ლიზი შვანგირაძე

მთის სული

     როდესაც პირველმა ადამიანმა საქართველოში ფეხი დადგა მაღლიდან, მთებმა გადმოხედეს, ადამიანმა კი მისკენ დაიწყო სვლა. ამ დროიდან მოყოლებული, ქართველმა ხალხმა მთის წიაღში დაიწყო განვითარება. აქ ჩამოყალიბდა მაღალმთიანი დასახლებები, სადაც ქართული სული ყველაზე კარგად შეიგრძნობა. რა არის მთაზე უკეთესი, რა არის იქ ყოფნაზე მეტი ბედნიერება, თუმცა რატომღაც ჟამთა ცვალებადობას, მთის ხალხის ბარში ჩამოსახლება მოჰყვა. ახლა იქ მაღლა, სადაც ოდესღაც სიცოცხლე ჩქეფდა, გავერანებული სახლებისა და ორიოდე მოხუცის გარდა არავინ დაგხვდება. კარში, სადაც  დედა საქართველოს ღირსეულ შვილებს უზრდიდა, საღამოს კი ყოველი სახლის სარკმლიდან შუქი კიაფობდა, ახლა სუსხიანი ქარი ქრის და მხოლოდ მთვარის შუქით თუ ნათდება. ამის შემხედვარე ადამიანს ცრემლი მოადგება თვალზე. ღმერთმა არ ქნას რომ ქართველმა ხალხმა მთა მივატოვოთ და იქაურობა ველური მხეცების სათარეშოდღა დავტოვოთ,ვაი იმ დღეს,როცა შენს მიწაზე ადამიანი არ დარჩება ქართველთა სულის ცეცხლით ნაჭედო მთებო. თუ, ოდესმე მაინც გადმოგიხედავს მთიდან, დაგინახავს როგორ მოსჩქეფს მდინარე , აგიხედავს მაღლა ცაში და გინახავს არწივის ფრენა, სწორედ იმ დროს იქნებოდი ღმერთთან ყველაზე ახლოს.ცად აწვდენილ მთაზე რომ იცხოვრებ და წმინდა ცაზე ვარსკვლავების ცქერაში დაგეძინება, შეუძლებელია შენც მასავით სპეტაკი სული არ გქონდეს. ერთხელ მაინც რომ ახვიდე მთაზე, მუდამ მის მონატრებაში იქნები.

მთამ მოიყვანა საქართველო აქამდე და მთის დავიწყება მიიყვანს მას დასასრულამდე. ვერ მიპოვია მიზეზი, თუ რატომ მიეცა დავიწყებას, რატომ მიატოვა ქართველმა  ხალხმა მთა, თუმცა შეიძლება ამის მიზეზი ის იყოს, რომ ქართველი ხალხი კარგავს მის ძალას, კარგავს უსისხლოდ და დაუძალებლად, თავისი ნებით.  მთებია ქართველის სული. რა გამოარჩევს ქართველს სხვა ხალხიდან? მისი ძალა, სიმტკიცე და გონიერება, თითოეული ეს თვისება მთებიდან იღებს სათავეს, ქართველის სულს მთა ასაზრდოებს საციცოცხლოდ საჭირო საზრდოთი. როდესაც ხალხი საბოლოოდ დაივიწყებს მთას მაშინ დავკარგავთ ჩვენს იდენტობასაც. ქართველობას არ გვართმევს არავინ და არაფერი, ქართველობას ჩვენვე ვკარგავთ, მთების და მაშასადამე საკუთარი ისტორიის უგულველყოფით. მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ისტორიის დავიწყება უშლის ხელს ჩვენს განვითარებას, რომელიც შეზრდილია იმ დიდრონ მთებთან რომლებიც ზევიდან დაგვცქერიან და გვეკითხებიან ,, რად მიღალატე, როდესაც ყველანაირი გასაჭირის დროს გვერდით გედექი?’’. ყველაფერს რომ თავი ვანებოთ, ჩვენი პოლიფონიური სიმღერა მთებიდან იღებს სათავეს.

ქართველმა ხალხმა მთებს გასძახეს მათი მრავალხმიანი სიმღერით, რადგან იქ ისე არ შეიძლებოდა რომ არ გემღერა, მერედა როგორ გემღერა? ისე,რომ ქართველთა ,,მრავალჟამიერის’’  გაგონებაზე მტერს შიშით მხარი ეცვალა, ქართველს ხალხს მთებმა ,მის მსგავსად, მტკიცე ცეკვა ასავლა, რომლითაც ასე ვვამაყობთ.  რაც არ უნდა ბევრი ვისაუბრო, ვერსად წაუხვალ იმ ფაქტს, რომ ქართველი ხალხის ყველა მისაბაძი თვისება მაღლა კლდეებზეა ამოკვეთილი. ტრაგედიაა, რომ ქართველმა ხალხმა ზურგი აქცია იმ მთებს, რომლებმაც სისხლის ფასად მოიყვანა და უკვდავების წყაროს წყალი ასვა ქართულ სულს. მთების მიბაძვით გახდა ქართველი ერი შეუდეკელი ძალის მქონე და სიტყვით გამოუთქმელი ტანჯვის გადამტანი. სანამდე ქართველი ახალგაზრდები განაგრძობენ, ჩვენი წინაპრების მსგავსად, ფერდობებზე არწივებთან შეჯიბრებას, იქამდე ვიდგებით მყარად იბერთა ხალხი.

Leave a Reply