ემიგრანტის ხმა

შეიძ₾ება მისი ისტორია კონკიას ისტორიასაც შევადაროთ. ქალი, რომელმაც საკუთარი შრომის და ბრძლის ფასად შეძლო და დადგა ფეხზე. გაიცანით – ლიკა ქვარცხავა. 

-როგორია ემიგრაციაში ყოფნა?
-მოგზაურობისას სასიამოვნოა სხვადასხვა კულტურებსა და ხალხებს რომ ვეცნობით, მაგრამ უცხო ქვეყანაში, ყველაფერ უცხოსთან შეგუება, სამშობლოს მოწყვეტა და სრულიად ახალ, თან ინტერნაციონალურ ქალაქ ბრუკლინში ადაპტირება, დიდ ნებისყოფას ითხოვს.

-ამერიკაში ოჯახთან ერთად ხართ?
-მყავს ორი შვილი, 16 წლის გიორგი და 7 წლის იოანა, რომლებიც საქართველოში არიან და შვილების გარეშე ყოფნაც ემიგრაციის ურთულესი ნაწილია, ყოველ დღე რომ სინდისის ქენჯნა გაწუხებს და მათზე მხოლოდ ფინანსურად ზრუნვა შეგიძლია. ყველა დედის მთავარი დანიშნულება ხომ შვილების გვერდზე ყოფნა, მათთან ყოველდღიური დიალოგი, მათი განვითარების ხელშეწყობა, განსაცდელის დროს გამხნევება და ა.შ. მე-4 წელი სრულდება, რაც ამერიკაში ჩამოვედი და არ მტოვებს განცდა, როდესაც რაღაც მნიშვნელოვანს ქმნი, მაგრამ უფრო მეტს – კარგავ. აქ არაერთი ქალბატონი ვიცი, ვისაც 20-25 წელია შვილები არ უნახავთ. ტრაგედიაა.

-მეუღლე ნიუ-იორკში გაიცანით, როგორც ვიცი. ვინ არის?
-ანდრეი ლეპინი, დაბადებული გერმანიაში, თუმცა უკრაინელია, ყირიმიდან. 26 წელია ამერიკაში ცხოვრობს.


-როგორ გაიცანით ერთმანეთი?

-(იღიმის)ჩემი ერთი მეგობარი ბარმენს ხვდებოდა, რომელსაც 8 მარტს მუშაობა უწევდა. გვინდოდა, რომ ეს დღე რესტორანში აღგვენიშნა, მაგრამ მეგობრის თხოვნით, ცოტა ხნით კაფე-ბარში გავიარეთ, შეყვარებულთან. სწორედ ამ ბარმენთან მეგობრულ ურთიერთობაში მყოფი მომხმარებელი აღმოჩნდა ანდრეი. ჩემი მეგობარი და ბარმენი დაშორდნენ ერთმანეთს, ჩვენ კი – ოჯახი შევქმენით უკვე 2 წელზე მეტია.


-როგორ მოხვედით რესტორნის ბიზნესამდე?
-სანამ სამუშაო უფლებას მიიღებ, ძირითადად, სახლების დასუფთავებით საქმდები. არიან მრავალშვილიანი ოჯახები, სადაც დღესასწაულებზე ჭურჭელი ლამის ჭერამდე ადის. თან ტრადიციულად, თევზს მოიხმარენ და ხომ წარმოგიდგენიათ, სახლში როგორი სუნი დგება? სწორედ ამ პირობებში მიმუშავია მინიმალური ხელფასით. შემდეგ სხვადასხვა ინტერნეტ პლატფორმის დახმარებით ხანდაზმულთა მოვლა თეორიულად ვისწავლე. სანამ გამოცდილებას დააგროვებ და ,,ახალი ჩამოსული გქვია” (ძალიან გავრცელებული ფრაზაა, დაკნინების მიზნითაც რომ იყენებენ), ყველასათვის არასასურველ, ურთულეს პაციენტებთან გგზავნიან დამსაქმებლები. ოთხი თვის განმავლობაში სამ მომაკვდავ პაციენტთან მომიწია მუშაობა, რაც ცალ-ცალკე ვრცელი საუბრის თემაა. სამი საოცარი ადამიანი გავიცანი, რომელთა საუკეთესო მეგობარი სიცოცხლის ბოლო დღეებში მე ვიყავი და ამაზე ემიგრაციასთან დაკავშირებულ საავტორო წიგნში მოვყვები. ორი წელი ვიმუშავე, ქალბატონთან, ვისზეც დედასავით ვზრუნავდი და დღემდე ოჯახის წევრებივით ვართ.

-როგორც ვიცი, პროფესიით ჟურნალისტი და პიარის სპეციალისტი ხართ. წლები იყავით საგამომცემლო საქმეში, ასევე, სოფლის გამგებელად, რეგიონის პრესსამსახურად, კულტურის ცენტრში დირექტორის მრჩევლად. ამ ფონზე როგორია ასეთი სირთულის ფიზიკურ სამუშაოებთან გამკლავება?
-აქ დამსახურებული ექიმები, პროფესორები, მეცნიერები, ყოფილი პოლიტიკოსები და ა.შ. მუშაობენ ფიზიკურად, ძირითადად, მომვლელებად. უფლის წყალობით, ოჯახისადმი პასუხისმგებლობის მთავარმა ფაქტორმა შეგვაძლებინა, ალბათ. არის ეპიზოდები, როდესაც დროსა და სივრცეში იკარგები, ნაწილებად იფანტები, მაგრამ ისევ, თითქოს, ფერფლიდან აღდგები.


-გზა რესტორნის ბიზნესამდე?
-მომვლელად ვმუშაობდი, როდესაც ჩემი მომავალი მეუღლე გავიცანი. მაქსიმალურად ცდილობდა, საკუთარი თავი გაეცნო, ხშირად შევხვედროდით, მიამბო თავის საქმიანობაზეც, დამათვალიერებინა სარემონტო მასალების მაღაზია, რესტორანი – ამ ბიზნესებით იყო დაკავებული. მოგვიანებით გაირკვა, რომ ორივე ბიზნესში კრიზისი ჰქონია. მითხრა, რომ რესტორნის ბიზნესში ჩავრთულიყავი და ერთად დაგვეგეგმა კრიზისიდან გამოსვლის გზები. დეტალებით მოსაწყენი რომ არ გახდეს, ლაკონურად გეტყვით, რომ მომვლელის საქმიანობიდან მიღებული შემოსავლით გადავფარეთ მიმდინარე ფინანსური ვალდებულებები. მოვასწარით მაღაზიის პროდუქციის მნიშვნელოვანი ნაწილის რეალიზება, სადაც ქართველებიც ვასარგებლე – სარემონტო მასალები თვითღირებულებით და ზოგიერთ შემთხვევაში, უფრო ნაკლებ ფასადაც შევაძენინე, ბევრი რამ გავაჩუქეთ კიდეც.

-თვლით, რომ თვითღიებულებით პროდუქციის რეალიზება კრიზისიდან გამოსვლის გზაა?
-კარგი შეკითხვაა. იმ ეტაპზე სწორედ ასე იყო. ფართის იჯარა იყო ძალიან დიდი და გაყიდვები 24-26 პროცენტით ნაკლები. იმის გამო, რომ ბაზარზე ჩინური, დაბალი ხარისხის პროდუქცით ორი მსხვილი კომპანია შემოვიდა, მომხმარებელმა ხარისხი ვერ განასხვავა და იაფფასიანი პროდუქცია არჩია. ამ მოვლენმდე კი ,,Tile and Quality Beyond” უკონკურენტო იყო, სარემონტო მასალების მრავალფეროვნებითა და ხარისხით გამორჩეული.

-გადავიდეთ რესტორნის თემაზე
-რესტორანს რაც შეეხება, ასევე დახურვა იყო გადაწყვეტილი (ამ ბიზნესში მეუღლე პარტნიორთან ერთად იყო). გულწრფელად გითხრათ, 90-იანი წლების ვაგზლის სასადილოს უფრო ჰგავდა, ვიდრე რესტორანს. სამთვიანი მუხლჩაუხრელი ფიზიკური, თუ ინტელექტუალური შრომის მერე, მე და ჩემმა მეუღლემ დავდეთ ის შედეგი, რასაც ახლა ხედავთ.

-რითი გამოირჩევა თქვენი რესტორანი?
-მაღალი ხარისხისა და გემრიელი საკვებით, კარგი მომსახურებითა და მომხმარებლის ინტერესებს მაქსიმალურად მორგებით. დღეს ჩვენი მომხმარებლების ძირითადი ნაწილი სლავები არიან, მაგრამ მომავალში, ქართველების სალონური შეკრებებისათვის ცალკეული დღეები უნდა გამოვყოთ. ხელოვანების ხელშეწყობის მიზნით ხელნაკეთი ნივთებისა, თუ ნახატების გამოფენა-გაყიდვა, პოეზიისა, თუ პროზის, მუსიკალური და სხვა სახის საღამოებს ვგეგმავ. საქართველოში რესტორნის ბიზნესით დაკავებულისათვის ეს ყველაფერი უცნაურად ჟღერს, ალბათ, მაგრამ ქართველებს აქ დიდი არჩევანი არ გვაქვს. ბევრს ვმუშაობთ, თვეში ორი დასვენების დღე გვაქვს და ექიმთან ვიზიტიც მაშინ უნდა მოვასწროთ და განტვირთვა.

-რას ურჩევდით სხვა ემიგრანტებს?
-რჩევა არა, უფრო თხოვნა მაქვს: გთხოვთ, დამეხმარეთ, რომ ქართველები ერთ გუნდად შევიკრათ, ერთმანეთი გავაძლიეროთ და დავამსხვრიოთ გავრცელებული ფრაზა ,,ქართველს არ გაეკარო”, რასაც ყველა ახლჩამოსულს ,,კარგი რჩევის” სახით აგებებენ. შეკრების ადგილად ჩვენი რესტორანი გამოვიყენოთ.

Leave a Reply