თამარ გვერდწითელი

ჩემი ,,პატარა უფლისწული“
,, ამ წიგნს მივუძღვნი ბავშვს, რომელიც
სრულასაკოვან ადამიანად იქცა, ყველა
დიდი ხომ ბავშვი იყო ოდესღაც“ (თუმცა
ისეც ხდება, რომ ყველა ,,დიდი“ შეიძლება
მთელი ცხოვრება ბავშვად დარჩეს)…
ანტუან დე სენტ ეგზიუპერი
შუადღის მყუდროებას მობილურ ტელეფონზე შემოსული შეტყობინებების ხმა არღვევს. – წკაპ! მალულად გადავხედე ჩაძინებულ მოხუცს და ფეხაკრეფით გავემართე მეზობელ ოთახში, საწერ მაგიდაზე დახვავებული წიგნებისა და რვეულების ,,ქაოსში“ ჩაკარგულ მობილურთან. წკაპ! წკაპ! – წუთში შემოსული ზარის მკვეთრი ხმა და სიხშირე მყისიერად მახვედრებს გამომგზავნის სურვილს – დროის მცირე მონაკვეთში, ერთბაშად ,,მაუწყოს“ ამბავი, რომელიც კაკაფონიად იჭრება იტალიური შუადღის ძილით გაჯერებულ ყოველდღიურობაში და სანამ საბოლოოდ ,,ხელთ ვიგდებ“ ინფორმაციის წყაროს ისევ – წკაპ! წკაპ! არ ჩერდება ტელეფონი. როგორც იქნა განათდა ეკრანი და – ლ უ კ ა ! ,,გამარჯობა მასწალებელო! როგორ ხარ მომენატრეთ მასწალებელო წერაც ვიცი, წერაც ვისწავლე უკვე რო მოგწეროთ ჩემო საყვარელო მასწ ქცალიათ მასწ რო გწეროთ ძაან მომენატრეთ“!(სტილი დაცულია). წუთით ყველაფერი გაჩერდა, დრომ სვლა შეაჩერა და არცთუ ისე შორეულ წარსულში უკითხავად დამაბრუნა, სიხარულისა და ბედნიერების განცდამ ტალღასავით დამიარა და შეგრძნებათა მთელი ჯაჭვი ერთად აამოძრავა, ყველა კუნთი გააცოცხლა, ყველა მოსაზრება თავდაყირა დააყენა და სინანულის ბურთი ისე აშკარად და მძლავრად გამეჭედა ყელში – მივხვდი პირველად მომინდა დაბრუნება იქ, სადაც ძალიან, ძალიან ვუყვარდი… მხოლოდ მაშინ აღვიქვი მთელი სიმძაფრით რომ – ,,ვალდებული ვიყავი მეზრუნა მასზე, ვინც შევიჩვიე“ და ეს იყო იმ წრფელი, გულუბრყვილო და ოცნებებზე შეყვარებული ბიჭის ,,ოდისეა“ ვინც იმ დღეების სითბო და სიყვარული ისე ,,დაუნაწევრებლად“, ისეთი ცინცხალი შეგრძნებებით გადმომცა, რომ შეუძლებელი იყო ჩემთვის მისი ამბავი ერთი ჩვეულებრივი სასკოლო ცხოვრების ბანალურ შემთხვევად დარჩენილიყო.
გონება კინოკადრივით ახვევს მოგონებადქცეულ დროს და შუადღის ცხელ და სამარისებურ სიჩუმეს მეხსიერებაში ჩემი სკოლაში გატარებული ფერადი, საინტერესო და ხმაურიანი კადრები ცვლის – ყოველდღიური მღელვარებითა და პატარ-პატარა გამარჯვებებით დასრულებული თუ დაღლილი მომდევნო დღის მოლოდინებით, სადაც ჩემი სასკოლო ცხოვრების პატარა გმირები – ბავშვები იყვნენ და თითოეული მათგანი სკოლისგარე ტრივიალური დღეებისაგან განსხვავებით მხოლოდ ჩემთვის განკუთვნილ ფერად მოზაიკას ქმნიდა, ისე რომ თავადაც არ უწყოდნენ რა როლს თამაშობდნენ იმ სპექტაკლში, ჩემი ყოველდღიურობა რომ ერქვა. სპექტაკლის მთავარი გმირები ბავშვები იყვნენ და თითოეული მათგანი ამ მოზაიკის ფერებს ქმნიდა, ფორმებს მრავალწახნაგად გარდაქმნიდა და ისე ღრმად იჭრებოდა ჩემს ყოველდღიურობაში რომ სულიერების, არსებობის, ინტერესების მთელად და ნაწილად იქცა…და ასე დაიწყო და გაგრძელდა ამბავი, რომელიც ახლა უნდა მოგიყვეთ და ჩემთვის დროის ეს მონაკვეთი მხოლოდ ამ პატარა და სიკეთის მატარებელი ბიჭის გამოჩენით იწყება, რომელიც დღეს სრულწლოვანია და მაინც პატარა უფლისწულივით უამრავი შეკითხვის, აღმოჩენის, დაკვირვების და გაოცების პროცესშია… მახსენდება ,,ჩემი გმირი“ – ზურგზე უზარმაზარი ჩანთამოკიდებული ბიჭი, ყოველ დილით სოფლის დაღმართს სახლიდან სკოლამდე ოჩოკოჩივით რომ ჩამოჰყვებოდა, სკოლის შესასვლელთან საყვარელ ,,მურიას“ ტოვებდა ან ,,ძალით“ სახლში, უკან აიძულებდა წასვლას. დერეფანში მომლოდინე მზერით ჩემს გამოჩენას ელოდა. საგანგებოდ მომზადებულ და გაზეპირებულ მისალმებას – ,,გამარჯობა მასწ, როგორ ხართ, ხომ კარგად! მეც! – ვერავინ ასწრებდა. შემდეგ სამასწავლებლოს კარსაც შეაღებდა, იქაც იტყოდა რიხიან ,,სალამს“ და კლასისკენ გაემართებოდა.
ჩვენი ურთიერთობის უპირატესობას სოფელსა და სკოლაში მისი ,,ცნობადობა“ უფრო განსაზღვრავდა, ვიდრე ჩემი – მისი ,, მასწავლებლობა“- და ასე გავხდი ლუკას მასწავლებელი, რომელმაც იმ დღეების რეალობა დღეს მოგონებებად ვაქციე და უკანმოუხედავად ( რამეთუ გადაწყვეტილების მიღება სათუო არ გამხდარიყო და ცრემლებიც არავის შეემჩნია) დავემშვიდობე ადგილს, ადამიანებს, სადაც რამდენიმე წლის წინ იმედიანად შევაბიჯე და წამოსვლისას მწვავედ, ათას მზერასა თუ ცნობიერებაში გამკრთალ აზრთა შუა , კითხვითა და გაოცებით მომზირალ სახეებს შორის ვხედავდი როგორ მიცქეროდა ჩემი ერთადერთი მოსწავლე და უთქმელად მსაყვედურობდა, მევედრებოდა და მთხოვდა ვყოფილიყავი მასთან, დავბრუნებულიყავი იქ…უკან, მაგრამ არსებობდა ბევრი ,,მაგრამ“ და ამ სიტყვის მაგიურმა ძალამ და მნიშვნელობამ მკვეთრად შეცვალა ჩემი ცხოვრებისეული პრიორიტეტები, მიმართულებები თუ ინტერესები და ასე აღმოვჩნდი შორს, ემიგრაციაში.
არ შემეძლო კითხვაზე პასუხი მტანჯველ მოლოდინად მექცია ადრესატისთვის, რადგანაც ვიცოდი მისი ემოციური ცვლილებების ,,სიხშირე“ და ვწერ რომ კარგად ვარ, გამეხარდა რომ ისევ ვახსოვარ და კარგი იქნებოდა, თავის სასკოლო ცხოვრებაზე თუ მომწერდა რამეს… ,, მასწალებელო მე გავიზარდე და მეცხრე კლასში ვარ უკვე. ძალიან გული მეტკინა რომ წახვედით მასწალებელო, ძალიან მიყვარდით მე ამის თქმა მინდოდა. ის წიგნიც შენახული მაქვს, რაც მაჩუქეთ ყველაფერი, მოკლედ არ მავიწყდებით და ცუდია რომ წახვედით, ძალიან მიყვარხართ ვიდრე ამის თქმა მინდოდა“ !
აქედან დაიწყო ლუკას გრძნობით სავსე მოკითხვები, ხმოვანი შეტყობინებები და არცთუ იშვიათად – სატელეფონო ზარები, რომლის სიხშირესაც მის მიერ მობილური ტელეფონის ფლობის ხანგრძლივობა და უფლებამოსილება განსაზღვრავდა.
ჩემი სასკოლო ცხოვრების გმირი, რომლის არც სახელია გამოგონილი და არც აღწერილი ისტორია – შელამაზებული ან შეცვლილი (შეტყობინებების სტილიც დაცულია), ბავშვობაში წაკითხულ ანტუან დე სენტ ეგზიუპერის ,,პატარა უფლისწული“- ს გმირს მაგონებდა, რომელიც ისეთივე შეუპოვრობით და დაჟინებით დაეძებდა პასუხს უამრავ კითხვაზე – უკვდავებაზე, სიყვარულსა თუ სიკეთეზე, ისევე ითხოვდა შეყვარებისა და ზრუნვის მუდმივობას, როგორც პატარა უფლისწული თითო კაცებით დასახლებულ პლანეტებზე მოგზაურობისას. ასეთი იყო ლუკა და მისი გამგები მხოლოდ ,,თითო კაცი“ შეიძლებოდა ყოფილიყო შრომითა და ყოველდღიურობით დაღლილი მთიანი ზონის ერთ პატარა სოფელში.
ასე დაიწყო ბავშვობიდან მეოცნებე და ცნობისმოყვარე ბიჭის ჩვენეული ,,ოდისეა“ მთის ფერდობზე შეფენილი სოფლის სკოლაში, მისთვის კი – მუცლდყოფნის პერიოდშივე განისაზღვრა დაბადებისშემდგომი მცირე და დიდი ,,ცხოვრებისეული ბატალიები“ თანდართული შესაძლებლობათა შეზღუდვის ფორმებით, რომლებიც არათუ ხელს უშლიდნენ ჩემი მოთხრობის მთავარ გმირს სამყაროს შეცნობის და ადამიანებთან დამოკიდებულების აღქმაში, პირიქით – სკოლასა და სოფელს შეზრდილი უფრო მეტად იღებდა და ,,იფერებდა“ გარშემომყოფთა ზრუნვასა და გულისხმიერებას.
დირექტორმა თავაზიანი ღიმილით მანიშნა კლასში გავყოლოდი, სადაც ჩემი მოსწავლე სწავლობდა. იმ სოფელში პირველად მომიწია ყოფნა და თავადაც გარკვეული მღელვარება მეტყობოდა. მრავალწლიანი სასკოლო გამოცდილების მიუხედავად, თავი იმ მოსწავლედ წარმოვიდგინე, სკოლა რომ შეიცვალა და ახალ მეგობრებს პირველად უნდა წარუდგინონ, მაგრამ ბავშვებისგან განსხვავებით უფროსებს ემოციების მართვა შეგვიძლია და მეც გადავაბიჯე თუ არა საკლასო ოთახის ზღურბლს ვიგრძენი, რომ ყველა მღელვარება უკვალოდ გაქრა, როცა რამდენიმე წყვილი თვალი ერთდროულად მომაჩერდა ცნობისმოყვარე და გამომცდელი მზერით, მათში უცებ ვიცანი ის ,,ერთი“ მომღიმარი, თბილი და ბავშვური … სანამ ჩემი წარდგენა ფინალს უახლოვდებოდა, მისალმებას დავაყოლე, რომ ვიცნობდი ლუკას… მოსწავლეებმა ჯერ მას შეხედეს, მერე დამრიგებელს და გაოცებული მზერა ჩემზე გადმოიტანეს. დამრიგებელი და დირექტორი გულგრილი გამომეტყველებით დამეთანხმნენ და მცირე ანოტაცია წარუმძღვარეს იმ სამუშაოს, რაც უნდა შემესრულებინა სკოლაში. ასე დაიწყო ჩემი და ლუკას სამწლიანი სამოღვაწეო პერიოდი სკოლის ფორმალურ და არაფორმალურ გარემოში. არ ვიცი – ლუკას უფრო გაუმართლა თუ მე, მაგრამ ფაქტია, რომ ორივემ ბევრი რამ ვისწავლეთ ერთმანეთის გაკვეთილებიდან.
თავს არ შევაწყენ მკითხველს და ორიოდე შტრიხით შევავსებ ლუკას ,,პორტრეტს“, რაც აუცილებლად დაგეხმარებათ, ერთი შეხედვით ამოიცნოთ ბიჭი, რომლის ერთადერთი სურვილი სამყაროს უკეთ შეცნობაა და თუ ათასი კითხვა ერთდროულად დაგისვათ და ყველაზე თავად გასცა პასუხი, არც ეს იქნება საოცრება, რადგან ლუკა პატარა უფლისწულია დედამიწაზე, ჩვენი პლანეტის უდაბნოში ყოველთვის წყაროს რომ დაეძებს. ,,იცი რატომაა უდაბნო ასეთი ლამაზი? – თქვა პატარა უფლისწულმა. იმიტომ, რომ სადღაც მის წიაღში წყარო იმალება“…
თანატოლებზე ერთი თავით დაბალია ლუკა ბიჭი და მოუხეშავი მოძრაობით უმალ გამოარჩევთ მათში. ხერხემალი მკვეთრად გამრუდებული აქვს და მოძრაობებიც უფრო მეტად კაცური და მძიმე. ყველაზე უფრო გულშიჩამწვდომი მისი დიდი და თაფლისფერი თვალებია, რომლებიც ისეთი ბავშვური სიწრფელით გიყურებენ, შეუძლებელია დაივიწყო. მისი მზერით გამთბარი შუქი დიდხანს, ძალიან დიდხანს გაგყვება თუ მხოლოდ თვალით არ ხედავ და გულით გრძნობ. თვალებს სქელი და ოდნავ დახრილი წარბები ამშვენებენ, მათ შუა პატარა და გვერდზე გადახრილი ცხვირის ძგიდე უტყუარი მტკიცებულებაა მისი ბავშვობისდროინდელი ტრავმებისა. ზედა ორი კბილი ამ კეთილი და დიდბუნებოვანი სახის დამატებაა. როცა იცინის – მხოლოდ ის ორი კბილი უჩანს და ხვდები, რომ დაუფარავი ინტერესით გისმენს და სჯერა შენი. დაბალ მხრებს ზურგზე მოკიდებული დიდი და უზარმაზარი ჩანთა ამძიმებს, სადაც ყველ საგნის სახელმძღვანელო ყოველ დღე ერთად იყრის თავს და სახლში ჯერ ვერ მოუფიქრებიათ ,,სადამსჯელო ღონისძიება“ რომელიც ლუკას ამ ჩვეულებას აღკვეთდა. მისი სიარულის მანერას ორი ზომით დიდი ფეხსაცმელი უფრო შესამჩნევს ხდის, ნაბიჯებიც უფრო მოზომილი და მძიმე აქვს. ფეხსაცმელზე მუდმივად გახსნილი და მოფრიალე თასმები სულ ფეხებში ედება ლუკას, მაგრამ ჩვენ ვსწავლობთ თოკზე კვანძების გაკეთებას და ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ იქამდე, ვიდრე ლუკა სკოლიდან სახლამდე გასავლელ გზაზე თასმებზე აწეპებულ ტალახს ძღვენივით აღარ მიიტანს სახლში.
ლუკას პატარა და ნაზი ხელისგულები აქვს, ისეთი თითის ბალიშები, რომ ვერც კი წარმოიდგენთ ამ ხელებით ერთნაირი გულმოდგინებით როგორ მიაქვს ცხენთან – ბალახი, ძროხებთან – თივა, ფრინველებთან – მარცვალი და ძაღლებთან ის ,,გემრიელობები“, რომლებსაც თავად მიირთმევს და აუცილებლად უწილადებს თავისი და მეზობლის ოთხფეხა მეგობრებს. მისი ასეთი გარჯის და გულუხვობის შედეგია მიღებული ტრავმები, ნაკბენები, ნაიარევი სხვადასხვა ადგილას, რაც მოსალოდნელი შედეგის განსაზღვრის არქონა და ყველა სულიერი არსების მიმართ მისი გადამეტებული სიყვარულია.
ლუკას ხშირად სჯიან სახლში სადილის, პირთან მიტანილი კოვზის, დანაკუწებული ფურცლების, დათხვრილი ტანსაცმლის, არასწორი ინფორმაციის გავრცელების ( რომელიც ლუკას წარმოსახვა უფროა და ცხოვრებისეულ ამბებში აქტიურად ჩარევის სურვილი), გაუთავებელი შეკითხვების და ზოგადად ყველაფრის გამო. ლუკას სხვა იშვიათ თვისებებთან ერთად ერთი უცნაურობაც აქვს – ტკივილებს მძაფრად ვერ შეიგრძნობს, მაგრამ ხელებზე და სულზე ყოველთვის რჩება წინა დღის ,,ბრძოლის“ კვალი. თურმე მისი ცრემლიც არავის უნახავს ( ასე ყვებიან თანაკლასელები). არც მე მინახავს ატირებული ლუკა, მაშინაც კი, როცა ერთ დღეს ეზოში მდგარ ხეზე მოქანავე სხეულში მამა ამოიცნო და სოფელმა მათ ეზოში მოიყარა თავი. სოფლის სიჩუმეს მომტირალი ქალების ქვითინი კვეთდა, სამძიმრის სათქმელად მოსული ხალხის ნაკადს ბოლო არ უჩანდა…და იდგა ლუკა მარტოდმარტო, ფერწასული, თვალჩამქრალი, უტყვი და დაბნეული. ხალხს კიბის თავში ეგებებოდა, მორჩილად და კაცურად, თავდახრილი და ბედსშეგუებულივით ართმევდა ხელს და ასე გამოხატავდა მწუხარების მთელ სიმძიმეს. ამაოდ ვეძებდი მის თვალებზე ცრემლს რომ შემეშრო და მენუგეშებინა, მაგრამ ბიჭს თვალები ჰქონდა უზომოდ სევდიანი, მშრალი, ღრმა და უცრემლო. იდგა პირგამეხებული, მხრებჩამოყრილი და ისე დაპატარავებულიყო, თანატოლებზე ორი თავით დაბალი მომეჩვენა. ალბათ ამიტომ არასოდეს საუბრობს წარსულზე, ამბებს გადმოსცემს ფრაგმენტულად და მოკლე ფრაზებით…თუმცა რა უნდა თქვას ან რა აქვს მოსაყოლი წარსულიდან?…
ლუკას დედა ქალაქში ცხოვრობს და როცა ლუკა ქალაქიდან ბრუნდება, სადაც ჰაერიც ეცოტავება და სივრცეც, ქალაქური პეწი მხოლოდ სოფლის გაჩერებამდე მიაქვს და იქვე ტოვებს, ხვნეშით და სიხარულით აუყვება სოფლის აღმართს და ერთი სული აქვს მეზობელ ღვთისოს ქალაქური ამბები მოუყვეს და ყოველ დილით სოფლის ნახირს სხვისი საქონელი დააწიოს, საყვარელ მურიას ჩაეხუტოს, ყოველდღე რომ აცილებს თავის პატრონს სახლიდან სკოლაში და უკან. ლუკას ბედნიერება მაშინ იწყება, როცა ჩანთამოკიდებული სოფელს და სკოლისკენ მიმავალ დაღმართს მთის კორტოხიდან ქვემოთ დაუყვება და ვერავინ ასწრებს სკოლაში მისვლას. ,,გამარჯობა-თ მასწალებელო“-თი შემოივლის ყველა სართულზე საკლასო ოთახებს, სამასწავლებლოს და ამის შემდეგ იღებს გეზს თავისი კლასისკენ. მერე იწყება გაკვეთილები და ლუკას მოგზაურობა სხვადასხვა პლანეტაზე თუ უდაბნოში, იმ უდაბნოში-სადაც წყარო იმალება, ცივი, გამჭვირვალე და ანკარა დაღლილი და მოწყურებული ძლივს რომ მიაგნებ, პეშვით შეისხავ სახეზე და წყაროს პირას შენს ამბებსაც მოყვები…როგორ გწყუროდა, როგორ ეძებდი და იპოვე როგორც ვარსკვლავი ბნელ ღამეში, მზის შუქი გაუვალ სიბნელეში. სკოლის კედლები, ადამიანები, ბავშვები უპირობო სიყვარულით სავსე სამყაროა, სადაც ის მთავარი გმირია და ყველა ნატვრა შეუძლია ჩაიფიქროს და აუხდეს. ჰოდა, აქ ოცნებობს ლუკა, აქ ბედავს სურვილები გაამხილოს, დასვას უამრავი კითხვა, იცელქოს, იბავშვოს ან იუფროსოს და არ დაისაჯოს. ასე გავხდი მეც ლუკას საოცარ სამყაროში მოგზაურობის მონაწილე და პერსონაჟი, რომელმაც იმ საოცარი დღეების თავგადასავალი მკითხველამდე მოვიტანე და ვეცადე თქვენც გაგეცნოთ ბიჭი, რომელსაც მიწაზე მყარად დგომაც ისევე უყვარდა როგორც შორს, ზევით უცხო პლანეტებზე მოგზაურობა როგორც პატარა უფლისწულს.
ლუკას ძალიან უყვარს ხატვა. ხატავს ოჯახის წევრებს, ყვავილებს, მანქანებს, ტრაქტორებს. ასახელებს ძირითად და ცოცხალ ფერებს, შესაბამისად აფერადებს ყვითელგულა გვირილებსა და წითელ ყაყაჩოებს, მის ნახატზე სახლებს წინ ყოველთვის მწვანე და ხასხასა ეზო აქვთ, დიდი ზომის ფანჯრები და ძალიან პატარა და მჭიდროდ დაგმანული კარები. ლუკას შეუძლია საგნების განლაგება ზომის მიხედვით, მაგრამ მის მიერ დახატულ ოჯახის წევრებს შორის ლუკა ბიჭი ყველაზე უკან ან ბოლოში დგას. ამ დროს ვჭირდები რომ ეს დასჯილი და მივიწყებული ბიჭი ნახატზე თუ რეალობაში წინ გადმოვსვათ ან ზედა კუთხეში მიხატული მზის ქვეშ მივასკუპოთ და მწვანე, ხასხასა მინდორზე დავსვათ. რა აქ მოსატანია ,,ხელით ხელზე“ გამოყენების ტექნიკა, მაგრამ ორნი ერთად უფრო დიდ, თბილ და უზარმაზარ მზეებს, მთვარეს, ვარსკვლავებს ვხატავთ დაფაზე, კედლებზე, ეზოში და ჩემი ხელი წრიული მოძრაობების გაკეთებაში ეხმარება ლუკას გაშლილ და მოუსვენარ თითებს…,,თუ შეიძლება დამიხატე ბატკანი“-ეუბნება პატარა უფლისწული მფრინავს.
…მერე რა, რომ ლუკას არ შეუძლია აბსტრაქტული აზროვნება – შეუძლია განასხვავოს კარგი, ცუდი, კეთილი, ბოროტი. გააჩნია სამყაროსა და ადამიანების მიმართ თავისი დამოკიდებულება, შთაბეჭდილებები და მისი ახლოს გაცნობის შემდეგ იფიქრებ, რომ ქვეყნის ყველა სიკეთეს საკუთარი საზომით ზომავს და ყველა კითხვაზე პასუხიც თავისებური აქვს – ,,პატარა უფლისწული კითხვებს კითხვებზე მაყრიდა, ჩემს კითხვებზე კი სიტყვას ბანზე მიგდებდა“. მერე რა, თუ არც მიდრეკილებების განსაზღვრა შეუძლია, კარგად იცის, რომ გაიზრდება ჯარისკაცი ან პოლიციელი გახდება და შეყვარებულიც ეყოლება. ,,ოდესღაც უხსოვარ დროში, ცხოვრობდა ერთი პატარა უფლისწული, იგი ცხოვრობდა ერთ პატარა პლანეტაზე და ძალიან უნდოდა მეგობარი ჰყოლოდა.“
ლუკას უზომო სევდა და სიხარული დააქვს, მხოლოდ შემჩნევა უნდა შეგეძლოს მისი. როცა დუმს და თვალი ერთ წერტილზე აქვს მიჩერებული-დარდობს, როცა ხმაურობს-ბედნიერია. ჩვენი ყველა გაკვეთილი დაუსრულებელი საუბარია კითხვებით და პასუხებით სიკეთეზე, მეგობრობასა და ბედნიერებაზე. როცა მოუსვენრად წრიალებს და ადგილს ვერ პოულობს, ჩემი ხელი მსუბუქად ეშვება მის მხარზე ან ზურგზე, ლუკა დამუხტულივით ჩერდება და მზერაც უფრო მშვიდი და თბილი უხდება.
მას შემდეგ გარკვეულმა დრომ გაიარა, გაიზარდა ლუკა ბიჭი და ბევრი რამ შეიცვალა მის სასკოლო და სკოლისგარეთა ცხოვრებაშიც. შეიცვალა მასწავლებელი, სწავლების სტილი, ასაკი, მაგრამ არ შეცვლილა იმ ბიჭის დამოკიდებულება გარშემომყოფთა მიმართ, რომელსაც სამყაროს შეცნობაში მფრინავი ( პილოტი) მასწავლებლები ეხმარებიან და ასწავლიან, რომ სხვა პლანეტებისგან განსხვავებით ჩვენი პლანეტა უზარმაზარი სიკეთის სახლია, სადაც დიდებს უფლება აქვთ ისევ ბავშვებად დარჩნენ, რომ სიკეთე, თანაგრძნობა და სიყვარული ყველაზე ლამაზი სიტყვებია და არავინ იღლება აქ მზეების, ყვავილებისა და ადამიანების ხატვით.
ყველა სევდას შორის არსებობს მასწავლებლის სევდაც და ის ისეთივე მძიმეა და განუკურნელი როგორც სხვა სევდები, ისეთივე მოუშორებელი და ყველგანმდევი, როგორც არასასურველი ფიქრი რაიმე უსახურზე და მტკივნეულზე და მე ვწუხვარ, რომ დაუმთავრებელი გაკვეთილის, პასუხგაუცემელი კითხვების და შუა გზაზე ერთად სიარულის დროს მივატოვე ჩემი პატარა უფლისწული და ვერასოდეს ვერ გაიგებს რად ტოვებენ ადამიანები ერთმანეთს როცა უკვე ეჩვევიან. ვერ გაიგებს რა შორს ვარ, რადგან მისი ვიზუალური აღქმა თვალის ფოკუსში ვერ დაიტევს მანძილს, დროს და სივრცეს, რადგან ლუკას სჯერა და სწამს ის, რასაც ხედავს ან გრძნობს, რაც ესმის ან ეხება. ვერ დავადებ მხარზე ხელს, როცა დაიღლება, ვერ გავუთბობ მზერას, როცა შეშინდება, რამეთუ მისთვის საჭიროა მუდმივად სითბოს მიწოდება და მტკიცე და ერთგული ხელი მხარზე… ვერც ,,ხელით ხელზე“ მოკიდების ტექნიკას გამოვიყენებ მზეების დასახატად, იმ პატარა ბიჭს ნახატზე წინა პლანზე ვეღარ გადმოვიყვან სახლის მიმალული კუნჭულებიდან, ვერც სკოლის ეზოში გავყვები დიდი და უზარმაზარი გვირილების დასახატად, ვერც ყურში ჩავჩურჩულებ ძალიან საჭირო და მხოლოდ მისთვის განკუთვნილ მაგიურ სიტყვებს, და როცა ყვავილებს მომართმევენ, ჩემთვის მორთმეულ არცერთ თაიგულს არ ექნება ლუკას ეზოში მდგარი იასამნის სურნელი და ფერი, რომელიც ადრეულ გაზაფხულზე ყოველთვის ზურგს უკან დამალული მოჰქონდა ჩემთვის. ყველაფერი სასიკეთოდ შეიცვლება აქ, ლუკას ,,დედამიწაზე“, თუ იმ ბავშვური სილაღის, სიკეთის შენახვას და მოფრთხილებას, რაც მის გულშია, ყველა შეძლებს, ვინაიდან ,,თუ თვალი ბრმაა, ადამიანი გულით უნდა ხედავდეს“ მასწავლებელი მით უფრო…
მახსენდება ჩემი წამოსვლის დღეს როგორ იჯდა ლუკა სკოლის წინ ფერდობზე და ჩამავალ მზეს გასცქეროდა… ,,ერთ დღეს ორმოცდასამჯერ ვუცქირე მზის ჩასვლას … როცა ადამიანს უმძიმს, მზის ჩასვლის ცქერა უყვარს“ – ,,მაშ იმ დღეს, როცა ორმოცდასამჯერ უცქირე მზის ჩასვლას, ძალიან გიმძიმდა? პატარა უფლისწულმა ხმა არ გამცა“…
