ბლოგი
ანა ცაგარეიშვილი
ქართველი ემიგრანტი ამერიკაში

-მე ვარ ანა ცაგარეიშვილი, პატარა ხელოვანი, და 14 წლის ახალგაზრდა ემიგრანტი, რომელმაც საქართველო 12 წლის ასაკში დავტოვე. მესამე წელია რაც ნიუ იორკში ვცხოვრობ და გულით ვატარებ იმ ტკბილ მოგონებებს რომლებიც საქართველოდან აქ ჩამოვიტანე.
ჩემი ხელოვნების ისტორია საქართველოდან, 5 წლის ასაკიდან დაიწყო. ინტერესი ხატვის მიმართ პირველად მუზეუმში ვიზიტის შემდეგ გამიჩნდა. ხშირად ვსტუმრობდი მუზეუმებს, ვაკვირდებოდი მხატვრების ნამუშევრებს და ვფიქრობდი თუ როგორი საოცარი და შთამბეჭდავია ხელოვნება. მაშინ ვერასოდეს ვიფიქრებდი თუ ასე შემიყვარდებოდა ეს საქმიანობა თუმცა გავყევი გულის წადილს და მოვედი აქამდე.

სკოლის გრაფიკიდან გამომდინარე არ მქონდა იმის დრო რომ ხატვის გაკვეთილებზე წავსულიყავი და შემესწავლა აკადემიური ხელოვნება. 6 წლის ასაკში დავიწყე ცეკვის შესწავლა. ცეკვა არ მიყვარდა, რადგან ვიცოდი რომ ჩემს გულს ერთი წადილი ჰქონდა: რომ ხატვის გაკვეთილებს დავსწრებოდი. ცეკვის გაკვეთილებს 5 წლის განმავლობაში ვესწრებოდი და რადგანაც არ მიყვარდა, გადავწყვიტე დამეტოვებინა და გამოვსულიყავი. ვიცოდი რომ ცუდი გადაწყვეტილება არ მივიღე. სკოლასაც მეტ დროს და ყურადღებას ვუთმობდი. მქონდა ბევრი დრო მეხატა და მეკეთებინა ის რაც ყველაზე მეტად მიყვარდა…ოჯახი მხარს მიჭერდა, და სჯეროდათ რომ ერთ დღესაც ჩემი მხატვრული ნიჭით აუცილებლად იამაყებდნენ. ყოველთვის მქონდა საჭირო ნივთები, და ვცდილობდი რომ სახლში ინტერნეტის დახმარებით შემესწავლა ხატვა. არ დავნებდი. თუ იმ შედეგს არ მივიღებდი რაც მსურდა, თავიდან ვიწყებდი ხოლმე ხატვას…

გავიდა დრო, და მე და ჩემი მშობლები ამერიკაში ჩამოვედით. პირველად ძალიან რთული იყო ჩემთვის უცხო ქვეყანაში ყოფნა, და საქართველოს დატოვება, სადაც დავიბადე და გავიზარდე. იქ დავტოვე ბებიები, ბაბუები, ოჯახის წევრები, და მეგობრები, რომლებთანაც ერთად ძალიან ბევრი დრო მაქვს გატარებული. ისინი ყოველთვის ჩემს გვერდით იდგნენ, და მიჭერდნენ მხარს. ჩემი მეგრობები ახლაც სულმოუთქმელად ელოდებიან ჩემს საქართველოში დაბრუნებას. ვიზრდებით ერთმანეთისგან შორს, თუმცა მე მჯერა რომ ისინი არ დამივიწყებენ… ამერიკაში ჩამოსვლიდან მალევე დავიწყე საშუალო სკოლაში სიარული (Middle School-ში), სადაც დავიწყე ინგლისური ენისა და საგნების შესწავლა. მეშვიდე და მერვე კლასი წარმატებით დავამთავრე, და მეცხრე კლასიდან გადავედი მაღალ სკოლაში (High School-ში). სკოლა რომელშიც მოვხვდი არის ერთერთი ცნობილი და პრესტიჟული სკოლა ნიუ იორკში, სადაც მეთორმეტე კლასის ჩათვლით გავაგრძელებ სწავლას.
ეს ერთერთი ჩემი დიდი მიღწევა იყო რადგან ვოცნებობდი რომ განათლება კარგ სკოლაში მიმეღო. ასეც მოხდა. ენაც უკეთ ავითვისე, დავუმეგობრდი აქაურ ბავშვებს და ვაგრძელებ “ამერიკულ ცხოვრებას.” სკოლაზე რომ ბევრი არ ვისაუბრო, ხელოვნებით გავაგრძელებ. ამერიკაში ჩამოსვლას ჩემი ხელოვნებისთვის ხელი არ შეუშლია. გავაგრძელე იმის კეთება რაც ყველაზე მეტ სიამოვნებას მანიჭებდა. ისევ და ისევ ინტერნეტის მეშვეობით ვისწავლე ხატვა, და ვხედავდი პროგრესს. მაგრამ ყველაფერი წინ იყო… აქ ჩამოსვლიდან ერთი წლის შემდეგ, გაიმართა გამოფენა სადაც ქართველი ხელოვანები შეიკრიბნენ და წარმოადგინეს თავიანთი ნამუშევრები. მინდოდა მონაწილეობის მიღება, და ასეც მოვიქეცი. ეს გამოფენა იყო ჩემი პირველი გამოფენა სადაც ჩემი ნამუშევრები წარვადგინე. იმ დროს ვეძებდი სამხატვრო აკადემიას, ან მასწავლებელს, ვინც აკადემიურ დონეზე შემასწავლიდა ხატვას, მაგრამ უშედეგოდ. არ ვიყავი დარწმუნებული ვისთვის მიმემართა. მაგრამ ის ფესტივალი აღმოჩნდა ჩემი ისტორიის ყველაზე საინტერესო ნაწილი, რადგან იქ გავიცანი ჩემი ხატვის მასწავლებელი, ეკატერინე ტუჩაშვილი.

როცა მან ჩემი ნახატები იხილა, ძალიან დაინტერესდა და შემომთავაზა მის სტუდიაში მივსულიყავი. მაშინ ეკატერინემ მხოლოდ ჩემი სახელი იცოდა, და ფესტივალიდან 5 თვის განმავლობაში მეძებდა, მანამ სანამ არ მიპოვნა და დამიკავშირდა. როცა ის დამიკავშირდა, შუაღამე იყო, და ვუპასუხე მაშინვე. სიხარულისგან არ ვიცოდი რა მექნა, უბრალოდ დრო დავთქვით და მივედი მასთან აკადემიური ხატვის შესასწავლად. ეკატერინეს დღემდე ეკა მასწავებელს ვეძახი და შევარქვი “საუკეთესო მასწავლებელი” რადგან მან ეს დაიმსახურა. შემდეგ შემოგვემატნენ სხვა გოგონებიც, რომლებთანაც დავმეგობრდი და ვმუშაობთ ერთად როგორც ერთი ოჯახი. ეკატერინეს სტუდიაში დრო ჩერდება და ჩვენც განუწყვეტლივ ვმუშაობთ თითოეულ კონკურსსა და ფესტივალზე, რომ გავიმარჯვოთ.
გარდა ხატვისა, ბევრი ინტერესი მაქვს. მიყვარს მზარეულობაც, ქსოვა, ქარგვა, კერვა, სამკაულების კეთება, და ძერწვა, თუმცა ხატვა ჩემთვის ყოველთვის ნომერ პირველი იქნება. სულ ახლახანს გავიგე რომ ჩავირიცხე ნიუ იორკის ნომერ პირველ სამხატრვო ინსტიტუტში (სახელწოდებით Pratt Institute) სამ წლიანი დაფინანსებით სადაც უფრო ავიმაღლებ ხატვის დონეს. მჯერა რომ ყველაფერი წინ არის. ამით მხოლოდ ერთს ვიტყვი: “არასოდეს შეწყვიტო იმის კეთება რაც სიამოვნებას განიჭებს და გიყვარს რადგან მხოლოდ ამას შეუძლია წარმატების მოტანა.” და მე ვიმედოვნებ რომ ავიხდენ ჩემს ოცნებებს ამ დიდ ქვეყანაში…
