მე მოგიყვაბი ჩემს აფხაზეთზე….

 

რობერტ მესხი

ბროწეული

 ყველაზე მეტად ბროწეული ჰგავს მზეს – ზაფხულში ბორჯღალივით ყვავილებს გაშლის, ოქროსფერ სხივებს გაისვრის, უყურებ და თბები… შემოდგომაზე მოგიზგიზე ნაღვერდლით გაივსება, ცეცხლისფრად დაიფერება და ღუის. სოხუმში იყო ერთი ასეთი ბროწეული, ოჯახის წევრი და მეგობარი. უკანა სარკმელთან იდგა რომეოსავით, იდგა და მღეროდა. მხოლოდ მე კი არა, ქვეყანას ესმოდა მისი ნამღერი, ოთხივე სეზონზე… სხვათა აყოლიებაც იცოდა ამ ბროწეულმა, შემოისხამდა მხრებზე ჟივჟივა ბეღურებსა და შაშვებს და დასცხებდნენ „მართვესავით“ ან სულაც „რუსთავივით“… გრამფირფიტებს ხომ არ ბაძავენ-მეთქი, ვფიქრობდი… მაგრამ არა _ ესენი ღამითაც მღეროდნენ… ალიონზე კიდევ, მიუხედავად ამინდისა, ერთი მზის ნაცვლად უამრავი მზე მოასკდებოდა ფანჯარას… სოხუმის ხავერდოვან წვიმაში უფრო მეტად ლაპლაპებდნენ პირდაბანილი მზეები, უფრო მეტად მძიმდებოდნენ და გიახლოვდებოდნენ, რათა მოსაწყვეტად გაგეშვირა ხელი… და თუ მაინც ვერ წვდებოდი, ასწლიანი სკამი მიგეჩოჩებინა სარკმელთან…

…მაგრამ მოწყვეტით მხოლოდ ომმა შეძლო მათი მოწყვეტა, რადგან სწორედ რკინის ხელი უნდოდა მოციალე მზეების ჩამოკრეფას _ ასე ერთბაშად და უხეშად, ასე უხეშად და დაუნდობლად… და შემოცვივდნენ ორბიტას აცდენილი მზეები ოთახში, შემოცვივდნენ და შეეხეთქნენ ფანჯრის მოპირდაპირე კედელს და შეიღება კედლები მზისფრად და დაგორდნენ იატაკზე დასერილი მზეები და დასდინდათ დახეთქილი კანიდან სისხლი…

დედა იჯდა ასწლოვან სკამზე, აქანდაზით ხელში, ჩამოფშვნილ მინებს შორის მიმოფანტულ, დახოცილ ბროწეულებს დაჰყურებდა, მე ვიდექი უხმოდ, გაუნძრევლად, რათა არაფრით დამერღვია ცოტა ხნით ჩამოვარდნილი სიჩუმე… და ჭურვის გასკდომის ხმაზე მეტად გამცრა ხმამ, რომელიც ძირს დაგდებულმა აქანდაზმა გამოსცა…

ოქტომბერი იყო გრძელი, უსასრულოდ გრძელი და დახუნძლული _ გზით, ზღვით, გემებით, ვერტმფრენებით, სიზმარ-ცხადით, ალაგ-ალაგ ჩანთებული ცეცხლით, ალაგ-ალაგ აჩენილი იმედით… ბროწეულიღა ვერ გასცდა ჭიშკარს… მზეები არასოდეს მიდიან მარტივად, მზეები იწვიან და ინავლებიან… მანამდე კი საკუთარ წყლულებთან ერთად წამლობენ მიტოვებული სახლების წყლულებს, ნატყვიარი კედლების წყლულებს, ცარიელი ქუჩების წყლულებს… ღია კარებში იხედებიან მზეები, შუბის ტარიდან ცდილობენ მაღალ სართულებზე გადაძრომას… სახურავებზე ადიან მზეები _ იქიდან ხომ ბევრად კარგად ჩანს ლოდინის ამარა დარჩენილი ქალაქი!..

Leave a Reply