უწყვეტი პროტესტი, უცნობი სახეები და ისტორიები

(რეპორტაჟი)

საავადმყოფოდან აქციაზე

პროტესტის 45-ე დღე და უწყვეტი აქციები თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში. დღესაც აქცია პარლამენტთან 19:00 საათზე დაიწყება, თუმცა მოქალაქეები უკვე ნელ-ნელა იკრიბებიან და ელოდებიან მსვლელობის შემოერთებას.

ტელეკომპანია ახალი მუდმივად ცდილობს გაესაუბროს და მაყურებელს მოასმენინოს საზოგადოებისთვის უცნობი ადამიანების სათქმელი, გაიგოს აქციების უბრალო მოქალაქეების ისტორიები.

დღესაც უამრავ ადამიანს გავესაუბრეთ და ახლა გვინდა გაგაცნოთ ოჯახი – ცოლ-ქმარი მარიამი და დავითი, რომლებიც, როგორც გვითხრეს აქციის დაწყების პირველივე დღიდან აქ არიან და დაზარალდნენ კიდეც, თუმცა არ შეშინდნენ და აგრძელებენ პროტესტს.

ჟურნალისტი

-გამარჯობა. გვითხრეს, რომ თქვენ აქციის დაწყების პირველი დღიდანვე აქ ხართ. რას აპროტესტებთ?

მარიამ ბალიაშვილი:

-ვაპროტესტებთ არჩევნების გაყალბებას, მშვიდობიანი ადამიანების დაპატიმრებას, ვაპროტესტებთ ძალადობას და ვითხოვთ ახალი არჩევნების ჩატარებას. მე წლების მანძილზე ორ სკოლაში ვმუშაობდი პედაგოგად, ღიად ვაფიქსირებდი ჩემს აზრს, 2021 წელს არჩევნებზე კომისიის წევრიც ვიყავი და მაშინაც შევესწარი გაყალბების მცდელობას. 2024 წლის არჩევნების დროს მქონდა ისევ შემოთავაზება, მაგრამ ვთქვი უარი. ყოველთვის ვაფიქსირებდი ჩემს განსხვავებულ აზრს, რის გამოს სკოლაში იყო დიდი ფსიქოლოგიური ზეწოლა და საბოლოოდ მაიძულეს დამეტოვებინა სამსახური. აი ასე იძულებით დავემშვიდობე მოსწავლეებს და ვარ უმუშევარი, სხვაგან არც არსად არ მიმიღებენ-პოლიტიკური აქტივობის გამო.

დავით ფეიქრიშვილი:

-მე ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი ვარ. 28-29 ნოემბერს ქაშუეთის ტერიტორიაზე გამოსწორდნენ ფიზიკურად, გამიტყდა ცხვირი, მქონდა უამრავი ჩაქცევა, დამჭირდა ქირურგიული ჩარევა. საავადმყოფოდან რომ გამოვედი, მაინც აქ მოვედი და ვიდგები ბოლომდე, რადგან ჩემი შვილის მომავალი წყდება დღეს რუსთაველზე. მე ყოფილი ჯარისკაცი და ომის ვეტერანი ვარ, კარგად ვიცი თავისუფლების ფასი.

-გაქვთ ამის დამადასტურებელი ფაქტი?

მარიამ ბალიაშვილი

-დიახ, რა თქმა უნდა, აი ფოტო, რომელიც კლინიკაში, ოპერაციის მერეა გადაღებული.

-დღეს, როდესაც აქციის მონაწილეები დაუცველები არიან, არის ძალადობა და მითუმეტეს, რაც ახალი კანონები ამოქმედდა მას მერე უამრავი დაკავება ვიხილეთ, მაინც აპირებთ გააგრძელოთ პროტესტი და აქციებზე სიარული?

მარიამი:

-რა თქმა უნდა, პირველივე დღიდან ვდგავართ აქ ხალხთან ერთად მე და ჩემი მეუღლე  მიუხედავად ფიზიკური ზეწოლისა და ბევრი არასასიამონვო ფაქტისა, მიუხედავად სამსახურის დაკარგვისა და გავაგრძელებთ ამ ბრძოლას.

დავითი:

-ისევ ვიდგები აქ ბოლომდე, სანამ მშვიდობა არ დამყარდება და არ დაინიშნება ახალი არჩევნები.

ჟურნალისტი:

-მადლობა საუბრისთვის და დიდი იმედი მაქვს, არც თქვენ და არც სხვებს არ მოუწევთ ჩემოდნების ჩალაგება.

ახლა კი გადავინაცვლოთ ცოტა წინ და ვნახოთ როგორ შემოვა მარში რუსთაველზე.

 

Leave a Reply