ქეთი მიქაძე
ბლოგი
უკვე მერამდენე ადამიანი დამიკავშირდა და მითხრა:
-დაინტერესდით, ჟურნალისტებო, რა ხდება ინტერნეტში. ვაკანსიას ნახავ, დაუკავშირდები, აგიხსნიან მოთხოვნებს, მოგეწონება, მერე მონაცემებს და პირადობას გამოგართმევენ და მერე იკარგებიან.
სიმართლე გითხრათ არ დავიჯერე და მერე მიმავიწყდა ეს თემა, მაგრამ ბოლო ორი დღეა მიკავშირდება მოქალაქე თ.წ. რომელმაც მითხრა:
-ჩემი გოგოები თაღლითობის მსხვერპლნი გახდნენ, სტუდენტები არიან და დისტანციურ სამუშაოს ეძებდნენ, მონახეს და მიწერეს, პირადობის მოწმობა და ფოტოც გადაუგზავნეს და მერე ის ადამიანი გაქრა, მესენჯერშიც დაბლოკა. გოგონებს ერიდებათ, ვერ ამბობენ, მაგრამ მე მინდა ამ თემით ვინმე დაინტერესდეს და გაასაჯაროოს, იქნებ სხვები დავიცვათ!
დავინტერესდი და მეც მივწერე იმ „პიროვნებას“, რომელიც დარეგისტრირებულია როგორც თეა გიუნაშვილი.
მალევე მიპასუხა. მითხრა, რომ ეს არის „კროკობეთის“ და „ლიდერბეთის“ დისტანციური რეგისტრატორის ვაკანსია.
მერე შევყევი საუბარში, ვეკითხებოდი მოვალეობებს და გზავნიდა დაკოპირებულ ტექსტებს, მაგრამ ბოლოს უკვე საუბარშიც გადმოვიდა. მითხრა რომ კოდები მოვიდოდა და უნდა მეთქვა. მართლაც სმს-ი მოვიდა „კროკობეთიდან“ და „ლიდერ-ბეთიდან“
მერე მოითხოვა ამ „თეა გიუნაშვილმა“ პირადობის ფოტოები, თან მითხრა – თუ 25 წლის არ ხარ, შეგიძლია სხვისი პირადობით იმუშავოო. ბოლოს კი მკითხა-რომელი გსურს-კროკობეთი თუ ლიდერბეთი, სად იქნები რეგისტრატორიო და რომ ვკითხე-რომელს მირჩევთთქო – წამსვე მესენჯერი დაიბლოკა, შეტყობინება კი „კროკობეთიდან“ მოვიდა – გილოცავთ, თქვენ მომხმარებლის აიდი ვერიფიკაციის პროცესი წარმატებით დასრულდა. ამ წამიდან მესენჯერი დაბლოკა და თავისი მიწერილები ყველა წაშალა.
ასე დასრულდა ამ თეა გიუნაშვილის მესენჯერის არსებობაც.
მახლა მე, როგორც ექსპერიმენტის ჩამტარებელს, მაინტერესებს-რა ბედი ელის ჩემს პირად ნომერს, ტელეფონის ნომერს ან ვინ დარეგისტრირდა ამ კოდებით.
მივმართავ როგორც სამართალდამცველებს, ასევე თავად „კროკობეთს“ და „ლიდერ-ბეთს“ – დაინტერესდეს ამ თაღლითობის სქემით, წარმოიდგინეთ, რამდენი ადამიანი გამოეხმაურება და რამდენი მოქალაქის პირადობას ააგროვებს!
მივყვები ამ საქმეს ბოლომდე და იმედია სხვას მაინც დავიცავ მსგავსი თაღლითებისგან.
გამოყენებული აქვს სხვისი ფოტო- თუ ვინმე იცნობს ამ ადამიანს მიაწოდეთ ინფორმაცია, რომ მის ფოტოს თაღლითები იყენებენ!