მიხეილ ჯიბუტი
არა ესკალაციას!
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაერთიანების იდეა არ გამომდინარეობს მთავრობის მიერ დამტკიცებული უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციიდან.
გაერთიანების იდეა არა მარტო კონცეფციაში არ იყო, არამედ მისი გამოცხადების დღისათვის (20.01.2026) საქართველოს კანონმდებლობა არ იცნობდა ასეთ ნორმას.
ამიტომ მის განსახოციელებლად 3 თებერვალს (2026) დაჩქარებულად იქნა მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები.
საკანონმდებლო ცვლილებებმა ვერ გახადა გაერთიანების იდეა ვერც დასაბუთებული და ვერც მისაღები.
ხელისუფლებამ, რომელსაც ევალებოდა (რაც არ გაუკეთებია!) დასაბუთებულად, დოკუმენტურად, კანონმდებლობით დადგენილი წესით საზოგადოებისათვის წარედგინა „გაერთიანების“ აუცილებლობა (თავისი სიტუაციური ანალიზით, დროში გაწერილი მისაღწევი მიზნების, მოსალოდნელი რისკების, საბიუჯეტო ხარჯებისა და ა.შ.) , მსჯელობა გადაიყვანა პრიმიტიულ დონეზე, თითქოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროფილური სპეციალობებისა და საგნების წილი საერთო მოცულობაში უმნიშვნელოა და საერთოდ, გადასარჩენია ტექნიკურ-ტექნოლოგიური და საინჟინრო მიმართულებები.
თუ ეს მთავარი არგუმენტია, მაშინ უნდა ითქვას, რომ სიტუაცია უარესადაა – ხელისუფლება ისე იღებს გადაწყვეტილებებს, რომ ვერ ფლობს რეალურ სიტუაციას!
თურმე,
-სტუ-ში 174 აკრედიტებული პროგრამაა, აქედან 119 ერთმნიშვნელოვნად პროფილური, ხოლო 55 სოციალურ – ჰუმანიტარული, რომელთა დიდი ნაწილი თავის მხრივ ინტერ – და მულტიდისციპლინალურ კავშირშია საინჟინრო მიმართულებებთან;
-სტუ-ში 16 პროფილური კვლევითი ინსტიტუტია;
-სტუ-ში მიმდინარეობს პროფესიული სწავლება 27 მიმართულებით;
– სტუ-ში 12 ფაკულტეტიდან 7 ტექნიკური, ხოლო 5 -ჰუმანიტარული მიმართულებისაა ( მ.კაციტაძე . https://www.interpressnews.ge/…/861235-mamuka-kacitaze-dges…).
გინდათ სიმართლე გაიგოს ხალხმა?
მაშინ , აი სადისკუსიო თემა: ერთ მხარეს ხელისუფლების და მეორე მხარეს, სტუ-ს წარმომადგენლები!
დისკუსიისათვის კარგი იქნება იმ შედეგების განხილვაც, რაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ზოოვეტერინალური და სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტების გაერთიანებასა და სხვა მსგავს გადაწყვეტილებებს მოჰყვვა.
თუმცა, ახლა მთავარია ესკალაციის შეჩერება, განათლების რეფორმის გადაყვანა შედეგის- კადრების მომზადების ხარისხისა და მისთვის სახელმწიფო ხარჯების ეფექტიანობის ამაღლების რელსებზე, რისთვისაც მხარეები უნდა დაუბრუნდნენ მსჯელობასა და მოქმედებას საელმწიფო უნივერსიტეტებში პარალელური და არაპროფილური მიმართულებების გადალაგება-შერწყმის, ფინანსების გამოყენების ოპტიმიზაციის შესახებ.

Leave a Reply

You missed