), ასევე, საქართველოს პარლამენტის წევრების: სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილი, გურამ მაჭარაშვილის, ირაკლი (დაჩი) ბერაიას, ვიქტორ ჯაფარიძის მიერ, საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ (07-3/296/10; 22.02.2023) წამყვან, ანუ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე პირველი მოსმენით განხილვამდე, საქართველოს პარლამენტის წევრებმა: ბექა ლილუაშვილმა, ანა ბუჩუკურმა, შალვა კერესელიძემ, ალეკო მოწერელიამ, მიხეილ დაუშვილმა და თეონა აქუბარდიამ ვისარგებლეთ კონსტიტუციით გარანტირებული საკანონმდებლო ინიციატივით და 2023 წლის 2 მარტს წარვადგინეთ და დავარეგისტრირეთ ალტერნატიული კანონპროექტები „ოკუპანტი ქვეყნის – რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ“ და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.
აღნიშნულის გათვალისწინებით, პარლამენტის ბიურო ვალდებულია, უზრუნველყოს ჩვენი კონსტიტუციური უფლების გარანტირებულად შესრულება, რომ მოხდეს ძირითადი კანონპროექტებისა და ჩვენ მიერ რეგისტრირებული ალტერნატიული კანონპროექტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე განხილვა. ამასთან, ისევე როგორც პარლამენტის ბიურო, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტიც ვალდებულია, უზრუნველყოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლების რეალიზება და კომიტეტის სხდომაზე განხორციელდეს ორივე (ძირითადი და ალტერნატიული) კანონპროექტების ერთადროულად განხილვა.
მოგმართავთ პარლამენტის თავმჯდომარეს და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, რომ უზრუნველყოთ კონსტიტუციის დაცვა, კონსტიტუციით დაკისრებული ვალდებულების შესრულება და შექმნათ პირობა, რომ ჩვენი საკანონმდებლო ინიციატივის, რეგლამენტის სრული დაცვით წარდგენილი ალტერნატიული კანონპროექტის განხილვა მოხდეს ძირითად კანონპროექტთან ერთად, რეგლამენტით დადგენილი წესით. ეს შესაძლებელია როგორც პარლამენტის ბიუროს სხდომის დაწყების დროის გადმოწევით ჩვენი ალტერნატიული წინადადების განხილვის დაწყების გაფორმებისთვის, რომ ამის შემდგომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ძირითადი და ალტერნატიული კანონპროექტების ერთად განხილვა განხორციელდეს, ასევე შესაძლებელია კომიტეტის სხდომაზე ძირითადი კანონპროექტების განხილვის დროის გადაწევით ბიუროს სხდომის დასრულების შემდგომ დრომდე.
ჩვენ პარლამენტის თავმჯდომარისგან და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარისგან მოვითხოვთ კონსტიტიციით დაკისრებული ვალდებულების შესრულებას და მოგიწოდებთ, რომ დაცული იქნას კანონპროექტის განხილვის კონსტიტუციური და საკანონმდებლო პროცედურები. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოგვიწევს, მივმართოთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს.

Leave a Reply