მართა მუმლაძე

სსიპ სოფელ პატარა მეჯვრისხევის საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლე; პედაგოგი – მზია ელიაური;

ჩემი მთის სული…

   თავდაპირველად მინდა გაცნობოთ, რომ ვცხოვრობ მეჯვრისხევში… სადაა მეჯვრისხევი? შიდა ქართლში, გორის რაიონში; ულამაზესი სოფელი მაქვს; სამი მხრიდან მთებითაა შემოზღუდული,მთებზე კი უმეტესად გაშლილი ტყეებია…

ყოველ სისხამ დილას, როდესაც აღმოსავლეთით მზე ვარდისფერს მოჰფენს მთებს და მოშრიალე ტყეს, მზის სხივების ათინათები „დახტიან“ მოშრიალე ტყეებიდან ბუჩქებზე, მწვანე ველებზე, ააფერადებენ სოფლის გზა-შარას,სახლებს,ბაღებს და… კიდევ უფრო ლამაზდება ჩემი ისედაც ლამაზი სოფელი…

ამ სილამაზის შემხედვარეს ხშირად მიოცნებია – „შევხვედროდი“ მთის სულს, „გავსაუბრებოდი“ …  ბევრი ფიქრის შემდეგ კი მივხვდი,რომ მთა პირველ რიგში დუმილს გვასწავლის; განა იმიტომ უნდა ვდუმდეთ,რომ ან სათქმელი არ გვაქვს,ან … არა, იმიტომ, რომ მთა თვითონ ისე დუმს,რომ ეს დუმილი სავსეა ქარით, ნისლით, ფრინველების საამური ჭიკჭიკითა და… დროის ნელი ტრიალით…

მთა ჩემი სულის სარკეა,ის არასოდეს მეფერება ტყუილად; როცა მთაზე ავდივარ, კარგად  ვიცი,რომ ბოლომდე „ამომხდის“ სულს: დამღლის, ქაქანით მატარებს თავის კალთებზე, ოფლად დამღვრის, მაგრამ სანაცვლოდ მაჩუქებს ულამაზეს ხედს, რომელიც ღირს ჩემ დაქანცვად…

ჩემი მთა მხოლოდ ამაღლებული ადგილი არაა,რომელის ქვა-ლოდებისაგან შედგება, მას აქვს სული, რომელიც ბინადრობს მთის კალთებზე გაშლილ ტყეებში, მწვანე ხავსით დაფარულ ლოდებში, თვითონ – მწვანე ხავსში, ზამთრობით კი თოვლის თეთრ საბანში… ჩემი მთის სული „საუბრობს“ იმ ჩემი წინაპრების ენაზე, რომლებმაც ზედმიწევნით კარგად იცოდნენ ქართული კულტურა, ტრადიციები, რომლებმაც შემოგვინახეს და სიყვარულით გადმოგვცეს ეს ულამაზესი ქვეყანა!. მათ ისიც კარგად იცოდნენ, რომ სიმართლე ზეცასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ველზე…

ჩემი სოფლის მთის წვერებიდან ხშირად უბერავს ქარი… ეს ატმოსფერული წნევის ცვლა არ გეგონოთ, ეს ჩემი მთის სული სუნთქავს, ეს სუნთქვს ზოგჯერ ნაზი ჩურჩულია, რომელიც ბალახს ისე ნაზად ეხება,თითქოს მისი გაღვიძების ეშინია,; ზოგჯერ კი გააფთრებული ღრიალებს! ეს ღრიალი გაიძულებს კლდეს აეკრა და დარწმუნდე, რომ ცოცხალი ხარ…

ჩემი მთის სული მარტო არასდროს მტოვებს, თუმცა მთხოვს, რომ მე თვითონ ვიყო ჩემი მარტოობა; აი, მაშინ კი, როცა მთლიანად ვიძირები შიგნით, გახსნის გულს და „მიმჟღავნებს“ თავის საიდუმლოებებს: – „ადამიანო, ჩემო პატარა გოგონა,იყავი ისეთივე მყარი, როგორიც მე ვარ, ისეთივე სუფთა, როგორც ჩემი მთის წიაღიდან წამოსული წყალი და ისეთივე თავისუფალი, როგორც ჩემი ქარი…“

მთაში დრო ჩვეულებრივად საათობითა და წუთობით კი არა,არამედ სხვაგვარად იზომება, მთის კალთებზე დაფენილი ტყის ჩრდილების სიგრძით, მზის ამოსვლისა და ჩასვლის ფერებით;

როდესაც მთას ქვემოდან ვუყურებ, თითქოს მიბიძგებს მაღლა ასვლისკენ; როდესაც მასზე ვდგევარ და ქვემოთ ვიყურები, რაღაცნაირად მამშვიდებს, რადგან ის უზარმაზარი სივრცე, რომელიც ჩემს ქვემოთ, ჩემს თვალწინ იშლება არ არის ქაოსი, ეს არის სრული ჰარმონია ბუნებისა, რომელიც ზევიდან ზღაპრულ ფერებში ჩანს. მთა გვაძლევს იმის პერპექტივას,რომ საკუთარი პრობლემები პატარა, გაუგებარ ლაქებად დაინახო, ხოლო საზრუნავი კი ქარში გაბნეულ მტვერს ემსგავსება…

ჩემი მთის სული ამ დროს მეჩურჩულება: „გაიხედე შორს, რადგან რაც უფრო შორს იყურები, მით უფრო ნათელია შენი შინაგანი სამყარო“ – ჩემი მთის სულს უნდა კიდევ ბევრი რამ მითხრას, მაგრამ ჩუმდება, რაღაცნაირ ხასიათზე ვდგები…

მთიდან დაბრუნება ყოველთვის მიძნელდება… ძნელია, მაგრამ დანამდვილებით ვიცი, რომ მთიდან თან წამოვიღე მისი სიძლიერე, წყაროს სისუფთავე და ქარის თავისუფლება. აი, ესაა ყველაფერი ის, რაც განაგრძობს ჩემში ცხოვრებას, ის ჩემთანაა ყოველთვის, ესაა ჩემი მთის სული…

 

Leave a Reply