პრემიერ-მინისტრმა აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებს უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძის და საქართველოს სხვა მოქალაქეების გათავისუფლების მიზნით მაქსიმალური მხარდაჭერა სთხოვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, სტრატეგიული პარტნიორების – ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩებთან, კელი დეგნანსა და კარლ ჰარცელთან მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს შეხვედრა გამართა.
მთავრობის მეთაურმა, დიპლომატებს უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძის და საქართველოს სხვა მოქალაქეების გათავისუფლებისა და სახლში უვნებლად დაბრუნების მიზნით მაქსიმალური მხარდაჭერა სთხოვა.
შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო დონეზე დიპლომატიური და სამართლებრივი ბერკეტის, სტრასბურგის ადამიანის უფლებების საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოყენების მნიშვნელობაზე, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და ინციდენტებზე პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში საკითხის უმაღლეს დონეზე დასმის აუცილებლობაზე, რათა შეწყდეს საოკუპაციო ხაზზე ადამიანთა უკანონო დაკავებები და ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევის ფაქტები.
დიპლომატებმა კიდევ ერთხელ ღრმა შეშფოთება გამოთქვეს ცხინვალის დე-ფაქტო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საქართველოს მოქალაქის პატიმრობის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვეს მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების აუცილებლობას.
„ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა უაღრესად სერიოზულ სიტუაციასთან დაკავშირებით. აშშ გამოთქვამს ძლიერ შეშფოთებას და გმობს უკანონოდ დაპატიმრებული საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ გუშინ მიღებულ ზომას. იგი გასული წლის ივლისიდან მოყოლებული იმყოფება პატიმრობაში და მას წაყენებული აქვს სრულიად უსაფუძვლო, შეთითხნილი ბრალდებები, რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი. გამოვთქვამთ იმედს, რომ სერიოზულად იქნება განხილული ამ სიტუაციის დაუყოვნებლივ გადაჭრის და საქართველოს მოქალაქის მაქსიმალურად დროულად გათავისუფლების საკითხი“, – განაცხადა აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა.
„ეს ფაქტი დიდი შეშფოთების საგანია. უკვე რამდენიმე თვეა, რაც ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ამ საქმეს. ჩვენ ვმუშაობთ სხვადასხვა ინსტრუმენტის მეშვეობით: ინციდენტების პრევენციის და რეაგირების მექანიზმი, ცხელი ხაზი, ჟენევის მოლაპარაკებები. ეს ვერდიქტი, რომელიც მოჰყვა უკანონო დაკავებას, ცალსახად წარმოადგენს სიგნალს, რომელსაც ჩვენ ძალიან სერიოზულად ვეკიდებით. ჩვენ მოვითხოვთ ამ უკანონო პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. ჩვენ მომავალშიც გავადევნებთ თვალყურს ამ საკითხს. ჩემთვის დიდი პატივია, რომ პრემიერ-მინისტრის აპარატში მომიწვიეს ამ სიტუაციის განსახილველად. ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ აუცილებელია ამ თემაზე თვალყურის დევნება, რადგან ის ძალიან საჭირბოროტო საკითხს წარმოადგენს“, – აღნიშნა ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა კარლ ჰარცელმა.
შეხვედრაში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი კახაბერ ქემოკლიძე მონაწილეობდა.