პროკურატორის განცხადება
„ყველა იმ პირს, ვინც მიუთითებდა არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტებზე, მიეცა შესაძლებლობა მიეწოდებინა მის ხელთ არსებული ინფორმაცია თუ მტკიცებულებები, მათ მიერვე გაჟღერებულ ფაქტებთან დაკავშირებით. უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად საჯაროდ გაცხადებული სურვილისა, გამოძიებასთან თანამშრომლობის თაობაზე, მათმა დიდმა ნაწილმა უარი განაცხადა საგამოძიებო ორგანოში გამოკითხვაზე და სასამართლოში გამოკითხვა მოითხოვა, ნაწილმა კი საერთოდ უარი განაცხადა თანამშრომლობაზე.
აღსანიშნავია, რომ სასამართლოში დაკითხვისას მოწმეთა უმეტესმა ნაწილმა გამოძიებას ვერ მიაწოდა ვერანაირი სახის მტკიცებულება და მათი არგუმენტაცია მხოლოდ მესამე პირების მიერ მიწოდებულ დაუზუსტებელ ინფორმაციას ეყრდნობოდა. ისინი აპელირებდნენ მასმედიაში გაჟღერებულ ფაქტებზე, ხოლო ცალკეულმა მოწმეებმა გამოძიებას განუცხადეს, რომ მათ მიერ გაკეთებული განცხადებები არჩევნების გაყალბების კონკრეტულ ფაქტებზე ემსახურებოდა პრევენციულ ღონისძიებას და არ შეიცავდა რეალურ ფაქტებზე დამყარებულ ინფორმაციას.
მიუხედავად ამისა, გამოძიების მიერ გამოიკითხა იმ პირთა უმრავლესობა, ვინც დასახელდა რაიმე სახის ქმედებაში მონაწილედ და ფაქტების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით ჩატარდა სათანადო საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები.
გამოძიების მიერ ასევე გამოიკითხა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, კომისიის ცალკეული წევრები და სხვა თანამშრომლები, რომლებიც ფლობდნენ ინფორმაციას არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით.
ამ ეტაპზე, სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხულია ოთხასამდე ფიზიკური პირი და მოწმეთა გამოკითხვის პროცესი ამჟამადაც გრძელდება. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მოვუწოდო გამოსაკითხ პირებს ითანამშრომლონ საგამოძიებო ორგანოსთან და წარმოადგინონ ნებისმიერი სახის მტკიცებულება არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტებთან დაკავშირებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
საქართველოს პროკურატურა აგრძელებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას, რომლის შედეგებთან დაკავშირებითაც პერიოდულად მოვახდენთ საზოგადოების ინფორმირებას“