ქალი პოლიტიკოსების მიმართვა სახალხო დამცველს 👇
პატიმრობაში მყოფი ანასტასია ზინოვკინა და ნანა სანდერი ქალთა #5 პენიტენციური დაწესებულების მხრიდან გულგრილ, არაჰუმანურ და ღირსების შემლახველი მოპყრობის თაობაზე საუბრობენ. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ პერიოდულად ცნობილი ხდება საზოგადოებისთვის სხვადასხვა საკომუნიკაციო არხებით. მათი ადვოკატების და უფლებადამცველების მხრიდან არაერთი მცდელობის მიუხედავად, ქალი პატიმრები, ამ წუთამდე, ვერ იღებენ სათანადო სამედიცინო მომსახურებას.
აქვე, საყურადღებოა, რომ ანასტასია ზინოვკინას შეუცვალეს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტიპი და მოათავსეს დახურული ტიპის დაწესებულებაში, რითაც შეუზღუდეს სატელეფონო ზარების და პაემნების რაოდენობა. ჩვენთვის სრულებით გაუგებარია ანასტასია ზინოვკინას პირობების გაუარესების საფუძველი, რაც დამატებით კითხვებს და ეჭვებს ბადებს.
შერჩევით, არაადამიანურ და ღირსების შემლახველ დამოკიდებულებაზე საუბრობს ნანა სანდერიც, რომელიც ასევე საჭიროებს სამედიცინო დახმარებას და აცხადებს, რომ მის ჩივილებს და საჭიროებებს სათანადო ყუარდღება არ ექცევა.
აქედან გამომდინარე, მივმართავთ სახალხო დამცველს ბატონ ლევან იოსელიანს, დაუყოვნებლივ, პირადად მოინახულოს ანასტასია ზინოვკინა და ნანა სანდერი და უშუალოდ პატიმრებთან გასაუბრების შემდეგ აცნობოს საზოგადოებას ინფორმაცია პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და მათ მიმართ სავარაუდო არაჰუმანური მოპყრობის ფაქტებზე მოახდინოს რეაგირება. გამოიყენოს ყველა მის ხელთ არსებული ბერკეტი, რათა დაუყოვნებლივ მოხდეს პატიმარი ქალებისთვის შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევა.
ხაზს ვუსვამთ, რომ პირადად სახალხო დამცველისგან, უკიდურეს შემთხვევაში კი მისი მოადგილეების – თამარ გვარამაძის, ელენე ღუდუშაურის და ირინე ჩიხლაძის – მხრიდან ველით მოახდინონ აღნიშნული გარემოებების მონიტორინგი, არსებული ვითარების საზოგადოებისთვის გაცნობა და საზოგადოების ინფორმირება, თუ რა ქმედითი ნაბიჯების გადადგმას აპირებს სახალხო დამცველის აპარატი.

Leave a Reply

You missed