დღეს ნიკა მელიასთვის წაყენებული ულტიმატუმის ვადა იწურება – “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა დღის ბოლომდე უნდა გადაიხადოს 40 000 ლარი გირაოს სახით.
პროკურატურამ მელია უკვე გააფრთხილა, რომ ის სასამართლოს მიმართავს, რათა აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეეცვალოს.
თავის მხრივ, ნიკა მელია არ აპირებს თანხის გადახდას. თუ პარლამენტი მას იმუნიტეტს მოუხნის, ეს საგამოძიებო უწყებას პროცედურების აღსრულებას გაუადვილებს.
პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნიკა მელიას გირაოს თანხას მესამე პირი გადაიხდის.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, გიორგი ხვედელიანის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ გირაოს თანხა ვინმემ გადაიხადა, ეს ხელისუფლების მხრიდან მოწყობილი პროვოკაცია იქნება.
“დღეს ვადა ეწურება იმ ბომბს, რომელიც საკუთარ თავს დაუდო ხელისუფლებამ. ნიკა მელიამ მანამდეც განაცხადა და დღესაც ამბობს, რომ არც ის და არც მასთან დაკავშირებული ადამიანები არ აპირებენ გირაოს გადახდას. თუ ვინმე გადაიხდის, ეს იქნება ხელისუფლების პროვოკაცია. თუ ეს მოხდა, გამოჩნდება ვინ გადაიხდის, ის ვერ დარჩება ინკოგნიტოდ.
ნიკა მელია, მასთან დაკავშირებული ადამიანები, “ნაციონალური მოძრაობა” არ აპირებს ამ თანხის გადახდას, რადგან არ მიიჩნევს ლეგიტიმურად. ნიკა მელია ამ პროცესში არის როგორც მორალურად, ისე სამართლებრივად, ისე პოლიტიკურად, მართალი,”-განაცხადა გიორგი ხვედელიანმა.