პლატფორმა 2025-ის განცხადება
პლატფორმა 2025 პარტნიორ ემიგრანტულ გაერთიანებებთან ერთად იწყებს კამპანიას, რომლის მიზანია დასავლეთის ქვეყნების მთავრობების მიერ საქართველოს მხარდამჭერი კოალიციის შექმნა.
კოალიციის ამოცანა უნდა გახდეს საქართველოში დემოკრატიის გადარჩენისა და ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კურსის პოლიტიკური მხარდაჭერის გაზრდა და „ქართული ოცნების“ რეპრესიული რეჟიმის წინააღმდეგ მიზანმიმართული და ეფექტური სასანქციო პოლიტიკის შემუშავება. მსოფლიო პრაქტიკაში არსებობს პარტნიორების მიერ შექმნილი კოალიციების არაერთი მაგალითი.
დღეს წარმატებით მოქმედებს ე.წ. უკრაინის მხარდაჭერის მსურველთა კოალიცია, რომელიც უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებასა და ჰუმანიტარულ დახმარებაზეა ორიენტირებული. სამწუხაროდ, ქართველი ხალხის ინტერესები ამჟამად არცერთ საერთაშორისო პლატფორმაზე არ არის სრულყოფილად წარმოდგენილი, რის გამოც საქართველოს საკითხი თანდათან იკარგება მსოფლიო პოლიტიკის დღის წესრიგიდან. სწორედ ამიტომ, იმ ქვეყნებს, რომლებიც ტრადიციულად უჭერენ მხარს საქართველოს სახელმწიფოებრიობას და ახლაც სოლიდარობას უცხადებენ ქართველთა სამართლიან ბრძოლას რეპრესიული რუსული რეჟიმის წინააღმდეგ, ვუხდით გულწრფელ მადლობას და ვთხოვთ, გამოიჩინონ კიდევ უფრო მეტი აქტიურობა, გააერთიანონ ძალისხმევა, შექმნან საქართველოს მხარდამჭერი კოალიცია და იმოქმედონ ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე.
ქართული ემიგრანტების გაერთიანებების მიერ უკვე ინიცირებული სამოქმედო პლატფორმა „მოძრაობა მზია“, რომელიც მიზნად ისახავს საერთაშორისო მხარდაჭერის გაძლიერებას და მიზანმიმართული სასანქციო პოლიტიკის ფორმირებას, აქტიურად მუშაობს სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებთან. ემიგრანტულმა გაერთიანებებმა დასავლეთის ქვეყნებს უკვე მივაწოდეთ სასანქციო წინადადებების პაკეტი, რომელსაც „მზიას სია“ ვუწოდეთ და რომელიც მოიცავს რეჟიმის დაახლოებით 300-მდე მსახურის მონაცემებსა და საქმიანობის აღწერას. გარდა ოფიციალური მიმართვებისა, ჩვენ ვმუშაობთ და ვიმუშავებთ პარტნიორ ქვეყნებში პოლიტიკოსებთან, მედიასა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან. პარალელურად კი ჩვენ დავიწყებთ აქტიურ მუშაობას, რათა საქართველოს მხარდამჭერი კოალიციის ფორმირება შესაძლებელი გახდეს.
ჩვენ მოვუწოდებთ ქართულ ექსპერტულ და აკადემიურ წრეებს, პოლიტიკოსებსა და აქტიურ მოქალაქეებს, ვიმოქმედოთ ერთობლივად, კოორდინირებულად და მიზანმიმართულად. გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული რესურსები და ვიზრუნოთ ჩვენი პარტნიორების ძალისხმევის გაერთიანებაზე. პლატფორმა 2025, როგორც ქართველი ემიგრანტების გაერთიანება, გულწრფელ მადლობას უხდის საქართველოში მიმდინარე პროტესტში ჩართულ მამაც მოქალაქეებს. მათი და რეჟიმის ტყვეების თავდადება ჩვენთვის შთაგონების მთავარ წყაროს წარმოადგენს და არ გვაძლევს უფლებას ვიყოთ პასიურები.
გვჯერა, რომ რეჟიმის ყველა ტყვე ძალიან მალე იქნება თავისუფალი.
ჩვენ გვჯერა, რომ საქართველო და ქართველი ხალხი გაიმარჯვებს!
ჩვენ გვჯერა, რადგან „ქართული ოცნების“ რეპრესიული რეჟიმის გააფთრებული მცდელობა ჩაახშოს ხალხის ხმა ერთდროულად უხეში და კარიკატურულია. ეს კი, კიდევ უფრო ამყარებს რწმენას, რომ ჩვენი გაერთიანებული და მიზანმიმართული მოქმედებები შედეგს მალე მოიტანს. თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!
გამარჯვება საქართველოს!
